"მიფიქრია, რომ საკმარისად კარგი შვილი არ ვარ, საკმარისად კარგი მომღერალი ვერ ვარ" - ლიზა ყენია პირადულ კითხვებს პასუხობს

"მიფიქრია, რომ საკმარისად კარგი შვილი არ ვარ, საკმარისად კარგი მომღერალი ვერ ვარ" - ლიზა ყენია პირადულ კითხვებს პასუხობს
რა შემთხვევაში უწევს ადამიანების "დაიგნორება" ლიზა ყენიას
სახელი გვარი: ლიზა ყენია.
ასაკი: 23 წლის.
განათლება: დაამთავრა ტურიზმისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტი.
ამჟამინდელი საქმიანობა: სიმღერა. ასევე, უძღვება ორ ბიზნესს - ტანსაცმლის საკუთარ ბრენდს და კოსმეტიკისა და სახის მოვლის საშუალებების ერთ-ერთ კომპანიას.
ჰობი: ხატვა.
ცხოვრების დევიზი: "არასოდეს თქვა "არასოდეს" და "არაფერია შეუძლებელი".


- ლიზა, როგორ ფიქრობ, წარმატების მიღწევაში ხასიათის რომელი თვისებები დაგეხმარა?
- ალბათ - ის თვისება, რომ არასოდეს სხვისი არ შემშურებია და ყოველთვის ძალიან მშრომელი ადამიანი
ვიყავი. იმავდროულად, ისეთი თვისებებიც მქონია, რომელთა დამუშავებას და აღმოფხვრასაც დღეს ვცდილობ, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. მიმაჩნია, რომ ეს თვისება - როცა სხვისი არ გშურს, არ ბრაზობ - ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება. შრომისმოყვარეობას რაც შეეხება, საქმეში საკუთარ თავს ბოლომდე "ვდებ"... მოკლედ, მთავარია, ძალიან მშრომელი იყო და არასოდეს არავისი შეგშურდეს.
- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი, ქალს ფორმაში ყოფნისთვის დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება?
- მართლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ გოგომ თავს კარგად მოუარო, ლამაზი იყო, ყველაფერი წესრიგში გქონდეს... საბედნიეროდ, პირადად მე, თავს მინიმალურად ვუვლი. კი, ფრჩხილს ყოველთვის "ვიკეთებ" და თმას ვივარცხნი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ გამიმართლა: არის სალონები, რომლებსაც რეკლამას ვუკეთებ და შეიძლება, მაგალითად, ფრჩხილი უფასოდ "გავიკეთო", მაგრამ არის რაღაცები, რაშიც უკვე თანხის გადახდა მიწევს. მარტივი ამბავი არ არის. ამიტომ მამაკაცებს მოვუწოდებ - ქალებისგან ბევრს ნუ მოითხოვენ, რადგან ისედაც ყველა ძალიან "იწეწება" (იცინის).
- როგორ ფიქრობ, ხალხს შენ შესახებ როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად როგორი ხარ?
- არ არსებობს, რომ დღის განმავლობაში ამ საკითხს "ხაზი არ გავუსვა" ან ვინც პირველად შემხვდება, არ მითხრას, რომ შორიდან რადიკალურად სხვანაირი ანუ ცივი ვჩანვარ. უთქვამთ კიდეც - სანამ გაგიცნობდი, "სწერვა" მეგონეო (იცინის). ასეთ შთაბეჭდილებს ვტოვებ. ზოგს ქედმაღალი, ამპარტავანი ვგონივარ და ა.შ. მგონი, ეს რატომ ხდება, იცი? გარეთ ყოველთვის ძალიან სერიოზული სახით დავდივარ, უცხო ადამიანების გარემოცვაშიც თავშეკავებული ვარ. უბრალოდ, ასეთი ხასიათი მაქვს, მაგრამ მერე, ჩემთან კონტაქტში რომ შემოხვალ, შეიძლება საერთოდ ვერც წარმოიდგინო, რომ აქამდე არც მიცნობდი ან ისეთი ვიყავი, როგორიც გეგონე (იცინის). რადიკალურად სხვანაირი ტიპის ადამიანი ვარ: კონტაქტური, "იუმორისტული" - სულ ვხუმრობ. ვცდილობ, ხალისიანი ვიყო, შორიდან კი ყველას პირიქით ჰგონია...
- როგორ ფიქრობ, მომღერალი უკეთესი ხარ თუ ბიზნესლედი?
- ვფიქრობ, სცენაზე უკეთესი ვარ, ვიდრე ბიზნესლედის ამპლუაში, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ის უნარ-ჩვევები მაქვს, რაც ბიზნესს ძალიან სჭირდება. შეიძლება ბიზნესი ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, მაგრამ სცენაზე ბედნიერი ვარ, თავს კარგად ვგრძნობ. არ მიმაჩნია, რომ მხოლოდ და მხოლოდ კარგი მომღერალი ვარ, - უბრალოდ, არტისტი ვარ, რომელიც ბედნიერია, როცა სცენაზეა (სიმღერით ვიქნები დაკავებული თუ მხოლოდ ცეკვით ან თეატრში თუ კინოში კონკრეტული როლის შესრულებით, მნიშვნელობა არა აქვს), მაგრამ დედაჩემი რომ მეუბნებოდა - უნივერსიტეტში მაინც მიდი ხოლმე, რადგან არ იცი, სად გამოგადგებაო, მივხვდი, რომ მართლაც ასეა (იღიმის)...
- ოდესმე საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნია?
- კი. შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად ჩემი შესაძლებლობები ვერ დამინახავს და რეალურად, მეტი შემძლებია. გადაჭარბებული წარმოდგენა არასოდეს მქონია, პირიქით... როცა ვშრომობ და შედეგს "ვდებ", მერე ვხვდები ჩემს რეალურ რესურსს, შესაძლებლობებს... შესაბამისად, ჩემს რესურსთან დაკავშირებით ახლა უფრო სწორი წარმოდგენები მაქვს, ვიდრე წინათ მქონდა.
- ბოლოს შენიშვნა ვისგან და რის გამო მიიღე?
- შენიშვნა არ მიყვარს, ვაღიარებ. ჰოროსკოპის მიხედვით, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული. ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიხვდება, რას ვგულისხმობ (იცინის)... მირჩევნია, შენიშვნა სხვა ფორმით მაჩვენონ, ვიდრე მითხრან. ბავშვობიდან შენიშვნა იმდენად არ მიყვარს, რომ ვცდილობდი, არ მიმეღო, რაც უფრო დისციპლინირებულს მხდიდა... შენიშვნას "იმისგან მივიღებ, ვინც გამზარდა", - დედაჩემისგან, რა თქმა უნდა, სხვა არავისგან (იცინის). ალბათ, ბოლო შენიშვნაც მისგან მივიღე, ნამღერთან დაკავშირებით...
- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?
- გარკვეულ საქმეებში, საკითხებში, ვითარებაში შეიძლება მეგრძნო, რომ უვარგისი ვარ, მაგალითად - მიფიქრია, რომ ალბათ საკმარისად კარგი შვილი არ ვარ, საკმარისად კარგი მომღერალი ვერ ვარ-მეთქი, თუმცა უსარგებლო ადამიანად არასოდეს მიგრძნია თავი. მგონია, რომ ერთადერთი, რითიც შემიძლია ხმამაღლა ვიამაყო, ის არის, რომ კარგი მეგობარი ვარ. სანამ მეგობრები მეყოლება, უსარგებლო ვერასოდეს ვიქნები, რადგან მეგობრებს და ჩემ გვერდით მყოფ ადამიანს ყოველთვის გამოვადგები.
- როდესაც არასასურველი ადამიანი გეფლირტავება, როგორ იქცევი?
- ეგ ისეთი თემაა, რომელშიც ძალიან "ვიჭრები". იმას ვგულისხმობ, რომ როცა ადამიანი მეფლირტავება, კომპლიმენტს მეუბნება, ჩემ მიმართ სიმპათიას გამოხატავს, ვცდილობ, შეძლებისდაგვარად გულთბილად ვუპასუხო ან მადლობა გადავუხადო, მაგრამ, რაც სამწუხაროდ, არ გამომდის, ეს ადამიანების სრული იგნორია. სრული იგნორი არ მიყვარს - რაღაცნაირად, მერე თავს ცუდად ვგრძნობ... თუ არ მსიამოვნებს, ვცდილობ, ადამიანს სიტუაცია მოკლედ ავუხსნა, ვითარებაში გავარკვიო - მადლობას ვუხდი, მაგრამ მერე აღარ ვპასუხობ. მაინც მიწევს, "დავაიგნორო" ადამიანები, რომლებიც მეფლირტავებიან, თავად კი ფლირტის სურვილი არ მაქვს, თუმცა ლამაზად დამშვიდობებას ვცდილობ.
- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?
- ალბათ, პირველ რიგში, მინდა, რომ კარგ მეგობრად დავრჩე: თითოეულ ნაბიჯს ისე ვდგამდე, რომ ადამიანები ხვდებოდნენ - შეუძლიათ, ჩემი იმედი ჰქონდეთ...

ჟურნალი "გზა"
ეთო ყორღანაშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93