რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მორიგ სკანდალში გაეხვა - მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში სამეფო ტიტულზე უარის თქმის რეალურ მიზეზებსა და სასახლის აქამდე დამალულ ამბებზე ისაუბრეს. ინტერვიუს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბუკინგემის სასახლე რასიზმშიც კი დაადანაშაულეს.
ამ ქაოსის ფონზე, ბრიტანული ტაბლოიდები კვლავ პრინცესა დაიანაზე ალაპარაკდნენ და მივიწყებული, თუმცა აქამდე გაურკვეველი სკანდალი ხელმეორედ დაატრიალეს. შეიძლება ბევრმა კვლავ არ იცოდეს, ვინ არის ჯეიმზ ჰიუიტი, რადგან სკანდალი მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყო და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.
ჰიუიტი ბრიტანელი ოფიცერია, რომელიც წლები პრინცესა დაიანას შეყვარებული იყო, პრინცესას გათხოვების შემდეგ კი მათი ურთიერთობა, როგორც წერდნენ, მეგობრობაში გადაიზარდა. ჰიუიტი სამხედრო ოჯახში დაიბადა, მამა ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის ოფიცერი ჰყავდა. 20 წლის ასაკში ისიც მამის პროფესიას შეუერთდა და გვარდიაში გაწევრიანდა.
1986 წელს ჯეიმზი პირველად შეხვდა დაიანას, საზოგადოებაში კი ერთი უბრალო ოფიცერი შესამჩნევი და თვალშისაცემი გახდა. ჰიუიტმა პრინცესა ჰაზელ უესტის მიერ გამართულ წვეულებაზე გაიცნო. ჯეიმზი მაშინვე მოიხიბლა დაიანათი და პრინცესას ცხენებზე საჯირითოდ ინსტრუქტორის როლი გაუწია. დაიანას საოცრად ეშინოდა ცხენების და არც ჯირითის გაეგებოდა რამე.
ჯეიმზი მალე პრინცესას ინსტრუქტორი გახდა, მათი ურთიერთობა კი რომანში გადაიზარდა. ჰიუიტმა დაიანასა და ჩარლზის ამბავი იცოდა, ისინი დანიშნულები იყვნენ, თუმცა რომანი მაინც გრძელდებოდა და როგორც ამბობდნენ, ისინი ერთმანეთს რამდენიმე წელი ჯეიმზის დედის აგარაკზე ხვდებოდნენ.
სასიყვარულო თავგადასავალს არც დაიანა და არც ჯეიმზი არ აღიარებდნენ. 1980 წელს ჰიუიტი სამსახურებრივი მოვალობის შესასრულებლად საზღვარგარეთ წავიდა. ჯეიმზმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მოგზაურობა გადაედო, თუმცა ვერაფერი შეცვალა და წასვლა მოუწია. 1990 წლისთვის მათი ურთიერთობა დასრულდა, პრესა მათზე აღარაფერს წერდა და არც სადმე ჩანდნენ დაიანა და ოფიცერი ერთად. 1992 წელს დაიანა და ჩარლზი ერთმანეთს დაშორდნენ.
1994 წელს ჯეიმზი სკანდალში გაეხვა. ოფიცერი ანა პასტერნაკთან თანამშრომლობდა. ის წიგნს წერდა დაიანაზე, წიგნში "შეყვარებული პრინცესა", ანამ ჯეიმზისა და დაიანას ურთიერთობაზე ისაუბრა, წიგნი კი ელვის სისწრაფით გაიყიდა.
პრინცესა დაიანას უეცარი ტრაგიკული სიკვდილი თავზარდამცემი იყო ყველასთვის, მათ შორის, ჯეიმზისთვისაც. ჰიუიტმა დაიანას გარდაცვალების შემდეგ წიგნი დაწერა, თანამდებობიდან გადადგა, ოფიცერის ტიტულს დაემშვიდობა, გოლფის კლუბი გახსნა და 2017 წელს გულის შეტევით საავადმყოფოშიც კი მოხვდა. პრესა წერდა, რომ ჰიუიტი დაიანას გარდაცვალებას წლები განიცდიდა და მისი სიყვარული პრინცესას მიმართ დაუსრულებელი იყო.
ამ დროის განმავლობაში პრინცი ჰარიც წამოიზარდა და ბრიტანული ტაბლოიდები საოცარ ამბავზე ალაპარაკდნენ. როგორც წერდნენ, შესაძლებელია ჯეიმზი პრინც ჰარის მამა იყოს.
ამ ჭორს ჟურნალისტები ბევრი ფაქტით ამართლებდნენ. დაიანა ქერა იყო, ჩარლზს მუქი ყავისფერი თმა აქვს, პრინცი კი ჟღალი თმით დაიბადა, რაც ქერასა და მუქი ყავისფერის ფონზე საეჭვოა. პრინცის სიცილი ძალიან ჰგავს ჯეიმზის სიცილს, მათი მიმიკები და სიარულიც კი ერთნაირია.
ჰიუიტმა ეს ფაქტი უარყო, რადგან თითქოს თარიღები ამ ყველაფერს მარტივად აბათილებდა. პრინცი ჰარი 1984 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. მაშინ უილიამი 18 თვის იყო და დაიანას იმ დროს ჯეიმზთან ერთიერთობა არ ჰქონია.
აღნიშნული ჭორი ბრიტანულ პრესაში კვლავ ტრიალებს, თუმცა ამ ამბავს სამეფო ოჯახი აღარ ეხმიანება. ფაქტი ერთია, რომ ჰიუიტმა, ერთმა ჩვეულებრივმა ოფიცერმა დაიანასთან რომანითა და ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბრით სახელი ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთაც გაითქვა და სამეფო ოჯახში კიდევ ერთი საიდუმლო გაუხსნელი დატოვა.
წყარო: www.townandcountrymag.com