ინტერნეტი ჩვენი დროის საუკეთესო საგანმანათლებლო პლატფორმაა. სოციალური ქსელის მილიონობით მომხმაარებელი იქცა ადვოკატად, რომელსაც გამოაქვს განაჩენი ცნობილი ადამიანების ქონებრივი დავების შესახებ, ნაწილი კი აქტიურად განიხილავს და აკრიტიკებს ახალგაზრდა მუსიკოსებსა თუ მხატვრებს. როგორც აღმოჩნდა, ამ ექსპერტებმა ბრიტნი სპირსის შესახებაც ბევრი იციან.
როგორც ცნობილი გახდა, ლოს-ანჯელესის ოლქის უზენაესი სასამართლო ბრიტნი სპირსის მეურვეობის შესახებ სხდომას 23 ივნისს გამართავს და პოპ-ვარსკვლავი სასამართლოს წინაშე ამჯერად თავად ისაუბრებს.
2019 წლის გაზაფხულიდან ბრიტნი სპირსი ფოტოებსა და ვიდეობს TikTok-ზე უცნაური წარწერებით აქვეყნებდა. მის თაყვანისმცემლებსა და გამომწერებს კი მალევე გაუჩნდათ ეჭვი, რომ მომღერლის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არ იყო: „თუ დახმარება გჭირდება, შემდეგ ვიდეოში ჩაიცვი ყვითელი ტანსაცმელი“ - უწერდნენ ბრიტნის გამომწერები. კომენტარის ავტორის საპასუხოდ თუ უბრალოდ გასართობად, მომღერალი შემდეგ ვიდეოში მართლაც ყვითელი ფერის მაისურში გამოჩნდა. ამის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მას მართლაც ჰქონდა პრობლემები და ზეწოლას განიცდიდა მამის მხრიდან. ვარსკვლავის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში კამპანია #FreeBritney (#თავისუფლებაბრიტნის) გამოჩნდა.
არამხოლოდ ბრიტნი სპირსის გულშემატკივრები, არამედ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა პოპ-ვარკსვლავისა და მისი მამის, ჯეიმი სპირსის სასამართლო პროცესის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ბრიტნი მამის მეურვეობის ქვეშ იყო და ახლა, 39 წლის ასაკში, ის საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის. ამ საქმეში ორი მხარე გამოიკვეთა, პირველი - ბრიტნის მხარდამჭერები და მეორე- ბრიტნის მოწინააღმდეგეები. ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები აქვს, მაგალითად, მომღერლის მომხრეები ამბობენ, რომ სწორედ ჯეიმი სპირსის ბრალია ის, რომ ბრიტნი 2008 წელს კლინიკაში მოხვდა და მას ფსიქიატრის დახმარება დასჭირდა. მამამ მომღერალი განზრახ წარმოაჩინა არასტაბილური და არამდგრადი ფსიქიკის მქონე ადამიანად.
სკანდალური აღმოჩნდა ბრიტნი სპირსის შესახებ გადაღებული მეორე ფილმიც სახელწოდებით „ბრძოლა ბრიტნისთვის“, რომელიც ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა, თუმცა უკვე გახდა განსჯის საგანი. როგორც ამ ფილმზე მომუშავე ერთ-ერთი ჟურნალისტი, მობინ აზხარი ამბობს, ფილმში ჯეიმი სპირსი ბრიტნის დაავადების, დემენციის შესახებ საუბრობს, თუმცა დადასტურბული არ არის, რომ მომღერალს ეს დაავადება მართლაც აქვს. კამპანია #FreeBritney-ის აქტივისტი, მეგან რედვარდი ამტკიცებს, რომ ჯეიმის მიერ გაკეთებული განცხადება თაღლითობაა და ბრიტნის ჯანმრთელობის ამგვარი პრობლემა არასდროს ჰქონია.
კრიტიკოსები და ექსპერტები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ბრიტნი სპირსი 2000-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული და პერსპექტიული პოპ-ვარკსვლავი იყო. მას „მეორე მადონად“ მოიხსენიებდნენ და უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდა და ბრიტნი ახლა მხოლოდ ძველ სიმღერებსა და ვიდეოებს აქვეყნებს. 23 ივნისს ბრიტნი სპირსი სასამართლოს წინაშე წარსდგება და თავად ისაუბრებს, რა გახდა ამის მიზეზი. გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ის შეძლებს, იპოვოს თავისუფლება და დაიბრუნოს ძველი დიდება.