მსოფლიოში პოპულარული 19 წლის ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში სოციალურ ქსელში ახალი იმიჯითა და ფოტოებით გამოჩნდა. მთელი ინტერნეტსივრცე უნიჭიერესი მომღერლის გარდასახვაზე ალაპარაკდა. ბილი აილიშმა ჟურნალ "ვოგის" გარეკანი დაამშვენა და ვინტაჟური სტილის სამოსი მოირგო.
მომღერალი თავისუფალი სტილის მოყვარულია. მას უმეტესად "ოვერსაიზ" მუქი ფერის სამოსი მოსწონს, თუმცა, როგორც ჩანს, ბილიმ ახალი ვიზუალი მშვენივრად მოიხდინა და არც ამ სტილზე თქვა უარი.
აილიშს ფოტოებში ვინტაჟური სტილის ქალის თეთრეული აცვია. "ვოგის" აქცენტი ღია კრემისფერსა და ყავისფერზეა გაკეთებული. ფოტოები თამამი, თუმცა საოცრად დახვეწილი და გემოვნებიანია.
ბილის სოციალურ ქსელში 83.4 მილიონი გამომწერი ჰყავს, მისმა ახალმა ფოტოებმა კი რამდენიმე საათში რეკორდი მოხსნა და "ინსტაგრამზე" ყველაზე პოპულარული ფოტოების სიაშიც მოხვდა.
"ვოგის" ფოტოსესიის თამამ და ცეცხლოვან ფოტოებს 10-15 მილიონი მოწონება და ათიათასობით კომენტარი აქვს.
ბილის გარდასახვას მისი ფანები არ ელოდნენ და გოგონას ახალმა იმიჯმა დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე სურათში 19 წლის მომღერალს alexandermcqueen-ის თეთრეული აცვია, რამდენიმე მათგანი კი gucci-ს შექმნილია.