51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 48 წლის ბენ აფლეკი პაპარაცებმა ერთად დააფიქსირეს. როგორც ცნობილია, ლოპესი და აფლეკი 2004 წელს დაშორდნენ, თუმცა ინარჩუნებდნენ მეგობრულ ურთიერთობას. გავრცელებული ფოტოები კი, სადაც ჩანს, რომ ისინი ხელჩაკიდებულნი გადაადგილდებიან, საზოგადოებაში ეჭვებს აჩენს.
ბენ აფლეკი ცნობილი „იელოუსტოუნის კლუბის“ წევრია და ჯენიფერთან ერთად ის ექსკლუზიურ აპარტამენტში დაბინავდა, რომელსაც საკუთარი შეფ-მზარეული ჰყავს. მონატანა ცნობილია, როგორც ყველაზე რომანტიკული ადგილი წყვილებისთვის. მას ხშირად სტუმრობენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან ბილ გეიტსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჟიზელ ბუნდჰენი და სხვ. უცხოური მედია იუწყება იმასაც, რომ ლოპესი და აფლეკი მონატანაში გამართულ წვეულებაზე ერთად იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილია, ჯენიფერ ლოპესი ალექს როდრიგესს ხვდებოდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დაშორებიდან ძალიან მალე კი ჯენიფერმა ბენ აფლეკთან 2004 წელს გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინა. გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს თებერვლის დასაწყისიდან რეგულარულად სწერდა. ფილმის გადაღებაზე დომინიკის რესპუბლიკაში მყოფი აფლეკი კი ყოფილ ცოლს სასიყვარულო შეტყობინებებსაც უგზავნიდა.
ამ ამბავს გამოეხმაურა ოსკაროსანი მსახიობი, ბენ აფლეკის საუკეთესო მეგობარი, მეთ დეიმონი, რომელმაც აღიარა, რომ ძალიან გაუხარდება, თუკი „ბენნიფერი“ დაბრუნდება - „ორივე მიყვარს და, იმედია, ეს ამბავი სიმართლეა. გასაოცარი სიახლეა“ - თქვა დეიმონმა.
რაც შეეხება ჯენიფერ ლოპესის ყოფილ საქმროს, ალექს როდრიგესს, ის ამ ამბის გავრცელების შემდეგ მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა კამერებთან, თუმცა წყვილის შესაძლო შერიგების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. როგორც ჯენიფერ ლოპესის წარმომადგენელი ამბობს, როდრიგესი უბრალოდ შოკირებულია ამ ამბით, რადგან მას სჯეროდა, რომ შეძლებდა მომღერალთან ურთიერთობის გამოსწორებასა და შერიგებას.
ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, აქვთ თუ არა რომანი ცნობილ მომღერალ ჯენიფერ ლოპესსა და ოსკაროსან მსახიობ ბენ აფლეკს, ამ დრომდე არ გავრცელებულა.