"როცა პირადად გამიცნობენ, ძალიან ხშირად მეუბნებიან: - აი, ხომ ვიცოდით, რომ ლამაზი ხარ, თურმე, როგორი ჭკვიანიც ყოფილხარო"
"არ არსებობს შეზღუდვა, რის გამოც შეიძლება, რაღაც ვერ გააკეთო, რაც გიხდება, სიამოვნებას განიჭებს და მით უმეტეს - გამოგდის", - გვითხრა მომღერალმა თათა გიორგობიანმა, რომელსაც სტერეოტიპების შესახებ ვესაუბრეთ. 2 თვეა, რაც თათა ჰიპჰოპის შესწავლითაა დაკავებული. საუბარიც ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპების შესახებ დავიწყეთ...
- ჰიპჰოპის შემსწავლელ სტუდიაში შევედი - ვცეკვავ, რადგან ძალიან მიყვარს. უფროსი ასაკის (28, 29 და 30 წლის) 3 გოგო ვართ, დანარჩენები - პატარები არიან. ის სტერეოტიპი დავამსხვრიე, თითქოს 28 წლის ასაკში რაღაც ახალს ვერ დაიწყებ ადამიანი (იცინის). ჰიპჰოპის სტუდიაში დროებით ვარ, რადგან დატვირთული რეჟიმი მაქვს. ჩემთვის ცეკვა უბრალოდ განტვირთვაა. ცეკვის შემდეგ ენერგიით ვივსები. სულ მინდა, სტუდიაში ვიყო, მაგრამ ვერ ვახერხებ - ხშირად ვაცდენ და მასწავლებელს ვაბრაზებ (იცინის), მაგრამ რა ვქნა?
- პედაგოგი, სხვა მოსწავლეები თავდაპირველად როგორ შეგხვდნენ?
- დამამშვიდეს - არა უშავს, ძალიან კარგად გამოგდისო. ვიცინოდით, ამ ფაქტზე ვხალისობდით. "დიდების" ჯგუფში ვართ - მოსწავლეების ასაკი 17 წლიდან იწყება. ჩვენთან ერთად, 17-18 წლის გოგონები ცეკვავენ. სხვათა შორის, მეუბნებიან, - 28 წლისას არ ჰგავხარო. ასაკი გოგონებსაც არ ეტყობათ. შესაბამისად, ერთმანეთის წლოვანება გვიან გავარკვიეთ. მერე ერთმანეთზე ვხალისობდით (იცინის), მაგრამ ცეკვის და საერთოდ, ხელოვნების სიყვარული ისეთია, რომ ასაკი არა აქვს. თუ რაღაც გიხდება და კარგად გამოგდის, ნებისმიერ ასაკში უნდა აკეთებდე.
- ჰიპჰოპის შესწავლა წინათაც გინდოდა და სურვილი ახლა აიხდინე თუ?..
- ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზეც, ფორტეპიანოზეც... მერე დრო სწავლას დავუთმე: აბიტურიენტობის პერიოდიდან ასეთ წრეებთან კონტაქტი აღარ მქონია. სურვილი ახლა ავიხდინე. სახლში ან კლუბებში, მეგობრებთან ერთად მაინც ვცეკვავდი ხოლმე.
- ასაკთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს თუ აწყდები?
- ხშირად მეუბნებიან, - უკვე იმ ასაკში ხარ, ბავშვი უნდა გააჩინოო. ეს უფრო მეგობრული რჩევაა. ამ ადამიანების მესმის და მადლობელი ვარ, რომ განიცდიან, ფიქრობენ ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ რომ ვეუბნები, - ჯერჯერობით მაინც სწავლაზე, კარიერაზე ორიენტირებული ვარ-მეთქი, ცოტათი უკვირთ. ვფიქრობ, ცუდი არაფერია, რომ საკუთარი მომავალი კარგად დაგეგმო და თუნდაც რაღაცა გვიან, მაგრამ წინასწარ განსაზღვრულად, დამშვიდებულმა გააკეთო. ჩემი აზრით, ასე უკეთესია.
- შენთვის ყველაზე გამაღიზიანებელი სტერეოტიპი რომელია?
- ალბათ ყველა სტერეოტიპი გამაღიზიანებელია, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალურია - ეს ყველა საზოგადოებაში არსებობს, უბრალოდ მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად არ უნდა მივიღოთ. მგონია, სტერეოტიპებიც და ცრურწმენებიც ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. უბრალოდ, საკუთარი თავი სხვის ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ. ამ შემთხვევაში, უკვე გაგვიმარტივდება, რომ მოვლენებს სხვა კუთხიდან შევხედოთ და მივხვდებით, ყველაფერი რაღაც ჩარჩოებში არ ზის - გამონაკლისის არსებობაც შეიძლება, რომელიც ასევე, საზოგადოების ნაწილია. ადამიანებს ქცევის საკუთარი ნორმები გვაქვს, რის შესახებაც ვფიქრობთ, რომ სწორია და განვაზოგადებთ ხოლმე, - ყველა ასე უნდა იქცეოდესო, მაგრამ ჩვენ ხომ ინდივიდები, სხვადასხვანაირები ვართ, არა? რაღაცნაირად უნდა მოვინდომოთ, ცხოვრების ისეთი გზა მოვნახოთ, რომ ყველა ადამიანმა ერთ სოციუმში მშვიდობიანად, ლამაზად და ხალისით ისე ვიარსებოთ, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. ცოტათი რთულია წარმოიდგინო, სხვას რა გზა აქვს გავლილი, რატომ არის ასეთი... ალბათ სხვის გამოცდილებას ბოლომდე ვერავინ გაიგებს და ვერ ახსნის, ასეთი რატომ არის, მაგრამ განსხვავებულის მიმართ ტოლერანტულები უნდა ვიყოთ. აბსოლუტურად ყველას შეუძლია, რაღაც მოსწონდეს, რაღაცა - არა, მაგრამ ერთმანეთის უფლებებში არ უნდა შევიჭრათ, ანუ ჩვენი უფლებები იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება.