„მათ არ უნდათ, რომ შვილები მყავდეს, უფრო მეტი შვილი“ - თქვა ბრიტნი სპირსმა სასამართლო განხილვაზე. ლოს-ანჯელესის სასამართლოსა და მოსამართლე ბრენდა პენის წინაშე 39 წლის მომღერალი ნახევარი საათის განმავლობაში საუბრობდა. ბრიტნიმ აღიარა, რომ მამამისის, ჯეიმი სპირსის 13-წლიანი „ტერორის“ გამო მან დაქორწინება და შვილის გაჩენა ვეღარ შეძლო.
„მსურს ეს პროცესები წინ წავიდეს და შევძლო, რეალური შედეგი დავინახო. მე სპეციალური სპირალი მაქვს ჩადგმული, რათა არ დავორსულდე. ეს კი ჩემი ნება არ ყოფილა. მათ არ სურთ, რომ მე მეტი შვილი გავაჩინო“ - თქვა მომღერალმა. მან მანამდეც არაერთხელ ისაუბრა მამის მეურვეობის ქვეშ გატარებულ წლებზე. როგორც გაირკვა, ჯეიმი სპირსი აქტიურად იყო ჩართული ბრიტნის საქმიანობისა და ფინანსების წარმართვაში. მომღერლის მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელში კამპანია #FreeBritney წამოიწყეს.
„ეს ყველაფერი ყოველთვის უფრო მეტ ზიანს მაყენებდა, ვიდრე სარგებელი მოჰქონდა. მე ვიმსახურებ ცხოვრებას! მთელი ეს დრო თავდაუზოგავად ვმუშაობდი და ახლა ვიმსახურებ შესვენებას“ - თქვა მან სასამართლოს წინაშე. აღსანიშნავია, რომ ბრიტნი სპირსი ყოფილ მეუღლეს, კევინ ფედერლაინს, 2007 წელს დაშორდა და წყვილს ორი საერთო შვილი, ჯეიდენი და პრესტონი ჰყავს. 2016 წლიდან კი ის სემ ასგარს ხვდებოდა. ასგარი ბრიტნის მხარს ღიად უჭერდა და „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნა ფოტო, სადაც თეთრი მაისური წარწერით #FreeBritney ეცვა.
სასამართლოს წინაშე ვირტუალურად მომღერლის მამაც წარდგა, რომელიც პროცესს ბრიტნის დედასთან ერთად ჩაერთო. „ვწუხვარ, რომ ჩემი ქალიშვილი ასე განიცდის. მე მიყვარს ჩემი შვილი და ძალიან მენატრება ის“, - ეს სიტყვები ჯეიმის სპირსის ნაცვლად მისმა ადვოკატმა ვივიან ლი თორინმა წარმოთქვა.