2016 წლიდან ბრიტნი სპირსი ახალგაზრდა ფიტნესინსტრუქტორს, სემ ასგარის ხვდება. მათი ურთიერთობა დღემდე გრძელდება და სემი ბრიტნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.
როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ბრიტნი სპირსისა და მისი მამის საქმეს სასამართლო განიხილავს. მომღერალი მამას წლების მანძილზე მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. ბრიტნი 13 წლის განმავლობაში მამის მეურვეობის ქვეშ იყო.
როგორც თავად განმარტავდა, მას შვილის გაჩენის უფლებასაც კი არ აძლევდნენ და სთხოვდნენ, რომ თავდაუზოგავად ემუშავა. „მინდა, ძველი ცხოვრება დავიბრუნო“ - განაცხადა სასამართლოზე ბრიტნი სპირსმა. ამ ბრძოლაში მას ყოველთვის გვერდით ედგა მისი მეგობარი ბიჭი, 27 წლის სემი ასგარი.
„ის ეხმარება მას, გახდეს უფრო თავდაჯერებული და არწმუნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყოველთვის ახსენებს, როგორ აფასებენ და უყვართ ის გულშემატკივრებს“ - წერს ინსაიდერი.
ასგარი ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში ორი წარუმატებელი ქორწინებისა და ჯანსტინ ტიმბერლეიკთან სკანდალური განშორების შემდეგ გამოჩნდა. ის ირანში დაიბადა და 12 წლამდე თეირანში იზრდებოდა. შემდეგ კი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა მამასთან, რომელიც იქ სამუშაოდ იყო წასული. მისი დედა, ფატიმა და დები - მადი, ელი და ფეი ირანში დარჩნენ.
„ვიცოდი, რომ უნდა დამეტოვებინა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები, ოჯახი, მეგობრები და ისიც ვიცოდი, რომ ირანში აღარასდროს დავბრუნდებოდი“ - ამბობდა ასგარი ერთ-ერთ ინტერვიუში. სწორედ შტატებში ცხოვრებისას დაიწყო მან საკუთარი კარიერის შექმნა და სპორტის მიმართ დიდი სიყვარულის გამო ფიტნესინსტრუქტორი გახდა.
ბრიტნი სპირსი ასგარიმ სამუშაო გარემოში, ერთ-ერთი მუსიკალური კლიპის გადაღებისას გაიცნო. მათ ისაუბრეს, ნომრები გაცვალეს და მალევე შეხვედრაც დაიწყეს. მათ ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ და სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ.
ბრიტნი ამბობდა, რომ მას ძალიან უნდა დაქორწინება და კიდევ ერთი შვილის გაჩენა, თუმცა ამის უფლება არ აქვს. ასგარი აღნიშნავს, რომ საყვარელი ქალის თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებს: „მე ბრიტნისთან ნორმალური მომავალი მინდა“ - ამბობს ის.