ენრიკე იგლესიასსა და ანა კურნიკოვას საკუთარი ურთიერთობის სააშკარაოზე გამოტანა არ უყვართ. ამის გამო ზოგიერთი გულშემატკივარი ფიქრობდა, რომ ისინი ერთმანეთს ფარულად დაშორდნენ. ეს ეჭვი არ გამართლდა, წყვილი სამ შვილთან ერთად დღემდე ბედნიერად ცხოვრობს. რუსი ჩოგბურთელისა და ესპანელი მომღერლის სიყვარულის ისტორია კი წლების წინ დაიწყო.
ენრიკემ და ანამ ერთმანეთი 2001 წელს ძალიან ბანალურ სიტუაციაში გაიცნეს. 20 წლის ჩოგბურთელს, რომელიც იმ დროს, შეიძლება ითქვას, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენი იყო, შესთავაზეს 26 წლის მომღერლის კლიპში მონაწილეობა. სიმღერის Escape ვიდეოკლიპში ანამ ესპანელი მაჩოს საყვარლის როლი შეასრულა. გადასაღებ მოედანზე მყოფებმა მალევე შენიშნეს, რომ ენრიკესა და ანას შორის უხილავი ძაფები გაჩნდა და ეს „ქიმია“ კლიპშიც კარგად ჩანს. „მანამდე არ ვიცნობდი ანას, მაგრამ მე მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ბიჭს სურს მასთან ურთიერთობა და არც მე ვარ გამონაკლისი. ის ძალიან ლამაზია, ნიჭიერი და ასევე შესანიშნავად თამაშობს ჩოგბურთს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის შესანიშნავად გამოიყურება ეკრანზეც”, - თქვა ენრიკემ MTV-სთან ვიდეოს გადაღების დროს. ის ასევე ხუმრობდა, რომ ანასთან მხურვალე კოცნის სცენის შესასრულებლად სულაც არ იყო საჭირო მსახიობობა და ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდებოდა.
კლიპის გადაღების შემდეგ ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ მათი საქმიანი ურთიერთობა რომანში გადაიზარდა. 2002 წლამდე ისინი ამ ამბავს კარგად მალავდნენ, თუმცა ყველაფერი ნათელი გახდა, როცა ენრიკემ ანა MTV Video Music Awards-ის დაჯილდოებაზე მიიყვანა. ამის შემდეგ წყვილს პაპარაცები მუდამ თან დასდევდნენ, გულშემატკივრები კი მოუთმენლად ელოდნენ, როდის შედგებოდა ქორწილი. ამის შესახებ მაშინ არაერთი ჭორი გავრცელდა. საბოლოოდ კი, ჟურნალისტებისა და თაყვანისმცემლების გასაჩუმებლად, ენრიკემ ასეთი ხრიკი გამოიყენა: მან მოიტყუა, რომ ანაზე ფარულად იქორწინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ: „მარტოობის არ მეშინია, ეს მშვენიერი რამაა“ - ამბობდა მომღერალი. ამ ბოროტი ხუმრობის შესახებ კი სიმართლე ენრიკეს მეგობარმა რამდენიმე დღეში გაამხილა.
”ოფიციალური ქორწინება ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. ბედნიერ ურთიერთობაში ვარ და ეს ყველაზე მთავარია. მე მჯერა, რომ ქალი და მამაკაცი შეიძლება ერთმანეთის ერთგულნი იყვნენ“ - ამბობდა ანა კურნიკოვა ერთ-ერთ ინტერვიუში 2011 წელს. ამ მოსაზრებას სრულიად იზიარებდა ენრიკეც: „არასდროს მიფიქრია, რომ ქორწინება რამეს შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებაში“ - განაცხადა მომღერალმა.
საინტერესოა ისიც, რომ ენრიკესა და ანას რომანიდან 10 წელზე მეტი იყო გასული, როცა მომღერლის მამამ, ხულიო იგლესიასმა განაცხადა, რომ ანა კურნიკოვას არასდროს შეხვედრია: „სიმართლე გითხრათ, ანა არასოდეს მინახავს. ამასთან, ჩემი ცოლი და შვილები იცნობენ მას, მაგრამ მე ჯერ არ გამიმართლა. ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ ჩემი ყველა შვილი ძალიან დამოუკიდებელია. ენრიკეს თითქმის ვერ ვხედავ, რადგან ის მუდმივად არის გასტროლებზე. მაგრამ ანა, რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზია. ჩემს შვილს შესანიშნავი გემოვნება აქვს. მე ძალიან ვამაყობ მისით“ - ამბობდა ენრიკეს მამა.
2017 წელს ენრიკე იგლესიასისა და ანა კურნიკოვას დაშორების შესახებ ჭორები კიდევ ერთხელ გავრცელდა, თუმცა, სინამდვილეში, ისინი სასიხარულო სიახლის მოლოდინში იყვნენ - ანა ორსულად იყო ტყუპებზე. მათ ლუსი და ნიკოლასი შეეძინათ. სამი წლის შემდეგ, 2020 წელს, ანა და ენრიკე მესამე შვილის, მაშას მშობლები გახდნენ. შვილების გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე მომღერალი ამბობდა, რომ მამობა მისი ოცნება იყო: „ძალიან მინდა, გავხდე მამა. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება. ვფიქრობ, მაგარი მამა ვიქნები და ჩემი მეგობარი გოგონა მსოფლიოში საუკეთესო დედა გახდება. მინდა მჯეროდეს, რომ როდესაც შვილები მეყოლება, აღარ მომიწევს გამუდმებით გასტროლებზე სიარული და დროს ოჯახთან გავატარებ“. მართლაც, ანა და ენრიკე სამ შვილთან ერთად დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ.