მომღერლებს, თათა გიორგობიანსა და ბაბი კირკიტაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი ხშირად ჩანან ტელეეკრანებზე და გადაცემას „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ ბენდის თანხლებით მუსიკალურად აფორმებენ. როგორც თავად ამბობენ, სცენაზე ერთმანეთს განსხვავებული ხასიათითა და ხმის ტემბრით ავსებენ, თუმცა ბაბი და თათა სცენის მიღმა, ცხოვრებაშიც მეგობრობენ: „შოუში ერთად რომ უნდა გვემუშავა, გამაფრთხილეს, მაგ გოგოს უფრთხილდიო. არადა, რომ გავიცანი, ბაბისნაირი ენერგიული, მხიარული და პასუხისმგებლიანი ცოტა მეგულება. იცით, როგორია? არაფრისგან რაღაცას გამოიყვანს და შექმნის” - ამბობდა თათა ერთ-ერთ ინტერვიუში.
საზოგადოება თათა გიორგობიანსა და ბაბი კირკიტაძეს ერთმანეთს ხშირად ადარებს. განიხილავენ, რომელი უფრო კარგად მღერის, რომელს უკეთესი მონაცემები აქვს... მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთის მიმართ კონკურენციას არ გრძნობენ: „ჩვენ შორის კონკურენცია და შეჯიბრება არ არსებობს. თუმცა, ვეთანხმები, ვინ უფრო მაგრად იმღერებს – ამაში ვეჯიბრებით ერთმანეთს და ეს ბუნებრივია” - განმარტავს თათა გიორგობიანი.
ამჯერად თათა და ბაბი „ინსტაგრამზე“ კონცერტის წინ გადაღებულ სახალისო ვიდეოებს აქვეყნებენ. როგორც ჩანს, ისინი დროს ერთად მხიარულად ატარებენ და ერთმანეთს პარტნიორობას სცენაზეც შესანიშნავად უწევენ.