ქართველ მომღერალს, თამთა გოდუაძეს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ. ის განსაკუთრებით პოპულარულია საბერძნეთში, სადაც ცხოვრობს და არაერთ მუსიკალურ პროექტში იღებს მონაწილეობას. თამთა საქართველოში ფართო საზოგადოებამ სულ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა ერთ-ერთ რეიტინგულ შოუში ჟიურის წევრის ამპლუა მოირგო.
თამთას არაორდინარული სტილი მალევე გახდა განხილვის საგანი, თუმცა მან ქართველი მაყურებლისა და მსმენელისთვის თავის შეყვარება მარტივად მოახერხა. მისი თბილი დამოკიდებულება შოუს მონაწილეების მიმართ ყოველთვის დიდ აღფრთოვანებას იწვევდა. შოუს გამარჯვებული კი სწორედ მისი მენტორობის ქვეშ მყოფი მონაწილე გახდა.
თამთა გოდუაძის პროფესიონალიზმი, ქარიზმატულობა და შარმი შეუმჩნეველი არ დარჩენია არც ბერძენ მსმენელს. მომღერალი საბერძნეთში შოუ „სუპერ აიდოლით“ გაიცნეს და მალევე შეიყვარეს. მისი გულშემატკივრების რიცხვი კი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2019 წელს „ევროვიზიაზე“ კვიპროსის სახელით წარდგა და კონკურსის ფინალისტიც გახდა.
წარმატებული კარიერის პარალელურად, მუდმივი ინტერესის საგანია მისი პირადი ცხოვრება. როგორც ცნობილია, მომღერალმა რჩეულზე, შმაგი ხაჭვანზე 14 წლის ასაკში იქორწინა. მაშინ მისი მეუღლე 16 წლის იყო, მათი რომანი 6 თვეს გრძელდებოდა, შემდეგ კი გაპარვით დასრულდა. წყვილმა ერთად 6 წლის განმავლობაში იცხოვრა. „როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. იმან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე ჩემი გზით” - ამბობდა შმაგი ხაჭვანი ერთ-ერთ ინტერვიუში. მათ ერთი შვილი, ანი ხაჭვანი ჰყავთ.
ამჯერად საზოგადოების ყურადღება სწორედ თამთა გოდუაძის შვილმა, ანიმ დაიმსახურა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის ფოტოებზე წერდნენ, რომ შეუძლებელია, თამთას ამხელა შვილი ჰყავდეს. მომღერალი თავად 40 წლისაა, ხოლო მისი ქალიშვილი - 26-ის. ორივე მათგანი შესანიშნავად გამოიყურება. ფოტოების მიხედვით, რთული დასაჯერებელია, რომ ისინი მართლაც დედა-შვილი არიან.
სოციალურ ქსელში განხილვის საგანია თამთა გოდუაძის ურთიერთობა მულტიმილიონერ ბიზნესმენ პერის კასიდოკოსტას-ლაცისთან. 38 წლის პერისი საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენია და მის მფლობელობაშია ნავთობის, გადაზიდვებისა და კინოპროდიუსინგის კომპანიები. თამთა პერისთან ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, თუმცა პაპარაცებმა ისინი ერთად არაერთხელ დააფიქსირეს. როგორც ცნობილია, წყვილი ერთად 2015 წლიდან ცხოვრობს, თუმცა ცნობილი ამის შესახებ 2018 წელს გახდა.
მიუხედავად არცთუ მარტივი ცხოვრებისა, დედასა და შვილთან ერთად უცხო ქვეყანაში გატარებული რთული წლებისა, თამთა გოდუაძე დღეს ბერძნული შოუბიზნესის გამორჩეული სახეა. თამთას ბედნიერი ურთიერთობა და წარმატებული კარიერა აქვს, ხოლო მისი გულშემატკივრების რიცხვი ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება.