„ბენიფერის“ დებიუტი წითელ ხალიჩაზე შედგა. ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა ვენეციის რიგით 78-ე კინოფესტივალზე ფოტოები ერთად გადაიღეს. მათი ურთიერთობის განახლების შემდეგ, ეს მათი პირველი საჯარო ღონისძიებაა, რომელსაც ერთად დაესწრნენ. წყვილი “The Last Duel”-ის პრემიერაზე პარასკევს მივიდა.
წყვილმა განსაკუთრებული ყურადღება არამხოლოდ პირველი გამოჩენის, არამედ განსაკუთრებული ვიზუალის გამოც მიიპყრო. ჯენიფერ ლოპესს Georges Hobeika-ის გრძელი თეთრი კაბა ეცვა. წყვილი ფესტივალზე Cartier-ის ძვირდაღირებული სამკაულებით გამოცხადდა. მომღერალს 18 კარატიანი თეთრი ოქროს სამაჯური და ბრილიანტებით გაფორმებული ყელსაბამი ეკეთა. ჯენიფერის მსგავსად, შესანიშნავად გამოიყურებოდა ბენ აფლეკიც. მან საღამოსთვის შავი კლასიკური სმოკინგი და ბაფთა შეარჩია.
წყვილმა წითელ ხალიჩაზე ბოლოს 2003 წელს გაიარა, როცა ისინი ჯერ კიდევ დანიშნულები იყვნენ. ამ ფაქტიდან მალევე, 2004 წლის იანვარში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მათი ურთიერთობის აღდგენის შესახებ კი ცნობილი 2021 წლის აპრილის თვეში გახდა. მას შემდეგ, წყვილი დროს ერთად ხშირად ატარებს. ჯენიფერისა და ბენის პაპარაცულმა ფოტოებმა, რომლებიც მომღერლის დაბადების დღეზე იახტაზეა გადაღებული, სოციალური ქსელები დაიპყრო. როგორც ცნობილია, ისინი საერთო სახლს ლოს-ანჯელესში ყიდულობენ და მალე ერთად იცხოვრებენ.