ტომ ფორდის ქმარი, რიჩარდ ბაკლი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ დროს მის გვერდით ტომი და მათი ვაჟი, ჯეკი იყვნენ. სამწუხარო ამბავი მედიაში 21 სექტემბერს გავრცელდა, თუმცა ოჯახის წარმომადგენლების თქმით ის გასულ კვირას გარდაიცვალა.
„ტომ ფორდი დიდი მწუხარებით აცხადებს, რომ მისი ქმარი და ცხოვრების სიყვარული, 72 წლის რიჩარდ ბაკლი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა“ - ნათქვამია განცხადებაში.
ტომ ფორდი და რიჩარდ ბაკლი 2014 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ მათი ურთიერთობა გაცილებით ადრე დაიწყო. ისინი ერთმანეთს 1986 წელს მოდის ჩვენებაზე შეხვდნენ და დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ იტალიაში, შემდეგ კი წვიმიან ლონდონში გადავიდნენ. 2012 წელს მათ სუროგატი დედის დამხარებით შვილი შეეძინათ, ბიჭს ალექსანდრე ჯონ "ჯეკ" ბაკლი ფორდი დაარქვეს.
რიჩარდმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ჟურნალისტიკას. მისი კარიერა დაიწყო 1979 წელს New York Magazine-ით. ის, ასევე, Women Wear Daily-ისა და Vanity Fair-ისთვისაც წერდა. ის იყო ჟურნალ Mirabella–ს რედაქტორი, იტალიური Vogue–ის მთავარი რედაქტორი და შემდგომში Vogue Hommes International–ის მთავარი რედაქტორი.
ტომ ფორდმა განსაკუთრებული სიყვარულით გაიხსენა ის მომენტი, როდესაც იგი ცხოვრების სიყვარულს შეხვდა. 2016 წელს მან თქვა, რომ სამი ათეული წლის შემდეგაც კი ახსოვს ბაკლისთან პირველ შეხვედრა, როცა ერთმანეთი ლიფტში შემთხვევით დაინახეს. ფორდის თქმით, "ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მას შემდეგ ჩვენ ერთად ვართ. როცა ლიფტი პირველ სართულზე დაეშვა, მე უკვე ვიცოდი, რომ ის ის იყო. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო" - ამბობდა ტომ ფორდი.