საზოგადოება ხშირად განიხილავს ცნობილი ადამიანების პირად ცხოვრებას, მათ ურთიერთობებსა და ურთიერთდამოკიდებულებას. ზოგი საკუთარი ნეგატიური მოსაზრების გამოხატავასაც არ ერიდება და უარყოფით კომენტარებს საჯაროდ წერს. მიუხედავად ამისა, არსებობენ წყვილები, რომლებისთვისაც ერთად ყოფნისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, მათ შორის, არც ასაკი. ამის არაერთი მაგალითი კი ჰოლივუდში მოიძებნება:
ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი
როცა ბლეიკს შევხვდი, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპს გავდიოდი. ვიცოდი, რომ თუ ის ბრუკლინში წავიდოდა, თან გავყვებოდი და ყოველთვის მის გვერდით ვიქნებოდი“ - იხსენებს რეინოლდსი. წყვილს შორის სხვაობა 11 წელია. მიუხედავად ამისა, მათ მსგავსი შეხედულებები და მიზნები აქვთ და ბედნიერი ოჯახის შექმნაც მოახერხეს. მათი გზები 2010 წელს გადასაღებ მოედანზე გადაიკვეთა, მაშინ ვერც ერთი წარმოიდგენდა, რომ ერთი წლის შემდეგ ისინი იქორწინებდნენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს. „ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და ამაშია ჩვენი ბედნიერების საიდუმლოც. ადრე, როცა რამე პრობლემა მქონდა, მეგობრებს ვურეკავდი, ახლა კი პირდაპირ რაიანთან მივდივარ. ის სულ ჩემ გვერდითაა და ყოველთვის მამხნევებს“ - ამბობს ბლეიკ ლაივლი.
ტინა კუნაკი და ვენსან კასელი
როცა ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი, 30 წლით უმცროს მოდელს მსახიობის მორიგ გასართობად თვლიდნენ. ფიქრობდნენ, რომ კასელს შუახნის კრიზისი ჰქონდათ. „როცა ტინას პირველად შევხვდი, მისი ასაკი საერთოდ არ ვიცოდი, გაგებისას კი გავოცდი. მიუხედავად ამისა, გრძნობას ვერაფერი მოვუხერხე. ჩვენზე არაა დამოკიდებული, ვინ შეგვიყვარდება. ის მაშინ 18 წლის იყო და საჭიროდ ჩავთვალე, მის ოჯახს დავლაპარაკებოდი და მეთქვა, რომ მათი ქალიშვილის მიმართ სერიოზული გრძნობები მქონდა. ეს ყველაფერი მაშინ სიგიჟედ მეჩვენებოდა“ - ამბობს ვენსან კასელი. მათი ქორწილი 2018 წელს შედგა, ქორწინებიდან მალევე კი მათ შვილი, ამაზონი შეეძინათ. „ვალენტინობის დღეს ვენსანმა მუსიკოსები დაიქირავა, ისინი მთელი ღამის განმავლობაშ ფანჯრებთან მიმღეროდნენ. სიმღერა კი სპეციალურად ჩემთვის იყო დაწერილი“ - იხსენებს ტინა კუნაკი.
ჯეისონ სტეტჰემი და როზი ჰანინგტონი
ჯეისონ სტეტჰემი და როზი ჰატინგტონი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ჰარმონიულ წყვილად მიიჩნევა. მათ შორის სხვაობა 20 წელია, მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილი პირველად 2010 წელს გახდა, როცა ისინი მუსიკალურ ფესტივალს ერთად დაესწრნენ. „ჯეისონთან შეხვედრის შემდეგ მეგობარს დავურეკე და ვუთხარი, ვერ წარმოიდგენ, ისეთი კარგია ჯეისონი-მეთქი. არ ველოდი, თუ ასეთი თავმდაბალი, მხიარული და ქარიზმატული იქნებოდა“ - ამბობს როზი. მათი ნიშნობა 2016 წელს შედგა, ერთი წლის შემდეგ კი ვაჟი, ჯეკ-ოსკარ სტეტჰემი შეეძინათ.
კეტრინ ზეტა ჯონსი და მაიკლ დუგლასი
კეტრინ ზეტა ჯონისა და მაიკლ დუგლასის სიყვარულის ისტორია ორ ათწლეულს ითვლის. 25 წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო მათზე ბევრს ჭორაობდნენ, თუმცა დროის სვლასთან ერთად, მათ დაამტკიცეს, რომ ნამდვილი გრძნობა აკავშირებთ. მათი ურთიერთობა 1996 წლიდან იწყება: „ერთმანეთს ფილმის გადაღების დროს შევხვდით, მახსოვს, პირველი შეხვედრისთანავე კეტრინს ვუთხარი, რომ მისი შვილების მამა მე ვიქნებოდი. მეორე დღეს ის სხვა ქალაქში გაფრინდა, მე კი ყვავილები გავუგზავნე და უხეშობისთვის მოვუბოდიშე“ - იხსენებს მაიკლი. ეს ქორწინება მარტივი არ ყოფილა, რადგან მაიკლ დუგლასი მძიმე დაავადებას ებრძოდა და ყოფილ ცოლთან კონფლიქტის გამო სასამართლოში ხშირად უწევდა მისვლა, თუმცა მათ ყველაფერთან გამკლავება შეძლეს და ახლა წყვილს ჰოლივუდში ნამდვილი სიყვარულის სიმბოლოდ მოიხსენიებენ. „ქორწინება გრძელი გზაა და მალე არ უნდა დანებდე. სიგიჟემდე მიყვარს მაიკლი და მასაც ძალიან ვუყვარვარ, ამას ვერაფერი შეცვლის“ - ამბობს კეტრინ ზეტა ჯონსი.