ადელი დიდი ხნის პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა და ოპრა უინფრისთან გახმაურებული ინტერვიუც ჩაწერა. მომღერალმა საკუთარი ცხოვრების არაერთ დეტალზე, მათ შორის, ქორწინებასა და განქორწინებაზე, წონის დაკლებაზე, ალკოჰოლიზმსა და დედობაზე გულწრფელად ისაუბრა.
განქორწინების შესახებ
უპირველეს ყოვლისა, ადელიმ აღიარა, რომ სიგიჟემდე რცხვენოდა განქორწინების. ის თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ ქორწინების გადარჩენა ვერ შეძლო, მაშინ, როცა მისი ერთადერთი ოცნება მთელი ცხოვრების მანძილზე ერთ ადამიანთან ცხოვრება იყო.
”მე ყოველთვის გატაცებული ვიყავი ჩემი პატარა ოჯახით, რომელიც შევქმენი, რადგან მანამდე ის არასდროს მქონია” - თქვა ადელიმ. მისი მამა სახლიდან ჯერ კიდევ მაშინ წავიდა, როცა ის ბავშვი იყო.
„პატარა ასაკიდანვე დავპირდი ჩემს თავს, რომ როცა შვილები მეყოლებოდა, მე და ჩემი ქმარი ყოველთვის ერთად ვიქნებოდით. და მე ვცდილობდი ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ეს პირობა შემესრულებინა ”- თქვა მომღერალმა ქორწინების გადარჩენის მცდელობის შესახებ.
განქორწინებამდე რამდენიმე თვით ადრე ადელიმ თქვა, რომ ის უბედური იყო. ეს სიტყვები შემდეგ ინანა, თუმცა 2018 წელს ქმარს მართლაც დაშორდა.
„ძალიან სერიოზულად ვუყურებ ქორწინებას. მაგრამ თითქოს... არ ვიცი... თითქოს დაუფიქრებლად დავქორწინდი და შემდეგ გავშორდი ისევე სწრაფად და უყოყმანოდ. მრცხვენია, რომ ჩემი ქორწინება ასე სწრაფად დაინგრა”, - აღიარა ადელიმ.
6. ადელის ერთ-ერთ სიმღერაში ისმის ფრაზა: „მძულს ის, ვინც ვარ“. ოპრასთან ინტერვიუს დროს მან აღიარა, რომ ეს გრძნობა განქორწინების დროს დაეუფლა. მან თქვა ისიც, რომ განქორწინება მის გეგმებში არასდროს ყოფილა და ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა.
ყოფილი ქმრის შესახებ
ადელიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატივს სცემს საიმონ კონეკის ახლაც, როცა მასზე „შეყვარებული“ არ არის. საბედნიეროდ, ყოფილმა მეუღლეებმა მშვიდობიანად მოახერხეს დაშორება: ისინი ერთმანეთის საპირისპიროდ ცხოვრობენ ლოს-ანჯელესში და ერთად აგრძელებენ შვილის, ანჯელოს, აღზრდას.
ადელიმ თქვა, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა მისი ცხოვრება შეცვალა. აღიარა, რომ რთული პერიოდის გადაგორებაში სწორედ ის დაეხმარა, მისი სიმშვიდე და გაწონასწორებული ხასიათი მასზე დადებითად მოქმედებდა.
წონის დაკლების შესახებ
ბოლო წლებში ადელი მკვეთრად შეიცვალა: მომღერალმა 45 კილოგრამი დაიკლო! მან მაშინვე აღნიშნა, რომ მისი ტრანსფორმაცია აუცილებელი იყო, რათა განქორწინებით გამოწვეული სტრესი ეკონტროლებინა.
„მე დამემართა საშინელი პანიკის შეტევები მას შემდეგ, რაც ქმარს დავშორდი. სხეული პარალიზებული მქონდა და ვერ ვაკონტროლებდი“ - აღიარა მან.
მომღერალმა მხოლოდ სპორტდარბაზში იგრძნო შვება და ფიტნესი გახდა ყოველდღიური რუტინა: "ეს ნამდვილად დამეხმარა ჩემი ცხოვრების გზაზე დაბრუნებაში".
ალკოჰოლთან რთულ ურთიერთობაზე
განქორწინებისა და ახალი ალბომის დაწერის შემდეგ ადელიმ გადაწყვიტა უარი ეთქვა სასმელზე, რაც, მისი თქმით, შესანიშნავი გზა იყო საკუთარი თავის გასაცნობად. მომღერალი არ მალავს, რომ საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა ალკოჰოლთან, მაგრამ მიატოვა ეს დამოკიდებულება, რადგან სწორედ ალკოჰოლმა წაართვა მამა.
მამის შესახებ
ადელის თქმით, ყველაზე დიდი ტრავმა, რომელიც მან ბავშვობაში განიცადა, იყო მამის, მარკ ევანსის "სრული არყოფნა". მან არა მხოლოდ ოჯახი დატოვა, არამედ ქალიშვილთან ურთიერთობის შენარჩუნებასაც არ ცდილობდა. „აბსოლუტურად არანაირი მოლოდინი არ მქონდა გარშემომყოფებისგან - ეს მამაჩემის მეშვეობით ვისწავლე. ის არის მიზეზი, რომ ვერასდროს გავიგე, რას ნიშნავს ვინმესთან სასიყვარულო და სანდო ურთიერთობა“, - არ მალავს ადელი.
მამა და ქალიშვილი შერიგდნენ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ - მამის მძიმე ავადმყოფობის და სიკვდილამდე სამი წლით ადრე. ადელის მამამ აღიარა, რომ შვილის სიმღერებიდან მხოლოდ პირველი სიმღერა - Hometown Glory მოისმინა. „ის არასოდეს რთავდა ჩემს სხვა მუსიკას” - თქვა მომღერალმა. 2021 წლის აპრილში მარკ ევანსი გარდაიცვალა. „მისი გარდაცვალება განკურნებას ჰგავდა, რადგან ვიცოდი, რომ აღარ იტანჯებოდა ”- თქვა ადელიმ.