რთულია ერთ ადამიანთან 54 წელზე მეტი გაატარო და საზოგადოების გაუჩერებელ ჭორებსა თუ შეთქმულების თეორიებს უსმინო იმაზე, როგორ არ უხდები შენს პარტნიორს და რა მალე დასრულდება თქვენი ურთიერთობა. ჰოლივუდში ზუსტად ასე საუბრობდნენ დოლი პარტონისა და კარლ დინის ქორწინებაზე, რომელმაც ყველასგან გასაკვირად, ნახევარ საუკუნეზე მეტი გაძლო და კვლავ ასე ერთგულად, დაუსრულებლად გრძელდება.
ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და კინომსახიობი დოლი პარტონი თავის სიყვარულს იმაზე ადრე შეხვდა, ვიდრე ეს ჰოლივუდმა გაიგო. ერთი ნახვით დაწყებული რომანი მომღერალმა წლები საიდუმლოდ ინახა, ასევე ჩუმად გათხოვდა და როდესაც მიხვდა, რომ მის სიყვარულს საფრთხე არ ემუქრებოდა, მეუღლეს პირველი სასიყვარულო სიმღერა მიუძღვნა.
1964 წელს დინი პარტონს ნეშვილის სამრეცხაოსთან შეხვდა. როგორც თვითონ ამბობს, ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავდა. დოლი 18 წლის იყო, დინი კი - 21-ის. დაბნეული, ქერა მსახიობი გზას იკვლევდა. დოლი მუსიკის ქალაქში, ნეშვილის შტატში იმ დღის ჩასული იყო და პირველივე დღეს ახალგაზრდა კაცის მზერამ შეაწუხა. დინი პარტონს თვალს არ აშორებდა.
"ალბათ ბანალურია, თუმცა პირველი, რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ ამ ქალს ცოლად მოვიყვანდი. ამის მერე უცბად გავიფიქრე, ღმერთო, ის ულამაზესია-მეთქი და აი, ამ დღის მერე დაიწყო ჩემი ცხოვრება" - თქვა დინმა ქორწინების 50 წლის იუბილეზე წარმოთქმულ ფიცში.
მომხიბვლელმა მომღერალმა დინის მზერა ვერაფრით გაფანტა, დაიმორცხვა და შეეცადა სხვა მხარეს გაეხედა.
"როდესაც ჩემს ქმარს პირველად შევხვდი, მახსოვს, მოვიდა და მითხრა, მას ვახშამზე გავყოლოდი. ეს კი ჰამბურგერების ჭამა გახლდათ. მას ის ადგილები უყვარს, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს", - ამბობს დოლი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნეშვილში ჩამოსვლის პირველ დღეს დოლის საღამოს პარტნიორი გამოუჩნდა. დინმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და მართლაც, ორი წლის შემდეგ პარტონს სიგიჟემდე შეაყვარა თავი. 1966 წლის 30 მაისს კარლმა და დოლიმ რინგოლდის ეკლესიაში, ჯორჯიის შტატში ყველასგან მალულად იქორწინეს. დოლი უკვე 20-ის იყო, დინი - 23-ის.
ქორწილს მხოლოდ დოლის დედა ავიე ლი, მღვდელი და რამდენიმე სტუმარი ესწრებოდა. ქორწილის შემდეგ პარტონმა ახალი ალბომი გამოშვა და სიმღერების უმეტესობა მეუღლეს მიუძღვნა.
"ქორწილის დღეს დედამ მოკლე კაბა და პატარა ყვავილების თაიგული მომიტანა. ვაპირებდით სახლში გადაგვეხადა ქორწილი, თუმცა ვუთხარი, რომ ასე თავს გათხოვილად ვერ ვიგრძნობდი. იმ დღეს პატარა ბაპტისტური ეკლესია მოვძებნეთ, პასტორს შევხვდით, მან კი მკითხა, ნამდვილად გინდა გათხოვებაო? დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორ ნაბიჯს ვდგამდი" - იხსენებს დოლი.
1966 წელს, დოლის ერთ-ერთი დაჯილდოების შემდეგ, წყვილი ერთად წვეულებაზე მიიწვიეს, სადაც დინი პარტონის თხოვნით წავიდა, იმ საღამოს კი უთხრა, რომ ის მსგავს ცერემონიაზე მეორედ აღარ წავიდოდა.
"იმ საღამოს, როდესაც წითელ ხალიჩაზე ერთად გავიარეთ და დინის უცნობ ხალხში საათობით ჩემი ლოდინი მოუწია, მომიტრიალდა და მითხრა, დოლი, მიყვარხარ და მინდა ცხოვრებაში ყველაფერი გქონდეს; ბედნიერი ვარ, რომ შენ მყავხარ, მაგრამ გთხოვ, არასდროს მთხოვო წამოგყვე იქ, სადაც გაჩერება მიჭირს"- თქვა დოლიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.
პარტონმა პირობა შეასრულა, მომღერალი და მსახიობი თითქმის ყველგან მარტო ჩნდებოდა, სახლში კი მოსიყვარულე და ერთგული დინი ელოდა. ისინი ყოველთვის განსხვავებულები იყვნენ და დღემდე ასე არიან. ჰოლივუდში დოლის მარტო გამოჩენამ ჟურნალისტებს ახალი საფიქრალი გაუჩინა, წყვილის დაშორება კვირის მთავარი თემა გახდა. ხალხი ამბობდა, რომ დინი დოლის პატივს არ სცემდა და სათანადოდ არ უყვარდა მსახიობი.