არაბი შაჰების ყველა სასიყვარულო ისტორია ათას ერთი ღამის სიუჟეტს არ ჰგავს. პრინცესა სორაიამ თავისი ბედნიერება აღმოსავლეთის სამეფოს სასახლეში ნამდვილად ვერ იპოვა, მიუხედავად იმისა, რომ მონარქმა ის საკუთარი სიყვარულის კერპად აქცია. სიყვარულის ეს ტრაგიკული ისტორია საფუძვლად დაედო 2003 წელს გადაღებულ ფილმს „სორაია“.
სორაია ისფანდიარი-ბახტიარი დაიბადა ირანელი არისტოკრატისა და გერმანელი ქალის ოჯახში, რომლის წინაპრები მოსკოვში ცხოვრობდნენ. გოგონას მშობლები ერთმანეთს ბერლინში შეხვდნენ. წეს-ჩვეულებების მიხედვით, მუსლიმი კაცის ევროპელ ქალთან ქორწინება რაღაც უხამსად ითვლებოდა.
მიუხედავად სპარსეთში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობისა, გოგონას ბავშვობა საკმაოდ მშვიდი და ბედნიერი გამოდგა. ის უკონტროლო, ძალიან მოძრავი და ცოცხალი გოგო იყო. გაიზარდა მშობლების სიყვარულის ატმოსფეროში და არ იცოდა როგორი იყო მწუხარება. თუმცა, მკაცრ, ირანულ სკოლაში სწავლის დაწყებამ სერიოზული ცვლილებები შეიტანა პატარა „პრინცესას“ ცხოვრებაში.
ირანული სკოლის შემდეგ ციურიხში ფუნქციონირებდა ქალთა პანსიონი, რომელიც გამოირჩეოდა უფრო მკაცრი წესებით, ვიდრე კერძო სახლებში არსებული სასწავლო დაწესებულებები. ასეთ ადგილებში გოგონებს ასწავლიდნენ როგორ უნდა გამხდარიყვნენ ღირსეული მეუღლეები.
ამასობაში ახალგაზრდა გოგონა უფრო და უფრო ლამაზდებოდა. მას გარეგნობის გამო ხშირად ადარებდნენ ელიზაბეტ ტეილორს. მალე სორაიამ დაიწყო სამსახიობო კარიერაზე ფიქრიც, მაგრამ ოცნებები ოჯახურმა ტრადიციებმა დაარღვიეს. მამას ამ „სისულელეზე“ არაფრის გაგონება არ სურდა. მას სჯეროდა, რომ მისი საყვარელი, მშვენიერი ქალიშვილი იმსახურებდა ოჯახურ ბედნიერებას ირანული წარმომავლობის მამაკაცთან. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათ ქალიშვილს სწავლა ლონდონში უნდა გაეგრძელებინა. სწორედ იქ გაიცნო გოგონამ პრინცესა შამსი, ირანის შაჰის მუჰამედ რეზა ფეჰლავის და.
1940-იანი წლების ბოლოს ირანის მმართველი გაშორდა პირველ ცოლს, რომელმაც მამრობითი სქესის მემკვიდრე ვერ გააჩინა და აქტიურად ეძებდა ახალ ცოლს. ირანის სამეფო ოჯახის ყველა წევრმა, რა თქმა უნდა, იცოდა სიტუაცია და ცდილობდა მუჰამედს დახმარებოდა თავისი გეგმის შესრულებაში. როდესაც პრინცესა შამსმა პირველად დაინახა სორაია, მიხვდა, რომ მის ძმას ის ძალიან მოეწონებოდა. რამდენიმე დღეში შაჰის სასახლეში ახალგაზრდა გოგონას ფოტო მიიტანეს. მუჰამედმა მოითხოვა დაუყოვნებელი შეხვედრა ამ ლამაზმანთან. რასაკვირველია, სორაიას მშობლები თავიანთი ქალიშვილისთვის მდიდარ საქმროზე ოცნებობდნენ, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სადილზე ოფიციალურ მიწვევას თავად ირანის მონარქისგან მიიღებდნენ.
მალე სორაია მამასთან და დედასთან ერთად თეირანში ჩავიდა. პრინცესა შამსი, რომელსაც აშკარა სიმპათია ჰქონდა პოტენციური პატარძლის მიმართ, დაეხმარა მას ამ მნიშვნელოვანი საღამოსთვის მომზადებაში და ამ შემთხვევისთვის შესაფერისი სამოსის, მაკიაჟისა და სუნამოს არჩევაში. ამიტომ, როცა სორაიამ სასახლის ზღურბლი გადალახა, მისთვის თვალის მოშორება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
ცხადია, სორაიამ ირანის მმართველის გულიც მოიგო, რადგან მიღების შემდეგ, დაახლოებით ღამის ორ საათზე შაჰმა გოგონას მამას დაურეკა და სორაიას ხელი სთხოვა.
მოჰამედმა სორაიას ოჯახს სთხოვა, რომ ერთი დღის განმავლობაში ეპასუხათ მის თხოვნაზე, შუადღისთვის კი მათ 22 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი გაუგზავნა. ამ დროს გოგონა მხოლოდ 16 წლის იყო.
ქორწილისთვის მზადება მაშინვე დაიწყო. ეს ქორწინება 1950 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა შემდგარიყო. საზეიმო ცერემონიაზე მიწვევები მიიღეს ყველაზე გამოჩენილმა პოლიტიკოსებმა და მონარქებმა. თუმცა, ან უკიდურესი სტრესის ან ცუდი ჯანმრთელობის გამო, სორაია მოულოდნელად ავად გახდა. პატარძალი ყოველდღე იკლებდა წონაში, მაგრამ მაინც გადაწყვიტა შაჰზე დაქორწინება. რამადანის წინა დღეს მისმა წონამ კრიტიკულ ნიშნულს 40 კილოგრამს მიაღწია. "შაჰს ისე უყვარდა სორაია, რომ მისი მონახულებისას თვალზე ცრემლი მოადგა", - თქვა შაჰის ერთ-ერთმა მეგობარმა.
ქორწილი გადაიდო, მაგრამ, საბედნიეროდ, შემოდგომაზე სორაიამ გამოჯანმრთელება დაიწყო. ქორწილის ახალი თარიღი გამოცხადდა 1951 წლის 12 თებერვალს. საზეიმო ცერემონიისთვის თეირანის მარმარილოს სასახლე ათასობით ორქიდეით იყო მორთული.
ადრეულ წლებში მუჰამედისა და სორაიას ქორწინება ათას ერთი ღამის სიუჟეტის მსგავსი იყო. შაჰმა საყვარელ ქალს ზღაპრული სამკაულები აჩუქა, ასრულებდა მის ყველა თხოვნასა და სურვილს. ყველა აღნიშნავდა, რომ მონარქი სიგიჟემდე იყო შეყვარებული. ხოლო მისი ახალგაზრდა და ლამაზი ცოლი ფაქტიურად ბედნიერებისგან ანათებდა.
მაგრამ მალე სამეფო სასახლეში დაძაბულობა გაიზარდა. სორაია ჯერ კიდევ არ იყო ორსულად. მიუხედავად მცდელობებისა, სამეფო წყვილმა შვილი ვერ გააჩინა. საბოლოო ჯამში, გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ პრობლემა ახალგაზრდა ქალის სხეულის სტრუქტურაში იყო - მისი საშვილოსნო ათი წლის ბავშვის საშვილოსნოზე დიდი არ იყო. ასე რომ, ბუნებრივი გზით ის შვილს ვერასდროს გააჩენდა.
ამრიგად, ამ ქორწინების გადასარჩენად საჭირო იყო სხვა გზების მოძიება ქვეყნის მემკვიდრით უზრუნველყოფისთვის. შაჰს ორი გზა ჰქონდა: მოეყვანა „მეორე ცოლი“, რომელიც მისთვის ბიჭს გააჩენდა, ან შეეცვალა კონსტიტუცია და მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტს მისი ძმა დაკავებდა. პირველის წინააღმდეგი სორაია იყო, მეორეს კი მთელი ირანის მთავრობა. პოლიტიკოსებმა ღიად განუცხადეს თავიანთ მონარქს, რომ ცოლის შეცვლა უფრო ადვილია, ვიდრე კანონმდებლობის.
შაჰის ერთადერთი ძმა, ალი რეზა ფეჰლავი I, 1954 წლის 17 ოქტომბერს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
საბოლოოდ, სორაიამ ვერ გაუძლო სამეფო ოჯახის ამაზრზენ ზეწოლას. 1958 წლის დასაწყისში მან ჩაალაგა თავისი ნივთები და წავიდა - ჯერ სანტა მორიტაში, შემდეგ კი ბერლინში. მას თან ახლდნენ მისი უმცროსი ძმა და დედა, რომლებიც ამ რთულ პერიოდში გოგონას მხარს უჭერდნენ. ალბათ მაშინ ხვდებოდა, რომ ირანში აღარასოდეს დაბრუნდებოდა. მაგრამ მის სულში იმედის ნაპერწკალი არსებობდა, იმედოვნებდა რომ შაჰი შეეცდებოდა მის დაბრუნებას. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. როგორც მონარქი, მუჰამედი საბოლოოდ მიხვდა, რომ მას უნდა შეეწირა თავისი სიყვარული სახელმწიფო ინტერესებისთვის და მალევე განქორწინება მოითხოვა.
შაჰთან განშორების დროს სორაია მხოლოდ 26 წლის იყო. რა თქმა უნდა, მუჰამედი მალევე დარწმუნდა, რომ მას არაფერი სჭირდებოდა, რადგან სორაიამ უარი თქვა პრინცესას ტიტულზეც და კომპენსაციაზეც. მას უნდა ესწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება ამ დიდ სამყაროში - ძლიერი მეუღლის მფარველობის გარეშე, მისი სიყვარულისა და მფარველობის გარეშე. პრინცესა ცდილობდა ეპოვა ადგილი, სადაც თავს დაცულად იგრძნობდა, მაგრამ პრესა გამუდმებით უკან დასდევდა.
და უცებ გავრცელდა ამბავი, რომ შაჰი სხვა ქალზე დაინიშნა. მოგვიანებით სორაია თავის მოგონებებში წერდა, რომ შვება იგრძნო იმ მომენტში, როდესაც ნიშნობის შესახებ გაიგო. პრინცესა გაემგზავრა ლოს ანჯელესში, სადაც უნდა შეხვედროდა იტალიელ პროდიუსერს დინო დე ლაურენტისს, რომელიც მას ახალ ფილმში მონაწილეობას სთხოვდა. პრინცესა, რომელიც ბავშვობაში ოცნებობდა კინოვარსკვლავობაზე, დათანხმდა მის შემოთავაზებას და გადასაღებ მოედანზე შეხვდა რეჟისორ ფრანკო ინდოვინას, რომელთანაც რომანი დაიწყო.
ამ ამბიდან რამდენიმე თვეში ფრანკო ავიაკატასტროფაში მოყვა და გარდაიცვალა, სორაიას კინოკარიერა კი დიდხანს არ გაგრძელებულა. კინოკრიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ სორაია ლამაზი იყო, თუმცა სამსახიობო ნიჭი არ გააჩნდა, 2001 წელს ის გულის შეტევით პარიზში გარდაიცვალა.
სხვათა შორის, არანაკლებ ტრაგიკული იყო შაჰის ბედიც. მისმა მესამე მეუღლემ შეძლო მემკვიდრის გაჩენა, მაგრამ 1979 წელს ირანში მონარქია დაამხეს ისლამისტებმა აიათოლა ხომეინის მეთაურობით და მუჰამედი იძულებული გახდა ოჯახთან ერთად გაქცეულიყო. ის ერთი წლის შემდეგ ეგვიპტეში ლიმფომისგან გარდაიცვალა.