მომღერალი სოფო ნიჟარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა და დღემდე მისი პირადი ცხოვრება თუ მუსიკალური კარიერა აქტუალობას არ კარგავს. მასზე ბევრს ჭორაობდნენ. მედია მას ჯერ იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფავორიტ მომღერლად მოიხსენიებდა, შემდეგ კი - საყვარელ ქალად. თუმცა დაოჯახებული პრეზიდენტის გარემოცვისთვისაც და თავად მომღერლისთვის ეს უხერხული მითქმა-მოთქმა იყო.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში სოფო ნიჟარაძე მღეროდა ყველგან. საქართველოში სტუმრად ჩამოსული ჯო ბაიდენის პატივსაცემად, განახლებულ ბათუმში ანდრია ბოჩელისთან თუ კრის დე ბურგთან ერთად. ამბობდნენ, რომ მიუზიკლი "ქეთო და კოტე“, რომელშიც სოფომ მთავარი როლი შეასრულა, სპეციალურად მისთვის დაიდგა.
ჭორი კი მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წლების შემდეგ დადასტურდა. 2015 წელს მიშას და სოფოს პირველი საერთო ფოტო გამოქვეყნდა, წყვილი ბრიუსელის ქუჩებში ჩუმად გადაიღეს.
მას შემდეგ კი, რაც სოფო ნიჟარაძეს შვილი ამერიკაში შეეძინა, ამბობდნენ, რომ ბავშვის მამა ექსპრეზიდენტი იყო, რაც უკვე პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა 2022 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე "ფეისბუქპოსტით" დაადასტურა. თან ისე, რომ იმ დროისთვის უკვე გაცხადებული ჰქონდა, რომ ცოლად უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო მოიყვანა.
მოგვიანებით გამოჩნდა ფოტოები, რომლებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქალიშვილს სანახავად ამერიკაშიც აკითხავდა. უკრაინული მედია წერდა, რომ სოფო მიხეილთან კიევშიც ჩადიოდა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ომის დაწყების შემდეგ, მხარდაჭერის ნიშნად, სოფო ნიჟარაძემ უკრაინაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. რამდენიმე თვის წინ კი სოფომ, ბავშვთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოშიც მოინახულა.
სააკაშვილის პირადი ცხოვრება მისი ოჯახისთვისაც ამოუხსნელი დარჩა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სოფო ნიჟარაძეს ბავშვი შეეძინა, ექსპრეზიდენტის მამა მედიასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ბავშვის მამა სააკაშვილი არ იყო.
"ტყუილია ეს ინფორმაცია, იმ გოგოსაც ნუ აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში. ეს ისეა სიმართლე, როგორც მე მეკუთვნის მთელი უკრაინის კურორტები. ჭორს რა გამოლევს უსაქმურ და ბოღმიან ხალხში? მის ოჯახში ყველაფერი კარგად არის, არაფერი არ მომხდარა”, - აცხადებდა ნიკოლოზ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილის ლიზა იასკოზე ქორწინების შესახებ მედიიდან შეიტყო.
რუსეთი...
ვიდრე მიშას შეხვდებოდა, სოფო ნიჟარაძის ცხოვრება საინტერესოდ განვითარდა. მისი მუსიკალური კარიერა ბავშვობიდან დაიწყო. ხშირად გამოდიოდა სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსზე, სადაც უმეტესწილად იმარჯვებდა.
1997 წელს პირველად მოხვდა რუსეთის დედაქალაქში. მაშინ მომღერალი Crystal Note-ის ფესტივალში მონაწილეობდა. 2002 წელს კი საბოლოოდ გადავიდა მოსკოვში. ერთი წლის შემდეგ GITIS-ის სტუდენტი გახდა.
სოფოს პირველი სერიოზული წარმატება მიუზიკლმა "რომეო და ჯულიეტამ“ მოუტანა, რომელშიც ქალის მთავარ როლზე დაამტკიცეს მაშინ, როდესაც ამ როლზე რამდენიმე ათასი აპლიკანტი განიხილებოდა. მიუზიკლის პრემიერა მოსკოვში 2004 წლის მაისში შედგა. შემდეგ კი დაიწყო თავბრუდამხვევი კარიერა და გასტროლები. 2008 წელს, ომის შემდეგ, სოფო დედასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.
ანდრეი ალექსანდრინი
სოფო ანდრეი ალექსანდრინს მიუზიკლ "რომეო და ჯულიეტაზე“ მუშაობისას შეხვდა. ისინი შეყვარებულ წყვილს თამაშობდნენ. იმჟამად რუსული მედია წერდა, რომ ერთმანეთი პირველივე დღიდან მოეწონათ. ანდრეი განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა სოფიას, ჩუქნიდა თაიგულებს, ავსებდა კომპლიმენტებით, წყვილი ღამით ქალაქში ხშირად სეირნობდა.