„იცოდი, რომ ჩემს ბებიას რომანი ჰქონდა შენს ბაბუასთან? იქნებ ჩვენც ვცადოთ?" - კამილა პარკერ-ბოულზის (იმ დროს ჯერ კიდევ შანდის) მიერ წარმოთქმული ასეთი ფრაზით, მისი ურთიერთობა პრინც ჩარლზთან 1970 წელს დაიწყო. ერთ-ერთ სოციალურ ღონისძიებაზე ახალგაზრდები ერთმანეთს გააცნო კამილას მეგობარმა ლუსია სანტა კრუზმა, რომელიც მანამდე მცირე ხნით ხვდებოდა პრინცს, მაგრამ მას სერიოზული გეგმები არ ჰქონდა და სწრაფად მობეზრდა მემკვიდრის კომპანია.
რა თქმა უნდა, კამილასთან ურთიერთობის დაწყებისას ჩარლზს არ უფიქრია, რომ ქალი ასე სერიოზულად შეუყვარდებოდა. მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვგონია. ასე რომ, ჩარლზისა და კამილას ურთიერთობა სწრაფად გადაიზარდა რომანიდან უფრო მეტში. ელიზაბეტ II შეშინებული იყო, კამილას ჰქონდა არასანდო და არასერიოზული ადამიანის რეპუტაცია, იგი საერთოდ არ იყო შესაფერისი დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრისთვის. დედოფალმა ჩარლზი საზღვაო ფლოტში გაუშვა და ამ გზით დააშორა შეყვარებულები.
სანამ ჩარლზი იხდიდა ვალს სამშობლოს წინაშე, კამილა მიხვდა, რომ მომავალ მეფესთან ურთიერთობის შანსი არ ჰქონდა. ამიტომ ის ენდრიუ პარკერ-ბოულზე დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა. თუმცა მისი ქორწინება ბედნიერი არ გამოდგა და მან კვლავ დაიწყო ურთიერთობა ლონდონში დაბრუნებულ ჩარლზთან.
ელიზაბეტ მეორემ გადაწყვიტა ჩარლზისთვის დაიანა სპენსერი შეერთო ცოლად. როგორც ამბობენ, კამილა ამ ქორწინების წინააღმდეგი არ ყოფილა, რადგან იცოდა, რომ ჩარლზს მხოლოდ ის უყვარდა. 1981 წლის 29 ივლისს დაიანას და ჩარლზის ქორწილი შედგა. იმავე დღეს პრინცმა კამილას სამაჯური გაუგზავნა, რომელზეც მათი ინიციალები იყო ამოტვიფრული. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩარლზის და დაიანას ქორწინება მალევე დაინგრა, რადგან პრინცი დიდ დროს ატარებდა თავის ნამდვილ შეყვარებულთან და მისი შვილის ნათლიაც კი გახდა იმ მიზნით, რომ ტაბლოიდების მხრიდან ხმაური ჩაეცხრო.
იმაზე, რომ ჩარლზს და დაიანას სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, საუბარი 1985 წელს დაიწყო. პრინცი ჰარის დაბადების შემდეგ ლედი დი და მისი შვილები კენსინგტონის სასახლეში გადავიდნენ, ჩარლზი კი საცხოვრებლად Highgrove-ის სამკვიდროში გადავიდა, რომელიც ფაქტობრივად ათი წუთის სავალზე იყო კამილას სახლიდან. 1993 წელს საბოლოოდ გამოცხადდა, რომ ჩარლზი და დაიანა ერთად არ ცხოვრობდნენ. 1994 წლის დეკემბერში კამილა გაშორდა ქმარს, მაგრამ ჩარლზისა და დაიანა ქორწინება ჯერ კიდევ ოფიციალურად ძალაში იყო.
პრინცისა და კამილას ძალიან ინტიმური სატელეფონო საუბრის ჩანაწერი პრესის ხელში ჩავარდა. 1994 წლის 19 ივნისს, ჯონათან დიმბლბის სატელევიზიო ინტერვიუში, პრინცმა დაადასტურა თავისი ურთიერთობა კამილა პარკერ-ბოულზთან და განაცხადა, რომ მათი რომანი 1986 წელს აღდგა და საზოგადოებას სთხოვა, მისთვის გაეგოთ. 1995 წელს ლედი დიმ მისცა ინტერვიუ, რომელშიც მან ისაუბრა ტახტის მემკვიდრესთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე და კამილას უწოდა მათი ქორწინების დაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
1996 წლის 28 აგვისტოს ჩარლზმა და დაიანამ ოფიციალურად განაცხადეს განქორწინების შესახებ. როდესაც პრინცესა დიანა გარდაიცვალა პარიზში, უელსის პრინცესა, რომელსაც ასე უყვარდა მთელი მსოფლიო, ხალხისთვის თითქმის წმინდანად იქცა. მიუხედავად ამისა, ჩარლზისა და კამილას ურთიერთობა გაგრძელდა. 2000 წელს პრინცმა ოფიციალურად გააცნო თავისი რჩეული დედოფალ ელიზაბეტ II-ს და მათ მიიღეს ერთად ცხოვრების ნებართვა, მაგრამ კამილა მაინც ვერ ახერხებდა ოფიციალურ ღონისძიებებზე გამოცხადებას.
2005 წლის დასაწყისში ჩარლზმა კამილას ცოლობა სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთებში ვადაზე ადრე - 10 თებერვალს გავრცელდა. იმავე დღეს კამილა და ჩარლზი გამოვიდნენ ბუკინგემის სასახლის კარიბჭესთან შეკრებილ მედიასთან და დაადასტურეს ნიშნობა.
ორი თვის შემდეგ, 9 აპრილს, შეყვარებულები დაქორწინდნენ. ჯერ უინძორის მუნიციპალიტეტში მოკრძალებული სამოქალაქო ცერემონია გაიმართა, რომელსაც მხოლოდ 28 სტუმარი დაესწრო - საქმროს მშობლები იქ არ იყვნენ. ცერემონიაზე პატარძალი Robinson Valentine-ის კრემისფერი შიფონის კაბაში გამოჩნდა. შემდეგ წყვილმა კურთხევა წმინდა გიორგის სამლოცველოში მიიღო - სადაც უკვე იმყოფებოდნენ ელიზაბეტ II და პრინცი ფილიპე.
პრინც ჩარლზის შვილებმა - უილიამმა და ჰარიმ - სრულად დაუჭირეს მხარი მამას მის არჩევანში და არაერთხელ განაცხადეს, რომ ძალიან უხაროდათ მისი ბედნიერება.
ახლა კი, ქორწილიდან 17 წლის შემდეგ, კამილას გარეშე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმოდგენა აბსოლუტურად შეუძლებელია.