12 სექტემბერს ქართველი მსახიობი მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. Ambebi.ge-მ მის მეუღლესთან, ქეთი კალანდაძესთან ჩაწერა ინტერვიუ. ქალბატონი ქეთი კოსტიუმების მხატვარია, წლებია, კინოში მუშაობს და მეუღლესთან ერთადაც არაერთ პროექტზე უმუშავია.
ინტერვიუები არ უყვარს, სიამოვნებს, როცა საყვარელ საქმეს თავისთვის, მედიის და ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებს. არც ის უყვარდა, როდესაც მეუღლე მას სადმე ინტერვიუში ახსენებდა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და მიშას დიდი სიყვარული რომ არა, ამ ინტერვიუზე არაფრით დაგვთანხმდებოდა. ჩვენთან საუბარი საყვარელი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა.
- რასაც ახლა განვიცდი, სიტყვებით არ გადმოიცემა. ცუდად ვარ, მაგრამ ამას არც ვამბობ, ზოგჯერ თავს ვერ ვიკავებ. არც მიშას გაუხარდებოდა, რომ ასეთი ვენახე. თავისი წასვლით გული ძალიან მატკინა. ჯერ კიდევ მგონია, რომ სიზმარია, რომლიდანაც გამოვიღვიძებ, გამოვფხიზლდები და აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში არ მომხდარა. სამწუხაროდ, ასე არ არის. ადამიანები ვართ და ვცდილობ, ცხოვრება განვაგრძო. ძალიან მიყვარს მიშა და სულ მეყვარება. ამ ყველაფერს მისი სიყვარული მაკეთებინებს.
...უხაროდა, როცა რეალიზებული, შემდგარი ვიყავი, საქმე მქონდა. ამით ამაყობდა... მოკლედ, არ ვყრი ყურებს. მერე ამ დედამიწაზე მარტოც ხომ არ ვარ, უამრავი ადამიანი, მეგობარი მიყურებს, არიან შვილები, შვილიშვილები, არის ცხოვრება და ადამიანებთან ურთიერთობა. შენს ნაჭუჭში ჩაიკეტო, ეს რანაირად შეიძლება?! არადა, მიშას გარეშეც როგორ უნდა ვიყო?! ის ჩემთვის ყველაფერი იყო და ერთ მშვენიერ დღეს ამ ყველაფრის გარეშე დავრჩი...
14 ოქტომბერს რაღაც პროექტზე ერთად უნდა გვემუშავა, ვემზადებოდი და 11 სექტემბერს სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა. სასწრაფოს მანქანაში თავისი ფეხით ჩაჯდა. მეც მივყვებოდი. მეგონა, გადასხმები და გარკვეული პროცედურები ჩაუტარდება და 14-ში უკვე კარგად იქნებოდა.12-ში, გამთენიისას კი, უკვე აღარ იყო...
- ძალიან სამწუხაროა... ინტერვიუში ამბობდა ხოლმე, ცხოვრებაში რამდენჯერაც შემიყვარდა, იმდენჯერ ის ადამიანი ცოლად მოვიყვანე, ქეთი კი ჩემი ბოლო სიყვარულიაო... ფაქტობრივად, ასეც აღმოჩნდა...
- ერთად ყოფნის მეთორმეტე წელი დაიწყო... სულ ვამბობ, რომ ჩვენი დაწყვილება უფალმა ინება. ისე მეცინებოდა იმაზე, რომ ატყდებოდა ხოლმე ამბავი, მერამდენე ცოლია?.. რაში მაინტერესებს, მერამდენე? ეს მეასეხარისხოვანია. მთავარი ჩემი და მისი ურთიერთობა იყო...
წაიკითხეთ სრულად