ბაღში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია წყალი. განსაკუთრებით, მოძრავი წყალი, რომელიც ეზოს აგრილებს და ბაღის თავისებურებას ქმნის.
მისი ჭვრეტა მომაჯადოებელი და საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ლანდშაფტის არქიტექტურა ახალი დარგია, ნინო შენგელია ამ სფეროს გამოცდილი სპეციალისტია და წლებია, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. სწორედ მას ვესაუბრეთ თემაზე, თუ რა დატვირთვა აქვს წყალს ლანდშაფტში და კერძოდ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ წყალი ჩვენს კარ-მიდამოში.
- რა მასალისგან უნდა გაკეთდეს გუბურა?
- შეიძლება იყოს ბეტონის კონსტრუქცია, საფუძველში არმატურის მოქსოვილი ბადით, რაც აძლიერებს ფსკერს. თავად, ძირითადად, ბეტონის ფსკერს ვიყენებ, რადგანაც მასზე ბუნებრივი ქვების განლაგებაც მისაღებია. მეტად პეიზაჟური და ბუნებასთან მიახლოებული სურათი გამოდის. მსოფლიოში ასევე მიღებულია ფირი, რომელიც წყალს არ ატარებს. იმ თარგზე, როგორც არის ამოთხრილი მიწა, ფირს აფენენ.
მას ერთი მინუსი აქვს - როგორც უნდა დაფარო, მაინც ჩანს თხელი რეზინი. თუმცა მისი პლუსი ის არის, რომ თუ ასეთი გუბურა მოგვბეზრდება, გავშლით და მიწას გავასწორებთ, თითქოს არაფერი ყოფილა. მეორე მხრივ, ბეტონი უფრო ბუნებრივად გამოიყურება. მოკლედ, ამ ორ მასალას შორის შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ.
- რა მცენარეები უნდა განვალაგოთ და რა ხარობს გუბურის სიახლოვეს?
- წყლის მოყვარული მცენარეა კალა, ის მის სიახლოვესაც შეიძლება დავრგოთ და პირდაპირ წყალშიც ჩავდგათ ქოთნით. ასევე, ახლოს შეგვიძლია განვათავსოთ ბამბუკი, ზამბახის ნაირსახეობა, რომლებიც წყლის მოყვარული მცენარეებია. ნესტი უყვართ გვიმრებსაც. კარგად ხარობს ნეკერჩხალი, განსაკუთრებით ლამაზია იაპონური ნეკერჩხალი, მტირალა ფორმის ტირიფი.
- რა დაგვიჯდება ეს სიამოვნება?
- ამის განსაზღვრა რთულია. საჭიროა მასალის შეძენა (ქვები, ძრავა, სანტექნიკური მილები), მუშახელი, მხატვარი. თავდაპირველად დიზაინერმა ესკიზი უნდა გააკეთოს. მხატვარი კი ქვით ასრულებს იმ კომპოზიციას, რასაც დიზაინერი კარნახობს. საშუალოდ, ეს ყველაფერი 3000-4000 ლარი ჯდება. თუმცა, შესაძლოა, მინიმალური თანხა 1500-იც იყოს და უფრო ნაკლებიც.
- შადრევანი ბაღის კლასიკური ელემენტია. იქნებ ისიც განვიხილოთ?
- შადრევანი უფრო აღმოსავლური ბაღების ელემენტია. სათავეს სპარსული ბაღებიდან იღებს. მან მოგვიანებით იტალიური რენესანსის ხანის ბაღებში გადაინაცვლა, სადაც ნამდვილ საოცრებებს ახდენს: ჩამოედინება რამდენიმე ტერასიდან, გადადის შადრევანში, ხდება მოულოდნელი წყლის ამოფრქვევებიც. იტალიური ბაღები წყლის ფეიერვერკის აპოთეოზია. ამ ყველაფერმა მოგვიანებით განვითარება ფრანგულ ბაღებშიც ჰპოვა. იტალიურიდან იქ ბევრი რამ არის აღებული, მაგრამ ყველაფერი მაინც საფრანგეთის ლანდშაფტზეა მორგებული, რადგანაც სივრცეები ნაკლებად მთაგორიანია. გაგვიკეთებია პეიზაჟური წყალვარდნილები, რომლებიც ბუნების იმიტაციას ახდენს. ისეთ ფორმასა და შესახედაობას ვაძლევთ, თითქოს ეს არ არის ხელოვნური. ეზოს ბუნებრივად უნდა შეერწყას.
- რას იტყვით ეზოში გამართულ საცურაო აუზზე?
- საცურაო აუზის მხატვრული დატვირთვა ლურჯი წყალია, რომელიც გეომეტრიულ ფორმებშია გადაწყვეტილი. ეს ადგილი, ზოგადად, ცურვისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ პროექტში მხატვრული დატვირთვა აქვს და დიდი ბაღის ცენტრში იგება. საცურაო აუზი ორ დიდ ნაწილს აერთიანებს, მაგრამ დეკორატიულ დატვირთვასაც იძენს.
- შადრევანი ეზოში ნებისმიერ ადგილზე შეიძლება გაკეთდეს?
- არა, რა თქმა უნდა. ადგილი ძალიან ფაქიზად უნდა შეირჩეს, რადგანაც ფაქტობრივად, შადრევანი ეზოში დომინანტია და გამოსაჩენ ადგილას უნდა იყოს. საჭიროა, იყოს ტერასა ან სწორი და არარელიეფური ადგილი - ეს აუცილებელი პირობაა. შადრევნის ტიპებიც მრავალფეროვანია. შეიძლება იყოს სამსართულიანი, ერთსართულიანი და ერთი ჭავლით, გაფანტული, კლასიკური, თანამედროვე. არსებობს კინეტიკურიც. ეს მოძრავი სკულპტურაა და წყალი ერთი ნაწილიდან მეორეში ისხმება.
- როგორ უნდა მოვუაროთ წყლის ნებისმიერ ნაგებობას ეზოში?
- რომ არ დაიბინდოს და აიმღვრეს, გაწმენდა უნდა. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ წყალი არ დააკლდეს, რადგანაც რომ აკლდება, ძრავა ითიშება. ასევე უნდა შევამოწმოთ, წყალი სადმე ხომ არ იპარება, რაიმე ტექნიკური პრობლემა ხომ არ არის. გაწმენდისას წყალმცენარეები უნდა ამოვიღოთ და გავასუფთაოთ. თუ ფილტრები არ აქვს დაყენებული, წყალი ორ კვირაში ერთხელ უნდა გაიწმინდოს. ფილტრები ცოტა ძვირი სიამოვნებაა. წყალს კვირაში ერთხელ თუ გამოვცვლით, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
უფრო დაწვრილებით იმაზე, თუ როგორ უნდა მოაწყოთ სახლის ეზოში აუზი, გუბურა, ჩანჩქერი, წყარო, როგორ უნდა გაალამაზოთ და გააგრილოთ აგარაკი და ბევრ სხვა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას თქვენთვის იხილავთ ახალ ჟურნალში "შინ", რომელიც ყოველი თქვენგანის საყვარელი ჟურნალი გახდება.
ეს იქნება ჟურნალი თქვენი სახლისთვის - ყველაფერი სახლზე, პრაქტიკული რჩევები ბინის, ეზოს, აგარაკის მოსაწყობად და მოსავლელად, ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟები ცნობილი ადამიანების სახლებიდან, მასტერკლასები საოჯახო ნივთების შინ დასამზადებლად, ქართული ტრადიციული ხელსაქმე, სამკურნალო ბალახეული, საინტერესო ამბები ქართული სოფლებიდან, დიასახლისებისთვის საჭირო რჩევები და კიდევ ბევრი სხვა რამ.
არ გამოგრჩეთ, პირველი სრულყოფილი და ძალიან საინტერესო ჟურნალი თქვენი სახლ-კარისთვის! "შინ" სულ მალე გამოჩნდება დახლებზე!