"ნიჭიერის" სცენაზე გამოჩენილმა ლაგოდეხელმა ბარბარა სამხარაძემ მაყურებელი გააოცა, მან ცნობილი ჰიტი "I will survive" შეასრულა.
თავიდან გოგონას სკეპტიკურად შეხვდნენ, თუმცა, როცა ხმა ამოიღო, ჟიურის წევრები და დარბაზში მსხდომები გაოცდნენ. ბარბარას შესრულებით აღტაცებულმა ნიკა გვარამიამ კი ოქროსფერ ღილაკს დააჭირა ხელი და ბარბარა პირდაპირ ნახევარფინალში გადაიყვანა.
AMBEBI.GE ბარბარა სამხარაძეს დაუკავშირდა, რომ ის უკეთ გააცნოს მკითხველს.
- ბარბარა ხარ თუ ბარბარე?
- ბარბარა.
- ბებოს სახელი გქვია?
- არავის სახელი არ მქვია, - რაც უნდა გასაკვირი იყოს, დედას რაღაც ძალამ ჩასძახა, ბარბარა დაარქვიო და ასეც მოიქცნენ.
- მოგწონს შენი სახელი?
- ძალიან, უკეთესი არ არსებობს (იცინის).
- დედისერთა ხარ?
- უფროსი და მყავს, რომელიც უკვე უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს.
- ე.ი. 14 წლის ხარ...
- უკვე 15 წლის გავხდი გადაცემის ჩაწერიდან მეორე დღეს, 12 ოქტომბერს.
- როგორც თქვი, ვოკალის პედაგოგი არ გყოლია. სიმღერის სიყვარული და მუსიკალური მონაცემები საიდან გაჩნდა შენში? ვინმე მღერის თქვენთან?
- დეიდას აქვს დამთავრებული მუსიკალური შვიდწლედი და პატარაობიდანვე, როგორც თავის უმცროს დას, ისე მეთამაშებოდა, სულ სიმღერ-სიმღერით მზრდიდა. "ბასტი-ბუბუს" სიმღერებს მასმენინებდა. ჩემზე დეიდამ დიდი ზეგავლენა მოახდინა.
- თავად როგორ გაფასებს?
- რასაც ამბობს, მისი პროგნოზები ყოველთვის მართლდება, თითქოს, წინასწარმეტყველური ნიჭი აქვს. 4 წლის რომ ვიყავი, თურმე უთქვამს, - ეს გაიზრდება და საქართველოს გააოცებსო. ოღონდ ჯერ არ ვიცი, უკვე გავიზარდე თუ არა... დეიდაჩემი და დედაც ისეთ რაღაცებს მეუბნებიან, რომ გული საგულეში მაქვს, დაიმედებული ვარ (იცინის).
- ნომერი, რომელიც საკონკურსოდ წარმოადგინე, დამოუკიდებლად როგორ მოამზადე?
- ისევ დეიდაზე განვაგრძობ საუბარს, რადგანაც ყველა გზა მაინც მისკენ მიდის. 6 წლის ვიყავი, მუსიკალურ სკოლაში რომ მიმიყვანეს (ჩემს დასაც მუსიკალური შვიდწლედი აქვს დაამთავრებული). დეიდა გვეუბნებოდა, სანამ მუსიკალური სკოლის დიპლომს არ დამანახვებთ, დეიდა არ დამიძახოთო. მისი ხათრით ვსწავლობდით. პატარა ვიყავი და დედაჩემზე მეტად დეიდა მიყვარდა. მოკლედ, შარშან დავამთავრე მუსიკალური სკოლა, მაგრამ იქ ბევრი ვერაფერი ვისწავლე. ერთადერთი დაკვრა, ვოკალურად არ გავზრდილვარ. მუსიკალური სკოლის დამთავრებისას დიდი სირთულეების გადალახვა მომიხდა.
- რატომ?
- რაიონში ორ კვირაში 6-7 კონცერტზე მომიწია გუნდში სიმღერა. ფორტეპიანოზე მეცადინეობას ვეღარ ვასწრებდი და დიპლომი რომ ავიღე, ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცი, გუნდის ნიშანი, ანუ სიმღერაში 8-იანი მეწერა. დირექტორს ვუთხარი: ნატო მას, შეიძლება 8-ს დღეს ვამართლებ, მაგრამ 10-იანს "ნიჭიერის" სცენაზე დავამტკიცებ-მეთქი.
იხილეთ სრულად: ambebi.ge