ინტერვიუსას ასეთი გულწრფელები იშვიათად არიან, როგორიც მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჩვენთან ინტერვიუში იყო, რუბრიკისთვის: "ჩემი ცხოვრების პალიტრა", რომელშიც რესპონდენტი თავისი ცხოვრების ეტაპებს ფერებს ადარებს.
ვინაიდან არც ისე მოსახელთებელი რესპონდენტია და პრესისთვის ინტერვიუს, პრაქტიკულად, არ იძლევა, ამიტომ, ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავიდოდით, შესავალში დრო მის ამჟამინდელ საქმიანობას დავუთმეთ. ის საქართველოს მასშტაბით სოლო-კონცერტებს აქტიურად მართავს.
- გაგიმართლა და ცნობილ ოჯახში დაიბადე. რა ადგილი უკავია ოჯახს შენს ცხოვრებაში და რა ფერს მიანიჭებდი მას?
- ბავშვობა იმდენად ნათელი მახსოვს, რომ აუცილებლად ასეთივე ნათელ ფერს უნდა შევადარო, ალბათ, რაღაც ღია ვარდისფერს. იმ პერიოდიდან ცუდი არაფერი მახსენდება. მართლაც ისე მოხდა, რომ გავჩნდი ოჯახში, სადაც გავჩნდი, - ეს ღმერთის საჩუქარია. გარდა იმისა, რომ ჩემ გარშემო ყველა პოპულარული ადამიანი იყო, ჩვენთან ყოველთვის საოცარი ადამიანები იკრიბებოდნენ. უმრავლესობა, სამწუხაროდ, დღეს ცოცხალი აღარ არის.
ბაბუაჩემ იმედასთან მართლა კარგი სტუმრები მოდიოდნენ - თემიკო ჩირგაძე, გურამ ლორთქიფანიძე (ლორთქია), გურამ ფირცხალავა, ელდარ შენგელაია ხომ ჩვენი ახლობელია და იყო საოცარი საღამოები... ასევე კარგად მახსოვს დედაჩემის მეგობრები "მზიურიდან", თამრიკო ჭოხონელიძე და მაია ჯაბუა საერთოდ, ჩემი ნათლიები არიან. როგორც დედას მეგობარი, პატარაობიდანვე მახსოვს დათო ევგენიძეც. ეკას სამეგობრო წრეში იყვნენ მისი მსახიობი მეგობრები: გია გაჩეჩილაძე, თემიკო ჭიჭინაძე, ლევან წულაძე (ჭოლა). ჩემს მშობლებს ფართო და საერთო სამეგობრო წრე ჰყავდათ. დედას თეატრში დავყავდი, ცოცხალი გენიოსი, მიხეილ თუმანიშვილი მახსოვს, მის რეპეტიციებს ვესწრებოდი. ღმერთის დიდი საჩუქარი იყო, რომ ამ გარემოცვაში გავჩნდი და გავიზარდე.
ორწლინახევრის ვიყავი, როცა პირველად სცენაზე ავედი და რაღაც კონცერტში, თამრიკო ჭოხონელიძის ინიციატივით, ვიმღერე, მაგრამ როგორც მეუბნებიან, მინერვიულია, თან, თურმე შემრცხვა კიდეც. რა სიმღერა შევასრულე, არ მახსოვს. ასეთი იყო ჩემი პირველი სასცენო გამოცდილება.
...დღეს ამაზე მეცინება, მაგრამ რაც შეეხება პირველ იმედგაცრუებას, ეს პირველ სიყვარულს და შეყვარებულს უკავშირდება, მისგან ბევრი რამ მეწყინა. იმ ურთიერთობამ ცხოვრებაზე სხვანაირად დამაფიქრა, - საკუთარ თავს უამრავ კითხვას ვუსვამდი, მაგრამ იმ პერიოდისთვის ფერის მინიჭება გამიჭირდება, შეიძლება იყოს მკვეთრი წითელი, რომელიც ღვინისფერში გადადის.
21- 22 წლისა ჭორების არეალში მოვექეცი. არ ვიცი, რატომ იგონებდნენ ამდენ ჭორს ჩემზე. რეალობასთან არც ერთ მათგანს საერთო არაფერი ჰქონდა. ერთი ყველაზე გამაოგნებელი ჭორი ჩემზე ბევრად დიდ ადამიანზე შემითხზეს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, თან, საკმაოდ დიდი ფიგურა იყო. თავიდან მეცინებოდა იმ ყველაფერზე, მაგრამ ასეთ ჭორებს საბოლოოდ ის მოაქვს, რომ ცხოვრებას გირევს, - გამოგონილ ამბავს ყველა იჯერებს და ჰგონია, რომ მართლაც ასეა...
- მერე, როგორც მახსოვს, უკვე მალე გათხოვდი...
- კი, იმ არეულ პერიოდში უეცრად გავთხოვდი. მაშინ ასე მეგონა, რომ ეს იყო ის, რაც მინდოდა, ადამიანით რომ აღფრთოვანდები, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ეს ნაბიჯი შეცდომა იყო.
- შენი საუბრიდან ვასკვნი, რომ იმ არეულმა პერიოდმა ოჯახის შექმნისკენ გიბიძგა...
- მარტო ამან არა, - ბავრი რამ საზოგადოებამ არ იცის, მაგრამ ამაზე ლაპარაკის დრო ახლა არ არის, თან ეს მარტო მე არა, ბევრ ადამიანს შეეხება. იყო ბრძოლები, გნებავთ, კარიერაში, "პირადშიც". მერე სურვილი გამიჩნდა, რომ იმ ყველაფრისგან დამესვენა და აქაურობას გავცლოდი, "პადნოშკებით" დავიღალე, - დიახ, მათთან ბრძოლას გაცლა ვამჯობინე. გაგრძელება