– ის აქვს ყველას: უშნო, ფორმადაკარგული, მაგრამ საოცრად კომფორტული და ამოჩემებული, საყვარელი სახლის შარვალი, რომლითაც მაღაზიაში ჩასვლა ძალიან გრცხვენია. მეც ეტყობა ღმერთი გამიწყრა, რომ სირცხვილი დავძლიე და "ნიკორას" სუპერმარკეტში სწორედ ასეთი მუხლებგამობერილი შარვლით ჩავირბინე.
ის ვერ გავითვალისწინე, რომ საღამო იყო. ანუ ის დრო, როდესაც მარკეტებში ხალხმრავლობაა. სამსახურებიდან დაბრუნებული ადამიანები, რომლებიც როგორც წესი, სახლში ასვლამდე ჯერ მაღაზიაში შეივლიან, რომ საჭირო პროდუქტები გაიყოლონ ხოლმე.
მე მარტო პური მინდოდა და ამიტომ, კალათი არ ამიღია, პირდაპირ პურ-ფუნთუშეულის განყოფილებისკენ გავეშურე დიდი ნაბიჯებით, მაგრამ – ბედი არ გინდა?
ჩემი ყოფილი შეყვარებული, რომელიც მეზობელ კორპუსში ცხოვრობს და რომელიც სულ რაღაც ორი თვის წინ დამშორდა, ძეხვების მაცივართან იდგა ჩაფიქრებული სახით. სავარაუდოდ იმაზე ფიქრობდა, რომელი ძეხვი უფრო მოუხდებოდა ლუდს…
ჩვენი დაშორებიდან ერთ თვეში ცოლი მოიყვანა. ყველაზე მეტად ის არ მაწყობდა, რომ ასეთ ფორმაში დავენახე. ვიცოდი, აუცილებლად იფიქრებდა, რომ მისი დაკარგვა რთულად გადავიტანე, დეპრესია დამემართა, თავდაჯერებულობა დავკარგე, გარეგნობა ფეხებზე დავიკიდე და თავს უფლება მივეცი, ასეთი მოჩლაჩული შარვლით გარეთ გამოვსულიყავი…
არა, ეს ნამდვილად არ მაწყობდა! ამიტომ, სასწრაფოდ ამოვეფარე ტკბილეულის დახლს. ჩემს ჯინაზე, იდგა და ერთი საათი ფიქრობდა.
ჩვენი ერთად ყოფნის დროსაც სულ ასე იყო. ყველაფერზე ფიქრობდა… უმნიშვნელო რამეზეც კი… ღმერთმა უწყის, რამდენი იფიქრა, დამშორებოდა თუ არა.
- ხომ ვერ დაგეხმარებით?
ზრდილობიანი კონსულტანტი გოგონას სიტყვები ზედმეტად ხმამაღალი მეჩვენა. არ მინდოდა, იმას გამოეხედა, ამიტომ ხელი ორცხობილის შეკვრას დავტაცე, რომ კონსულტანთან დიალოგი ამეცილებინა თავიდან.
ჩუმად გავხედე, მაგრამ იქ აღარ იდგა. ლუდის ასარჩევად მიდიოდა. მეც სასწრაფოდ შევიცვალე ადგილმდებარეობა. ისე ვიმალებოდი, როგორც ალბათ ჰოლივუდის ვარსკვლავები ემალებიან პაპარაცებს…
- რა გაინტერესებთ? აქცია გვაქვს ხაშზე. საჩუქრად ნივრის საკაზმი მოყვება! – ამჯერად მეორე კონსულტანტი მომადგა.
- მომეცით!
ვთქვი ჩურჩულით და მეორე ხელში პლასტმასის კონტეინერი დავიჭირე, ნივრის საკაზმი კი ზემოდან დავადე. ჩემს ყოფილს ლუდი აერჩია და თვალით კონსულტანტს ეძებდა. სასწრაფოდ გავძვერი დახლებს შორის და ისევ დავიმალე. ჩემი იქ დგომა საეჭვო რომ არ გამოჩენილიყო, ნელ-ნელა ვიღებდი იმას, რაც ხელში მომხვდებოდა.
- კალათი არ გნებავთ? მოგიტანთ…
ისევ პირველ კონსულტანტს შევხვდი…
- არა, არა! იყოს… არ მინდა კალათი! უბრალოდ, ჩემი ძველი ნაცნობი დგას იქ და… არ მინდა დამინახოს…
ვუთხარი გოგონას და ორცხობილის შეკვრა კბილებით დავიჭირე, რადგან ხელში მეჭირა ხაში, ნივრის საკაზმი, რძე, ჰიგიენური საფენები, ჭიქა და სტეპლერი. კონსულტანტი აშკარად მიხვდა ჩემს გასაჭირს, ჩემს მდგომარეობაში შევიდა და გადაწყვიტა დამხმარებოდა. ჯერ მომეფარა და შეუმჩნევლად იმ დახლთან მიმიყვანა, რომელიც სალაროსთან ყველაზე ახლოს იყო. მერე ჩემს ყოფილთან მივიდა, რომ დახმარება შეეთავაზებინა და ამით მისი ყურადღება მიეპყრო. მე კი ამასობაში ნავაჭრის ღირებულებას გადავიხდიდი და "ნიკორას" სწრაფად დავტოვებდი.
წარმოუდგენლად სასიამოვნოა ის ფაქტი, როდესაც შენთვის სრულიად უცხო ვიღაც, ადამიანურობას გამოიჩენს და იმას გაგიკეთებს, რაც სულ არ ევალება… ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უცნობი უფრო დაგიდგება გვერდში, ვიდრე ნაცნობი… შეიძლება ამას სულაც არ ასწავლიდნენ ტრენინგებზე, რომლებსაც სავარაუდოდ კონსულტანტები გადიან, მაგრამ ფაქტია, ამ გოგონამ საოცარი გულისხმიერება გამოიჩინა ჩემს მიმართ და ამით ჩემი გულიც მოიგო.
შვებით ამოვისუნთქე და ნაძვის ხესავით ასხმული მივედი სალაროსთან. ჩემს წინ რამდენიმე ადამიანი იდგა, შიშით უკან არც გამიხედავს, მაგრამ უცბად, ყურთან ნაცნობი ბარიტონი ჩამესმა.
- "პახმელიაზე" გამოდიხარ?
მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე. ის იყო. როგორც ჩანს, ჩემმა "მოკავშირემ" დიდხანს ვეღად დააყოვნა…
- ნწ…
ვთქვი და თავი გადავაქნიე. ამ დროს, სტეპლერი ხელიდან გამისრიალდა და ფეხში მოხვდა.
- ჩააწყვე აქ! – თავისი კალათა გამომიშვირა და პირიდან ორცხობილას პარკი გამომაცალა.
- არ გინდა, ნუ წუხდები! – ვუთხარი და ნერწყვი გადავყლაპე.
- მე კი არა, შენ წუხდები, ყველაფერი ხელში გიჭირავს… ისე, ხაში და რძე ერთდროულად კუჭს აგიშლის…
- ეგღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის…
ჩავიდუდღუნე გაბრაზებულმა.
- კალათა მაინც რატო არ აიღე?
- იმიტომ, რომ მარტო პურის საყიდლად შემოვედი. რა ჯანდაბად მინდოდა კალათა?
- ჩაალაგე აქ, ნუ ჯიუტობ!
ძალიან არ მინდოდა მის კალათში ჩემი ნივთების ჩალაგება. არ მინდოდა მას გადაეხადა და თავი ვალებულად მეგრძნო. ისევ ჩემმა მხსნელმა მიშველა, რომელმაც ცარიელი კალათი მომირბენინა და ჩემს ყოფილთან კამათს გადამარჩინა.
- როდის აქეთ შეგიყვარდა ხაში? აა, თუ ადრეც გიყვარდა და ჩემს პონტში არ ჭამდი? – გაეღიმა.
- არა, ახლა შემიყვარდა! რას ვიზამთ… ცხოვრება ძალიან უცნაურია! აი, თუნდაც, პიცის ყუთი ოთხკუთხედია და თვითონ პიცა მრგვალი, ნაჭრები კიდე სამკუთხედი… ხოდა, რა გიკვირს, თუ ხაში შემიყვარდა?
ამასობაში ჩემი რიგიც მოვიდა. გადახდა დააპირა, მაგრამ არ დავანებე. სალაროსთან ორთაბრძოლა გავმართეთ. ლამის პლასტიკური ბარათებით ვიხმალავეთ… ამ ამბავში რომ ვიყავით, მაღაზიაში მისი ახალმოყვანილი ცოლი შემოვიდა, რომელსაც ძველი, ფორმადაკარგული სახლის შარვალი ეცვა…
– სად ხარ ამდენ ხანს? რით ვერ იყიდე? – ჰკითხა კოპებშეკრულმა, როდესაც მოგვიახლოვდა. მე კიდევ წელში გავსწორდი და საკუთარი უპირატესობა შევიგრძენი, რადგან ჩემი შარვალი მისაზე ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა.
პარკს ხელი ამაყად დავტაცე, ჩემს "საიდუმლო მოკავშირეს" ალერსიანად გავუღიმე, ხოლო ჩემი ყოფილი, თავის ახალ (მოჩლაჩულშარვლიან) ცოლთან სალაროსთან ღირსეულად დავტოვე…
წყარო teasblogi