შაკიკი ანუ ჰემიკრანია გავრცელებული, ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ძლიერი, მოულოდნელად აღმოცენებული შეტევითი და განმეორებითი ხასიათის თავის ტკივილი ახასიათებს. ძლიერი ტკივილი შეიძლება 4-დან 72 საათამდე გაგრძელდეს.
შაკიკი ქალებში 4-ჯერ უფრო ხშირია. პირველი შეტევა შეიძლება მოზარდობის ასაკში განვითარდეს, შუახნის ასაკში კი გაქრეს. შეიმჩნევა შაკიკისადმი ოჯახური წინასწარგანწყობა.
რატომ გვტკივა თავი
შაკიკის დროს ადგილი აქვს თავის ტვინში სისხლძარღვოვან არასტაბილურობას: შეტევისას სისხლძარღვები თავდაპირველად ვიწროვდება, შემდეგ კი მკვეთრად ფართოვდება. ამ დროს ძლიერდება თრომბოციტების შეწებება.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს სეროტონინი, რომლის რაოდენობაც ჯერ იმატებს, შემდეგ კი მკვეთრად იკლებს. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით თავისუფლდება ტკივილის გამომწვევი ნეიროპეპტიდები, ხოლო ტრი გემინული (გამშვები) სისტემა აძლიერებს ტკივილის აღქმას.
რატომ იწყება შეტევა
შაკიკის პროვოცირება შეუძლია როგორც გარეგან, ისე შინაგან ფაქტორებს. გარეგან ფაქტორებს მიეკუთვნება:
საკვები და სასმელი - შოკოლადი, კაკაო, ყავა, ციტრუსები, თხილი, კაკალი; პროდუქტები, რომლებიც შეიცავს სოდიუმ ნიტრიტს - ჰოთდოგი, ბეკონი, ძეხვი, "სალიამი"; რძის ზოგიერთი პროდუქტი - ყველი, არაჟანი; პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ნატრიუმის გლუტამატს - ცხარე ჩინური სოუსები; პროდუქტები, რომლებიც შეიცავს თიამინს - დამარილებული ქაშაყი, ქათმის ღვიძლი, პარკოსნები, ლობიო; ასევე: წითელი ღვინო, ლუდი, შამპანური, ხელოვნური დამატკბობლების შემცველი პროდუქტები, გაზიანი სასმელები - "კოკა-კოლა" და სხვა;
სითხის უკმარისობა;
შიმშილი და ჰიპოგლიკემია - შიმშილის დროს სისხლში შაქრის ოდენობა მცირდება, ეს თავის ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა შაკიკის შეტევას დაუდოს სათავე;
გარემო პირობები - სიცხე, სიცივე, კაშკაშა სინათლე, ქარი, ძლიერი ხმაური, მკვეთრი სუნი;
მედიკამენტები (ვაზოდილატატორები, ორალური კონტრაცეპტივები, ინდომეტაცინი).
შინაგან ფაქტორებს მიეკუთვნება: ხანგრძლივი ძილი ან უძილობა; გადაღლილობა და ფსიქოემოციური გადაძაბვა; ფიზიკური აქტიურობა, მათ შორის - სქესობრივი კონტაქტი;
ჰორმონული ძვრები: პუბერტატული პერიოდი, მენსტრუაცია, ორსულობა, კლიმაქსი.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკას. განსაკუთრებით - დედის მხრიდან, ხოლო თუ შაკიკს ორივე მშობელი უჩივის, ბავშვს ათიდან მხოლოდ ერთი შანსი აქვს, დარჩეს ჯანმრთელი. ხშირად შეტევის პროვოცირებას რამდენიმე ფაქტორის ერთდროული ზემოქმედება ახდენს. მაგალითად, თუ ქალს მენსტრუალური ციკლის შუაში თეთრი ღვინო, ყველი ან შოკოლადი სიამოვნებას ანიჭებს, უშუალოდ მენსტრუაციის დროს იმავე პროდუქტებმა შესაძლოა შაკიკის შეტევა გამოიწვიოს.
რამდენიმე სახის შაკიკი არსებობს და წარმოადგენს თავის ტკივილის მთელ კლასს, რომლის ცალკეული სახეობა დამოუკიდებლად იშვიათად გვხვდება და ხასიათდება შედარებით სტერეოტიპული, მკვეთრი, ინტენსიური, შეტევისებური და განსხვავებული (კონკრეტული სახის მიხედვით) ხანგრძლივობის ტკივილებით.
ამ ტიპის ყველა თავის ტკივილი ქრონიკული ხასიათისაა. გამწვავებებისა და რემისიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტკივილის კონკრეტულ სახეობაზე და პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
ჰემიკრანიით დაავადებულთა უმეტესობას აქვს აურა. აურა არის მდგომარეობა შეტევის განვითარებამდე 10-30 წუთით ადრე. ამ დროს ზოგი ხედავს მოციმციმე წერტილებს, ხდება მხედველობის დაქვეითება და სხვა. შაკიკის სხვა ფორმას არ ახასიათებს აურა. შაკიკის შეტევები მეორდება გარკვეული პერიოდულობით - თვეში 2-4 შეტევა.
დიაგნოსტირება
უნდა ჩატარდეს ნევროლოგიური გამოკვლევა, თავის ტვინის მაგნიტორეზონანსული კვლევა.
თავის ტკივილი შეიძლება სხვა დაავადებების სიმპტომი იყოს, ამიტომ თუ ტკივილი არ შემცირდება 24 საათის განმავლობაში, თუ ახლავს მას მაღალი ტემპერატურა ან კისრის კუნთების რიგიდულობა, აუცილებელია ნევროლოგთან დაუყოვნებლივი ვიზიტი.
ზემოთ დასახელებული კვლევები საჭიროა, რომ არ გამოგვეპაროს თავის ტკივილის გამომწვევი სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები (სიმსივნე, სისხლძარღვოვანი ანომალია და სხვა). მკვეთრი, შეტევისებური ტკივილის ან ტკივილის გახანგრძლივებისა და გახშირების შემთხვევაში აუცილებელია ნევროლოგის კონსულტაცია.
აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის დიაგნოზის დასასმელად ანამნეზში უნდა იყოს 5 შეტევა. ძალიან მნიშვნელოვანია ანამნეზში თავის ტკივილის ლოკალიზაციის ცვლილებების შესახებ მითითება. თუ თავის ცალმხრივი ტკივილი ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებს, მაშინ საჭიროა ტკივილის სხვა მიზეზების ძებნა.
მკურნალობა
შაკიკის შეტევის მოხსნის საუკეთესო გზა მისი დასაწყისშივე აღკვეთაა - სანამ თავის ტკივილი ჯერ კიდევ არ განვითარებულა, მაგრამ მისი წინამორბედი სიმპტომები უკვე აშკარაა. ბევრი შეტევას ძილით ებრძვის.
ძილის დროს სიმპტომები ხშირად ისე გაივლის, რომ შეტევა შესაძლოა აღარც კი განვითარდეს, მაგრამ ზოგჯერ თავის ტკივილი სწორედ ძილში იწყება. შაკიკის მწვავე შეტევებს ეფექტიანად ხსნის სეროტონინის აგონისტები - ზოლმიტრიპტანი, ნარასტრიპტანი, სუმატრიპტანი, რომლებიც გაფართოებულ სისხლძარღვებზე მოქმედებს.
შაკიკს ხშირად უკავშირებენ კუჭში საკვების შეგუბებას, ამიტომ მის მკურნალობას იწყებენ ჩვეულებრივი ანალგეტიკით (ასპირინი), მანამდე კი აძლევენ ღებინების საწინააღმდეგო საშუალებას (მეტოკლოპრამიდი). შაკიკიან ავადმყოფებს დიდი რაოდენობით სჭირდებათ B ჯგუფის, c და E ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, პოლიუჯერი მჟავები, ფერმენტები და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებები.
ყურადღების ღირსია მაგნიუმი, რომელსაც უამრავი დადებითი თვისება აქვს - აფართოებს სისხლძარღვებს, აწესრიგებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, არეგულირებს ძილს. ასე რომ, ეფექტურად მოქმედებს შაკიკის განვითარების ყველა რგოლზე. ზოგჯერ დამხმარე საშუალებად მანუალურ თერაპიასაც იყენებენ. ეს მეთოდი კარგად მოქმედებს იმ პაციენტებზე, ვისაც ტკივილი ძირითადად კეფაში აქვს ლოკალიზებული.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება ასპირინი, არასპეციფიკური ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ბეტა ბლოკერები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის ანტაგონისტები, ფსიქოთერაპია. პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტიანი საშუალება ცხოვრების ჯანსაღი წესია - ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა შეუნაცვლოთ მუშაობა და სუფთა ჰაერზე დასვენება.
ამასთანავე, კარგად დააკვირდით საკუთარ თავს და შეისწავლეთ მაპროვოცირებელი ფაქტორები, რათა შეტევის თავიდან აცილება შეძლოთ. გახსოვდეთ, საუკეთესო მკურნალობა დაავადების პროფილაქტიკაა.
ექიმი ნინო ჩარგეიშვილი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ორშაბათობით)