ნათლისღების ღამეა, საცაა ცისკარი დადგება. ქალაქი დუმს, რძისფერი ნისლი ახლა უკვე მუქმა წყვდიადმა შეცვალა, თუმცა, აქა-იქ მაინც მოჩანს განათებული სარკმელი.
დღეს მთელი სოციალური ქსელი მილოცვებით აჭრელდება: ნათლია-ნათლულები ერთმანეთს ბედნიერ დღეს მიულოცავენ! ზოგიერთები საჩუქრებით ხელდამშვენებული ესტუმრებიან კიდეც, როგორც ამას ტრადიცია მოითხოვს! ჩვენ ხომ გვიყვარს ჩვენი ტრადიციები და სტერეოტიპები! :)
მეც თქვენავით ბავშვობიდან მიყვარს ეს დღე, რადგან ძალიან თბილი, ნათელი მოგონება მომყვება იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩემს მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩნენ სწორედ ამ განსაკუთრებული ნათესაური კავშირის გამო, რომელსაც ჩვენში რელიგიურზე მეტად ფსიქოლოგიური (ზოგისთვის მატერიალურიც) დატვირთვა აქვს.
არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვისაც სიტყვა „ნათლია“ რაღაც მშობლიურის მაგვარ, სასიამოვნო ჟრუანტელის მომგვრელ განცდას არ აღუძრავდეს და ამას სულ არ სჭირდება დიდი მორწმუნეობა. მიუხედავად იმისა, რა სიხშირით აქვთ კონტაქტი, ნათლია-ნათლულები მაინც უხილავი ძაფებით არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან, რომელიც იქ, ზეცაში იკურთხება. დამეთანხმებით, არც იმას სჭირდება დიდი აღმსარებლობა, რომ ეს უხილავი, მაგრამ ძლიერი კავშირი იგრძნო და განიცადო.
მე ბავშვობიდან მქონდა იმის ბედნიერება, რომ ჩემს შესანიშნავ ნათლიებთან ახლოს ვყოფილიყავი. მადლობა ჩემს მშობლებს იმისთვის, რომ მართლა კარგი ადამიანები შემირჩიეს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გვერდით მომყვებოდნენ, მეხიდებოდნენ, სიყვარულს არ მაკლებდნენ და მეგობრობას მიწევდნენ. პარადოქსი ის იყო, რომ ერთ-ერთ მათგანს მე უფრო „დაქალად“ აღვიქვამდი და ნათლიას მის დედას ვეძახდი, ადამიანს, რომელიც სამწუხაროდ, აღარ არის ამქვეყნად და ყველა ნათლისღების ღამეს თვალწინ მიდგება. ეს მშრომელი, დაუღალავი და უშრეტი ენერგიის მქონე, მომცრო ტანის ქალი თავისი კრიალა ცისფერი თვალებით ისეთი სიყვარულით მიმზერდა, ჩემს საუბარს ისე გულდასმით ისმენდა, ისეთი აღტაცებით ხვდებოდა ჩემს ყოველ წარმატებას, თითქოს, ის იყო ნათლული და მე - ნათლია. :)
სამწუხაროდ, მე მასავით სამაგალითო ნათლია ვერ აღმოვჩნდი და ძალიან მრცხვენია ამის გამო. ამიტომ საჯაროდ ვუხდი ბოდიშს ჩემს ნათლულებს, რომლებიც არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული გოგონები არიან. მე მათ პატიებას ვთხოვ იმ ფასდაუდებელი დროის გაფლანგვისთვის, რაც მათთან გულითად საუბარში უნდა გამეტარებინა. მე ხომ მათ სულიერ ლაბირინთებში უნდა მევლო და დავკარგულიყავი, მერე კი ერთად გვეძებნა გამოსავალი... არ ვიცი, რატომ ამირჩიეს ნათლიად, მაგრამ იმის იმედი კი მაქვს, რომ ისინიც ჩემსავით გრძნობენ ჩვენ შორის უხილავ ერთობას, რაც იქ, ზემოთ იკვრება და იწერება. ამიტომ რასაც ახლა ვამბობ, მჯერა, რომ მარტო მე კი არა, მათაც ხვდებათ გულზე!..
ამიტომ ჩემს შვილს ნათლიებად ავურჩიე ის ადამიანები, რომლებიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილნი და ყველაზე ახლო ნათესავები გახდებოდნენ. ყოველთვის მძაგდა ურთიერთობების მატერიალურ ღირებულებებად დახურდავება და ვერ გავუგებ იმ ადამიანებს, რომლებიც ნათლიებად მხოლოდ და მხოლოდ „მდიდრებს“ ირჩევენ. ეს უფრო ვაჭრობას და კეთილდღეობის ყიდვას ჰგავს... ჩემი შვილისთვის პირველ რიგში მე ის ადამიანები ავარჩიე, რომლებიც ცხოვრებას აჩვენებდნენ, ბრძოლისა და წარმატების მაგალითს მისცემდნენ, სიყვარულს, ერთგულებას და სითბოს გაცემას ასწავლიდნენ; რომლებიც მას არ მიატოვებენ მაშინაც კი, თუ ის არასათანადოდ მოიქცეოდა... და გამოგიტყდებით, იცით, კიდევ რა ვიფიქრე? - ვიფიქრე, რომ თუ მე ერთ მშვენიერ დღეს „უდროოდ“ გარდავიცვლებოდი, ჩემი შვილი საიმედო ხელში დარჩებოდა!
თუ გნებავთ, ნუ დამიჯერებთ, მაგრამ ამ ადამიანების გაცნობისთანავე, პირველივე ნახვისას ვიგრძენი, რომ ისინი რაღაცნაირად ჩემიანები იყვნენ (მაშინ, რა თქმა უნდა, ნათლობაზე არც მიფიქრია).
ერთი მათგანი ჩემი უახლოესი მეგობარია და მას არათუ საკუთარი შვილის სულსა და მომავალს, არამედ, ჩემი ნება რომ იყოს, მთელი სამყაროს ბედსაც ვანდობდი, იმდენი სიყვარული, კეთილშობილება და ერთგულებაა მასში!
მეორე - ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ კონტაქტს ხშირად ვერ ახერხებს, ზუსტად ვიცი, საჭიროების შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ნათლულის გვერდით აღმოჩნდება.
მესამე - ის ცნობილი ექიმია და დიდ უბედურებას გადამარჩინა. მაშინ ბავშვს ჯერ კიდევ მუცლით ვატარებდი და გადავწყვიტე, ბედნიერი დასასრულის აღსანიშნავად მისთვის ჩემი შვილის ცხოვრების მეგზურობა მეთხოვა...
მათზე ცალ-ცალკე ბევრი საუბარი და საინტერესო ისტორიების მოყოლა შეიძლება, რადგან ისინი საზოგადოების იმ ნაწილს განეკუთვნებიან, ვინც ცხოვრებას, მომავალს თავად ქმნის და ბევრი ადამიანის ბედზე დიდ გავლენას ახდენს... ისინი ღირსეულები არიან და მადლობა მათ, რომ ჩემს შვილს სიცოცხლის გზას ასწავლიან!