ყველასათვის საყვარელი ზღაპრის ეკრანიზაციამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. 16 მარტიდან, საქართველოს კინოთეატრებში "მზეთუნახავი და ურჩხულის'' ახალ ვერსიას ვიხილავთ.
Walt Disney და Mandeville Films-ის ერთობლივი ნამუშევარი წინასწარი გაყიდვებით, ყველაზე სწრაფად გაყიდვადი საოჯახო ფილმი აღმოჩნდა კომპანიის ისტორიაში.
"მზეთუნახავი და ურჩხულში'' ჭკვიან და მშვენიერ პრინცესად ემა უოთსონი მოგვევლინება, ურჩხულს კი დენ სტივენსი განასახიერებს. მათთან ერთად ფილმში ლიუკ ევანსი, იუენ მაკგრეგორი, იან მაკკელენი, სტენლი ტუჩი და კევინ კლაინიც ითამაშებენ.
სიუჟეტი თითქმის უცვლელია და მოგვითხრობს ურჩხულის სასახლეში მოხვედრილ ახალგაზრდა, ლამაზ და ცნობისმოყვარე გოგონაზე, რომელიც მამის დახსნასა და პრინცის საიდუმლოს ამოცნობას ცდილობს.
ფილმის გადაღებები 2015 წელს ინგლისში დაიწყო და რამდენიმე თვეს გაგრძელდა. კრიტიკოსები ნამუშევარს დადებითად აფასებენ და დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ.