გიფიქრიათ ოდესმე, რა იქნებოდა, სახლში სულ ქუსლიანი ფეხსაცმლით და გამოპრანჭულებს რომ გვევლო? როგორ გგონიათ, ეს მართლა უკეთესობისკენ შეცვლიდა საყვარელი ადამიანების ურთიერთობას?
ჩვენ ხომ არაერთი სტატია წაგვიკითხავს, სადაც ფსიქოლოგები დაჟინებით გვირჩევენ, ხშირად ვიცვალოთ ვარცხნილობა, გავიხადოთ მოჩაჩული ხალათები, ჩავიცვათ გემოვნებით და დავხვდეთ ქმარს ყოველთვის მოწესრიგებული... არადა, ჩემი დაკვირვებით, ხშირად კაცები საერთოდ ვერ ამჩნევენ, რა გვაცვია... ))
ამ თემაზე საუბრისას ერთხელ ერთმა მეგობარმა გოგონამ თქვა: იქნებ მათ იმდენად ვუყვარვართ, რომ სულერთია, როგორ გამოვიყურებით? სიყვარულში მთავარი ხომ გარეგნობა არ არისო?! რაზეც მეორე, ენამწარე დაქალმა უპასუხა: კაცს ყველანაირი შეიძლება დედა ან და უყვარდეს, არა შეყვარებული ან ცოლიო.
რა თქმა უნდა, მამაკაცისთვის ქალის ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს და ამაზე არავინ დავობს. აქ საუბარი იმაზეა, რამდენად გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ეს წყვილის ურთიერთობაში.
ამაზე ძალიან მაგარ ისტორიას მოგიყვებით: ჩემს ახლობელს, რომელიც დიდი სიყვარულით გათხოვდა, ერთ მშვენიერ დღეს დაუდგა ეტაპი, როცა მისი მეუღლე სხვა ქალმა გაიტაცა. ქართულ სინამდვილეში ეს იმდენად ჩვეულებრივი და ერთფეროვანი ამბავია, რომ ამის წაკითხვაზე, ალბათ, მთქნარება აგიტყდათ, მაგრამ მოიცადეთ, ჩემი ახლობელი საშუალოსტატისტიკური ქართველი ქალივით არ მოქცეულა...
იმ გოგოს არც სახლში მივარდნია, არც დაურეკავს, არც ქმრისთვის დაუყენებია ულტიმატუმი: "ან - მე, ან - ის". ჩემი ახლობელი ადგა და მოიქცა ისე, როგორც მოდურ ჟურნალებში წერენ ხოლმე: გადაწყვიტა, უფრო ლამაზი და წარმატებული გამხდარიყო.
სილამაზე მას ისედაც არ აკლდა, მაგრამ ხომ იცით, ქალი საშუალო ასაკში: მოშვებული კუნთებითა და სახის ოვალით, დასტრესილი კანით და უკვე შესამჩნევი ნაოჭებით...
ჩაუჯდა ათასგვარ რეცეპტს და თითქმის ყოველდღე სახეზე ახალ-ახალ ნიღბებს იდებდა, დაუღალავად ვარჯიშობდა, არ იკლებდა შოპინგს, სალონებსა და ფიტნესს. მას, თითქოს, ახალი სუნთქვა გაეხსნა, ოღონდ ზუსტად არ ვიცი, რა იყო ეს: ბრძოლა რეალობასთან, მოწინააღმდეგესთან, ასაკთან თუ საკუთარ თავთან...
მისმა მცდელობამ, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო და ის მეტად მოვლილი, მოწესრიგებული და თავდაჯერებული გახდა, ოღონდ ამას ამჩნევდა ყველა, გარდა იმ კაცისა, ვისთვისაც პირველ რიგში ცდილობდა.
მახსოვს მისი დიდი იმედგაცრუება, როცა სალონიდან ახლად გამოსული, ახალი ვარცხნილობით ქმარს მანქანაში ჩაუჯდა, თავი კეკლუცად გაუქნია და ჰკითხა: "აბა, ახალს რას მამჩნევ?" - მან კი დაუდევრად შეხედა და უპასუხა: "რა ვიცი, ახალი საყურე იყიდე?"
იმ სიმწარეს კაცები ვერასდროს გაიგებენ, როცა მთელი გულით გინდა, თავი მოაწონო, ახალი კაბით ცხვირწინ დაფრიალებ და ეკითხები: "აბა, მიხდება?" მას კი ერთი სული აქვს, ნებისმიერი პასუხით თავიდან მოგიშოროს და მარტო დარჩეს თავის კომპიუტერთან, ტელეფონთან, თუ ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ფიქრებთან... როცა მისთვის უგემრიელეს კერძს ამზადებ, გინდა სანთლის შუქზე რომანტიკული ვახშამი მოუწყო, ის კი გირეკავს და გაფრთხილებს, რომ საქმიანი შეხვედრა აქვს რესტორანში...:) როცა მთელი თვეები საძაგელი დიეტით ეწამებოდი, ბოლოს და ბოლოს დააგდე ეს ნერვების მომშლელი ზედმეტი კილოგრამები, მოტკეცილ ჯინსებში გამოწყობილი ცხრაჯერ გაუვლი და გამოუვლი და ის კი გეუბნება: "გაიწიე რა, ტელევიზორს მიფარავ"... :))
ამის მსგავს შემთხვევებს ჩემი ახლობელი ყელში გაჩხერილი წყენისა და ბოღმის უზარმაზარი ბურთით ჰყვებოდა. ოღონდ ეს მოგვიანებით იყო, როცა ყველაფერმა მატარებელივით ჩაიარა და უკან აღარ დაბრუნებულა...
მან კი მომხდარიდან ის გაკვეთილი მიიღო და ჩვენც გაგვიზიარა, რომ მთავარი მარტო გარეგნული ბრწყინვალება კი არა, არამედ სულიერი სიახლოვის შეგრძნება და ერთად ყოფნის დაუძლეველი მოთხოვნილებაა... რომ აზრი არ აქვს, რა გაცვია, რას აკეთებ და რამდენი წლის ხარ, მთავარი მონატრება, ჩახუტებული ძილისა და ტელევიზორთან თუნდაც უაზროდ, მაგრამ ერთად ჯდომის სურვილია... რომ ვერავის და ვერაფერს აჯობებ, რადგან ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობს! არ არსებობს და მორჩა!
ის ჩემი ახლობელი ახლაც ისეთივე ლამაზია, არა, უფრო მეტად ლამაზია... ლამაზი და მომხიბვლელი, ბევრისთვის მაცდური და ძალიან საინტერესო. ისევ ვარჯიშობს, სახეზეც ისევ იდებს ნიღბებს, კვლავ გიჟდება შოპინგზე და დაკავებულია საკუთარი საქმით, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ მან ახლა უკეთ იცის, ვისთვის უნდა გაიხადოს ხალათი და ჩაიცვას ქუსლიანი ფეხსაცმელი მთელი დღით... ისე, ამას წინათ გამოგვიტყდა, რომ გარდერობში ხალათი საერთოდ აღარ აქვს! )