ყველაფერი „იღბლიანი ორცხობილებით“ დაიწყო, რომლის დახვეულ გულში მოთავსებულ ფურცელზე არსებული ფრაზები ორშაბათ დილის განწყობას გვიქმნიდა:
„ბედნიერება აქტივობაშია“, „ჩაეხუტე გვერდზე მდგომს“, „დილა პოზიტივით იწყება“, „დიდი წარმატებების კვირა დაიწყო“ და ა.შ...
მართლაც, რამდენიმე კვირა, ყოველი ორშაბათი დილა ასეთი პოზიტიური ფრაზებით და განწყობით იწყებოდა ჩვენი თანამშრომლისთვის. მაშინ, როდესაც ორცხობილებმა "პალიტრის" 5 სართული და თითქმის 600 თანამშრომელი მოიარა, თითქოს „ორშაბათის შეყვარება“ პალიტრელებისთვის ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 29 მაისს, "პალიტრაში" კიდევ უფრო უჩვეულო დილა გათენდა.
სამსახურთან მოახლოებულს უცნაური ხმები შემომესმა. "პალიტრის" ვერანდაზე „რუპორით" ხალისიანი ხმა გვეპატიჟებოდა: „დილა მშვიდობისა მარკეტინგის დეპარტამენტს, დილა მშვიდობისა "ბიბლუსს", დილა მშვიდობისა "კვირის პალიტრა", ხალისიან დღეს გისურვებთ, მობრძანდით ვერანდაზე და გამხნევდით უგემრიელესი ყავითა და ზუმბით“.
ვერანდაზე უკვე შეკრებილიყვნენ ჩემი თანამშრომლები, რომლებიც მუსიკის ფონზე მხიარულად საუბრობდნენ და ყავასთან ერთად უკვე კარგად ნაცნობ „იღბლიან ორცხობილებს“ მიირთმევდნენ. როდესაც ყველანი შევგროვდით, მუსიკის ხმამაც იმატა, წამყვანმა საცეკვაოდ მოგვიხმო. მოცეკვავე Xbox-ის მოვალეობას ასრულებდა, ყველანი მის გაკეთებულ ილეთებს ვიმეორებდით.
ბევრი ემოცია, ბევრი ენერგია, სახალისო და რიტმული განწყობა - ასე უჩვეულოდ დაიწყო მაისის ბოლო ორშაბათი "პალიტრაში". კარგი ამინდი, „ჩი გუსტა!“-ს უგემრიელესი ყავა და ენერგიული ცეკვები საკმარისი აღმოჩნდა ორშაბათ დღის განწყობის შესაქმნელად და მის შესაყვარებლად.
"პალიტრა მედია" გირჩევთ, #შეიყვარეორშაბათი ჩვენთან ერთად. იხილეთ ფოტოგალერეა