1. ნუ ისაუბრებთ სოციალურ სტატუსზე! ნუ იტრაბახებთ შეყვარებულის ახლად გაცნობილ მშობლებთან თქვენი სოციალური სტატუსით ან პირიქით, ძალიან სიტყვაძუნწიც ნუ იქნებით.
მათ მიერ დასმულ კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხები გაეცით. თუ კულტურული და შეგნებული ხალხია, ისედაც არ ჩაგაცივდებიან უტაქტო შეკითხვებით.
2. ნუ ითამაშებთ! თუ გსურთ მომავალ დედამთილ-მამამთილზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ, მოიქეცით ისე, როგორც ჩვეულებრივ იქცევით ხოლმე. ყალბ და არაგულწრფელ ღიმილს თანამოსაუბრე მაშინვე შეამჩნევს და ამ შემთხვევაში მათი მოხიბვლის თქვენეული გეგმა შეიძლება "ჩაიფუშოს". თანაც გახსოვდეთ, რომ "თამაში" მოსაბეზრებელია და ადრე თუ გვიან, მოგიწევთ თქვენი ჭეშმარიტი სახის გამოჩენა. გარდა ამისა, ნუ მოაჩვენებთ თავს, თითქოს უბადლო დიასახლისი იყოთ! თქვენი სადედამთილო შეიძლება სულაც არ მოიხიბლოს იმით, რომ მისთვის ამ ეტაპზე პრაქტიკულად უცნობმა ადამიანმა "ტრეინინგი" ჩაუტაროს რეცხვისა და დალაგების დარგში, ან იტრაბახოს თავისი "ამოუწურავი" კულინარიული შესაძლებლობებით.
3. ნუ გადახვალთ მაშინვე "შენობით" ფორმაზე! ფამილარობა უადგილო იქნება. შეიძლება უცბად გაგიჩნდეთ სურვილი, გადაეხვიოთ საქმროს მშობლებს და "დედა" და " მამა" დაუძახოთ, მაგრამ სჯობს, თავი შეიკავოთ. დაანახვეთ მათ საქციელით, საუბრით, სახის გამომეტყველებითაც კი, რომ თავშეკავებული და ზრდილი ადამიანი ხართ.
4. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ! რაც უნდა მოხდეს, გულს ნუ გაიტეხთ. ეს დღე ემოციებითა და უხერხულობით იქნება აღსავსე... ყველა ადამიანი განსხვავებულია და მათ სიტყვებში ქარაგმებს და ნართაულებს ნუ დაუწყებთ ძებნას. ნუ მიიღებთ ზოგად მსჯელობას თქვენი მისამართით.
5. ნუ დაიწყებთ თავის ქებას! საკუთარ თავზე მხოლოდ მაშინ ისაუბრეთ, როდესაც რამეს გკითხავენ. არ არის საჭირო თქვენს ნიჭიერებასა და მიღწევებზე საუბარი - ამით შეიძლება თქვენდა უნებურად დაამციროთ სხვა ადამიანები. ნუ აიძულებთ იფიქრონ, რომ პატივმოყვარე და ამპარტავანი ხართ.
6. ნუ ჩაიცვამთ გამომწვევად! მაშინაც კი, თუ ყოველდღიურად თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს გეცვათ მინი-ქვედაბოლო და ღრმა დეკოლტე, საქმროს მშობლებთან შეხვედრისას შეეცადეთ, უფრო მოკრძალებული იყოთ. თამამი ჩაცმულობის გამო შეიძლება მომავალმა დედამთილმა "აღრიცხვაზე" აგიყვანოთ და შემდეგ იმის ფიცი და მტკიცი, რომ "უმანკო" და წესიერი ადამიანი ხართ, ერთობ გაგიჭირდებათ. შეარჩიეთ ელეგანტური სამოსი, რომელიც ხაზს გაუსვამს, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში ღირსეულად შეგიძლიათ თავის დაჭერა. გახსოვდეთ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სარძლომ არა მხოლოდ მათზე, არამედ მთელ სანათესაოზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს. ასე რომ, იყავით მოწოდების სიმაღლეზე.
7. დაივიწყეთ ალკოჰოლის შესახებ! არანაკლებ სერიოზული შეცდომაა ქალისთვის, რომელიც ცდილობს, ღირსეულად გაუძლოს "გამოცდას", ალკოჰოლური სასმლის გადაჭარბებული დოზით მიღება. შესაძლებელია, სასმელს კარგად იტანდეთ და რამდენიმე ჭიქის შემდეგ განსჯის უნარს არ კარგავდეთ და არც ფეხი გერეოდეთ, მაგრამ თუ სასმელი ემოციებთან რეაქციაში შევიდა... მოკლედ, ნუ გარისკავთ და მთელი საღამო ერთი ბოკალი სასმელი მოწრუპეთ.