ჩანთა ქალის განუყოფელი აქსესუარია... რას არ იპოვით მასში? საუკუნის წინ ჩაგდებული საღეჭი რეზინიდან დაწყებული, დიდი ხნის წინ დაკარგული ტუშით დამთავრებული.
გსმენიათ გამოთქმა: „მითხარი, რას ატარებ ჩანთით და გეტყვი, ვინ ხარ შენო?“ - დიახ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს გამოთქმა სინამდვილეში მეგობრებზეა, მაგრამ განა ჩანთა ქალის საუკეთესო მეგობარი არ არის?! მოდით, ერთად გავიგოთ, რისი პოვნაა შესაძლებელი შორენა ბეგაშვილის ჩანთაში.
- რისი პოვნა შეიძლება შენს ჩანთაში?
- აუცილებლად საფულე, ტელეფონი, მანქანის გასაღები, ყოველდღიური დამატენიანებელი, ტუჩის ბალზამი და მეტი, მე მგონი, არაფერი...
- ყველაზე მოულოდნელი ნივთი შენს ჩანთაში...
- მსახიობი ვარ, შესაბამისად, ეკრანზე ან ფოტოსესიის დროს ნებისმიერი რამ შეიძლება დამჭირდეს. ამიტომ ხშირად დამაქვს თან ისეთი უცნაური ნივთები, როგორებიცაა: კოლჰოტი, სავარცხელი, თმის ლაქი და ა.შ. იმდენად ხშირია ჩემს ჩანთაში, როგორც მსახიობის ჩანთაში უცნაური ნივთები, უჩვეულოდ აღარაფერი მეჩვენება.
- რას წაიღებდი უკაცრიელ კუნძულზე? დაასახელე 3 ნივთი, რომელიც ხელჩანთაში ჩაგეტევა...
- ტელეფონს, დამტენს და... მესამე იქნებოდა... შოკოლადი!
- რომელ ცნობილ ადამიანს გაუცვლიდი ჩანთას?
- არც ერთს, რატომ უნდა ვიქექო სხვის ჩანთაში? არც ერთს! არანაირი სურვილი არ მაქვს.
- როგორ ჩანთას აირჩევდი: ბრენდი, ვინტაჟი თუ Hand made?
- იცით რა, სამივეს ერთად ავირჩევდი (იცინის)... იმიტომ, რომ ზოგ ჩანთას იმდენად უხდება ვინტაჟური დაძველება, არასდროს გადადის მოდიდან და რაც უნდა ძველი იყოს, მაინც იმდენად ლამაზია, ვერასოდეს იტყვი უარს.
- რომელია შენი ოცნების ჩანთა?
- რომელი ჩანთაც მინდოდა, შევიძინე. ამიტომ ახლა საოცნებო ჩანთა ნამდვილად აღარ მაქვს.
- ჩანთა უნდა იყოს...
- ხან - დიდი, ხან - პატარა (იცინის). სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგჯერ, როცა რაღაცები მაქვს წასაღები, ტევადი ჩანთა მჭირდება, ამიტომ პატარას ვერ დავიკავებ. როცა, ასე ვთქვათ, გასაპრანჭად მივდივარ წვეულებაზე ან საღამოზე, ჩანთის წაღება უადგილოა. ერთ ჩანთას ქალი ვერასდროს ვერ აირჩევს, ორის არჩევის უფლება მაინც უნდა გქონდეს (იცინის).
- რომელს უფრო ხშირად იყენებ: ხელჩანთას, ქლატჩს თუ ზურგჩანთას?
- ხელჩანთას, ქლატჩი უფრო მოუხერხებელია, იმიტომ რომ ხელი სჭირდება.
- ყველაზე საჭირო ნივთი შენს ჩანთაში?
- რაც ჩამოვთვალე, ალბათ, ყველა საჭიროა, სხვა შემთხვევაში არ ვატარებდი... თუმცა, ყველაზე საჭირო, ალბათ, ტელეფონი და გასაღებია.
- რა კოსმეტიკა დევს ყოველთვის შენს ჩანთაში?
- უი, კოსმეტიკაზე სულ დამავიწყდა მეთქვა... კოსმეტიკა არასდროს დამაქვს ჩანთით, თუ გადაღება არ მაქვს, რადგან ყოველდღიურად არ ვხმარობ. ერთადერთი კოსმეტიკა, რომელიც ყოველთვის მოიძებნება ჩემს ჩანთაში, ტუჩის დამარბილებელია, ფერის შესაცვლელი არა, უბრალოდ, დამარბილებელი.