არა, რა... დაილოცა ჩვენებური ვალენტინობა! დილით გაგზავნი 3 თეთრიან სმს-ს, ან უფასო ფეისბუკზე დაასტატუსებ მილოცვას, შუადღეს დედას ან მამას "დეიდებო, ბიძიებოს" უმღერი, საღამოს ერთ პლასტმასის ვარდს იღლიაში ამოიჩრი და წავიდა სეირნობა რუსთაველი-თავისუფლების მიმართულებიიიით!..
სიყვარულის დღის აღნიშვნა უფროსი ასაკის ადამიანებს სასაცილოდ არ ჰყოფნით. თინეიჯერებისთვის კი 14 თებერვალი ნამდვილი ზეიმია. მსგავსი დღესასწაულები იმდენად ხიბლავთ, რომ მზად არიან არა მხოლოდ თვრამეტ საუკუნოვანი 14 თებერვალი, არამედ გაუგებრობის გამო "ქართულ სიყვარულის დღედ" აღიარებული 15 აპრილიც ზარ-ზეიმით აღნიშნონ. თუმცა ეს ცალკე თემაა, ახლა ვალენტინობასა და მისი აღნიშვნის საინტერესო ტრადიციებზე უნდა გიამბოთ...
თვე იყო თებერვალი, რიცხვი-14...
ეს ამბავი, ძვირფასებო, დიდი ხნის წინ მოხდა, მე-3 საუკუნეში. მოკლედ, გაგანია 269 წელია. რომის იმპერატორ კლაუდიუს მეორეს შუბლი შეჭმუხნია. მთელი ღამე ფიქრში გაათია. დიდ კლაუდიუსს მხოლოდ გამთენიისას დაებადა დიდებული აზრი. "ჰო!" წამოიძახა აღფრთოვანებულმა და ხამლგაუხდელად მიძინებული მსახური იხმო. წამოტანტალდა მსახური თვალების ფშვნეტით. მიხვდა, მნიშვნელოვანი რამ გადაწყვეტილება მიუღია ჩემს მამა-მარჩენალს და ხალხის შეკრება სურსო. კლაუდიუსიც მიხვდა, რომ მსახური მიხვდა და ბრძანება არ გაუცია, თანხმობის ნიშნად თავის დარბაისლური დაკვრით შემოიფარგლა.
ასეა რა, პირველი მიხვედრა ჭირს, თორემ მერე მიდის რიხინ-რიხინით...
- ჩვენ დიდი ომების ხალხი ვართ! -დასჭექა იმპერატორმა. - ომი მეომრის საქმეა. მეომარი კი მაშინ იბრძვის ღირსეულად, როცა უცოლოა (რკინის ლოგიკაა, პირდაპირ. ავტ.). აააამიტომ... მე, კლაუდიუს მეორე ვბრძააანებ... აიკრძალოს მეომრების დაქორწინებაააა!.. ურჩები დაისჯებიააან... სიკვდილიიით!
უჰ, იქ ჩოჩქოლი ატყდა!.. გასათხოვარ გოგონებს სასო წარეკვეთათ, ბიჭებს ელდისგან პირი გაუშრათ, ქალებმა მჯიღი იკრეს მკერდზე: ვაჰ, თქვენს დედებსა, შვილებოო...
იმ ღამეს მხოლოდ იმპერატორს ეძინა მშვიდად.
როგორც ერთ მულტფილმშია: "გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ფოქს!" ხალხს მხსნელად ერთი მღვდელი მოევლინა, ვალენტინი. ეს ღვთისნიერი ადამიანი შეყვარებულ წყვილებს გვიან ღამით საიდუმლოდ სწერდა ჯვარს. ერთ არამშვენიერ დღეს კი ერთმა ასევე არამშვენიერმა ადამიანმა მღვდელი უფროსობასთან დაასმინა.
- საპყრობილეშიიიი! - დასჭექა განრისხებულმა იმპერატორმა. "რა აყვირებს კაცო, ისედაც მივხვდებოდი რა უნდა მექნა" - კოჭთან თასმა შეიკრა მიხვედრილმა მსახურმა...
საპყრობილეში გამომწყვდეულ მღვდელს (წმინდა ვალენტინს) საპყრობილის უფროსის ქალიშვილი შეუყვარდა, ბრმა ჯულია. სანამ სიკვდილით დასჯიდნენ, გაბედა და სასიყვარულო წერილი მისწერა, რომელიც ასე მთავრდებოდა: "შენი ვალენტინი". იმასაც ამბობენ, სასწაული მოხდა, სატრფოს თვალები აეხილაო. ასეა თუ ისე, სიყვარულის მსახურ მღვდელს სამუდამოდ დაუხუჭეს თვალი - თავი მოჰკვეთეს.
თვე იყო თებერვალი, რიცხვი-14.
წელი იყო 269, საუკუნე მე-3...
იმ დღიდან დამკვიდრდა 14 თებერვალს სატრფოსთვის ბარათის მიწერის ტრადიცია, მაგრამ ეს ტექნიკური პროგრესი არად დაგიდევს ტრადიციას, პირდაპირ ხელიდან გგლეჯს ფურცელ-კალამს და მაუსს გაჩეჩებს...
ცოლად შემირთე-მეთქი!
ქალი ხომ იცით, რა ოხერია, ყველაფერს სათავისოდ გადააკეთ-გადმოაკეთებს (ეს იაპონელი ქალები როგორ დამეჩაგრნენ... მერე გეტყვით, რასაც ვგულისხმობ). ჰოდა, ნელ-ნელა ასეთი ტრადიცია დამკვიდრდა (თავისით არაფერი მკვიდრდება, ბატონებო!..): ვალენტინობის დღეს ქალი უფლებამოსილი იყო მისულიყო მისთვის სასურველ მამაკაცთან და მისთვის ცოლობა (მო)ეთხოვა.
ვაჟბატონს კი, კაი დედის შვილი იყო და, უარი ეთქვა... არა, მთლად ასეც არ იყო საქმე, ვალდებული არ იყო თანხმობა განეცხადებინა, მაგრამ თუ ასეთ "ბედის საჩუქარზე" უარს იტყოდა, მისთვის ძვირფასი საჩუქრის (უფრო კონკრეტულად - აბრეშუმის კაბის) გაკეთება მოუწევდა. ამაზეა ნათქვამი "ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო". საბრალო, საბრალო, საბრალო კაცები...
იაპონელ ქალებზე არ დამავიწყდეს... არ ვარგიხართ, არა (თქვენ კი არა, იაპონელებს ვეუბნები)! ქალები არა ხართ, კაცო, ასეთი რამ როგორ დაუშვით?! წარმოგიდგენიათ (ახლა შენ მოგმართავ, მკითხველო), 14 თებერვალი იაპონიაში კაცების დღედ შერაცხეს! ამ დღეს ქალი ქმარს უნდა ეფეროს, გაურეცხოს, საჭმელი მოუმზადოს, ემსახუროს (თითქოს სხვა დღეებში ასე არ იყოს)...
თუმცა ამ ტრადიციამ უკვე დრო მოჭამა, ახლა სხვაგვარად აღნიშნავენ სიყვარულის დღეს. იკრიბებიან ორივე სქესის წარმომადგენლები და კონკურსს მართავენ. წესები ასეთია:
1. მონაწილეები ადიან მაღლობზე (მაყურებლისგან კარგა დაშორებით უნდა იყვნენ. შორს და მაღლა);
2. მონაწილე თავის რჩეულს სახალხოდ უხსნის სიყვარულს. კონკურსის ორგანიზატორები, ჩვენი პრესის გამომცემლებისა არ იყოს, პასუხს არ აგებენ ტექსტის შინაარსზე (შეყვარებულის ნათქვამი შესაძლოა არ ემთხვეოდეს ორგანიზატორთა ინტერესებს, ორგანიზატორები პასუხს არ აგებენ ტექსტის სისწორე-გულახდილობაზე, სხვა მაღლობიდან სხვის მიერ ამ ტექსტის გამეორების შემთხვევაში აუცილებელია "სიყვარულის კონკურსის" მითითება);
3. მთავარი პირობაა, კონკურსანტმა რაც შეიძლება ხმამაღლა წარმოთქვას ფრაზები. დასაშვებია კივილი, წივილი, ღრიალი, ხრიალი, ხავილი;
4. ყველაზე ხმამაღლად ტექსტის წამკითხავი ქალი (კაცი) მიცვნია შეყვარებულად! გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი.
იტალიელებს ეზარებათ (ქართველებს ჰგვანანო, ხომ გაგიგონიათ) მსგავსი კონკურსების მოწყობა, მაგრამ არც მთლად პასიურობა სურთ, როგორღაც ხომ უნდა გამოეხმაურონ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს (ქართველებს ჰგვანანო, არც ახლა გჯერათ?)... ჰოდა ტრადიციად ტკბილეულის ჩუქება დაამკვიდრეს. იყიდი გულის ფორმის კანფეტს, "ჩაუკუჭავ" ხელში შენს ტურფას და მორჩა! არანაირი ზედმეტი პრობლემები...
მე თუ რამე გამაკვირვებდა არ მეგონა, მაგრამ შევცდი, ინგლისელებმა გამაკვირვეს. არანაირი სასიყვარულო ბარათი, არანაირი ერთი ვარდი და ორი გადაჭდობილი ყელი... ჯერ იყო, და ბავშვებს დიდებივით აცმევდნენ, შემდეგ კი კარდაკარ წმინდა ვალენტინზე სიმღერის შემოსაძახებლად უშვებდნენ - ეგ იყო მაგათი 14 თებერვალი. ახლა - ძაღლსა და ღორს ულოცავენ. სიტყვაზე კი არ ვამბობ, მართლა - შინაურ ცხოველებს უკეთებენ საჩუქარს...
არა, რა... დაილოცა ჩვენებური ვალენტინობა! დილით გაგზავნი 3 თეთრიან სმს-ს, ან უფასო ფეისბუკზე დაასტატუსებ მილოცვას, შუადღეს დედას ან მამას (გააჩნია, რომელს აქვს ხელფასი) "დეიდებო, ბიძიებოს" უმღერი, საღამოს ერთ პლასტმასის ვარდს იღლიაში ამოიჩრი და წავიდა სეირნობა რუსთაველი-თავისუფლების მიმართულებიიიით!..
ნათია როსტიაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(გამოდის თვის დასაწყისში)