1532 წელს, ამერიკის კონტინენტზე, მდინარე ორინოკოს სანაპიროზე ერთმანეთს შეეტაკნენ კონკისტადორები და აცტეკები. კონკისტადორებმა ყურადღება მიაქციეს აბორიგენების უცნაურ მოქმედებას.
მორიგი შეტევისას, ინდიელების მებრძოლთა რიგის წინ განლაგდა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებსაც ხელში გახურებული თუნუქის ფურცლები ეკავათ. იმ მომენტში, ქარი სწორედ ესპანელების მხრისკენ ქროდა და ინდიელებმა მინავლებულ ნახშირზე რაღაც ფხვნილის დაყრა დაიწყეს.
თუნუქის ფურცლებიდან წამოსული თეთრი კვამლი ქარმა ესპანელების პოზიციებისკენ წაიღო. ესპანელები ინდიელებს თვალს ადევნებდნენ და იცინოდნენ - დარწმუნებული იყვნენ, რომ "ველურებმა" თავის ღმერთებს მსხვერპლი შესწირეს და მტერზე გამარჯვებას შესთხოვდნენ.
მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კონკისტადორებს სიცილის თავი აღარ ჰქონდათ - ისინი საშინელი ხველისგან იხრჩობოდნენ, რომელსაც უზომო ცრემლდენა დაემატა.
იმ ბრძოლაში აცტეკებმა გაიმარჯვეს, რადგან ომის ისტორიაში პირველებმა გამოიყენეს "გაზის" იარაღი. როგორც მოგვიანებით გამოირკვა, აცტეკები გახურებულ ნახშირზე დაფქულ წითელ წიწაკას ყრიდნენ.
ჯერ კიდევ 1494 წელს, ქრისტეფორე კოლუმბის თანხმლებმა გემის ექიმმა ყურადღება მიაქცია, რომ სამხრეთამერიკელი აბორიგენები საჭმელს რაღაც სანელებელს უმატებდნენ და ეს მცენარე იყო ლამაზი, წაგრძელებული ფორმის პრიალა ნაყოფი.
ექიმმა ამ ლამაზი მცენარის თესლი თან წამოიღო და ესპანეთის დედოფალ იზაბელას საჩუქრად მიართვა.
მაგრამ არც ერთ ევროპელს აზრადაც არ მოსვლია, რომ წიწაკა ბრძოლის დროს გამოეყენებინა. აცტეკების მიერ გაჩაღებულმა ქიმიურმა ომმა წიწაკას პოპულარობა ვერ მოუხვეჭა, შესაძლოა იმის გამოც, რომ ევროპის კლიმატი წიწაკისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა.
XX საუკუნეში გამოიყვანეს წითელი წიწაკის მრავალი სახეობა, რომელიც ერთმანეთისგან ფერით, ფორმითა და სიცხარით განსხვავდებოდა.
ამჟამად ევროპაში წიწაკას კერძებში წარმატებულად იყენებენ, განსაკუთრებით მის სამხრეთ რეგიონებში. მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ლიქიორ-არყის წარმოებაც. იგი აუცილებელია წიწაკიანი არყისა და ნაყენების დასამზადებლად.
წიწაკის გადამეტებული მოხმარება ორგანიზმისთვის მავნებელია და მუცლის ტკივილს იწვევს, თუმცა ამავდროულად, წიწაკა სამკურნალო მცენარედაც მიიჩნევა. მას სამედიცინო დასახელებაც კი აქვს - "Capsici fructus".
მისგან ამზადებენ მადისმომგვრელ სპირტიან ნაყენს, უმატებენ მალამოებს, წიწაკიან საფენებს რადიკულიტისა და ართრიტის დროს იყენებენ.
წიწაკის სპეციალური ნაყენი თმის ცვენასაც აჩერებს. თუ წყლით სავსე ჭიქაში ჩაამატებთ ერთ მწიკვ დაფქულ წითელ წიწაკას და ყლუპ-ყლუპად დალევთ, თავის ტკივილი და თავბრუს ხვევა გაგივლით.
ასტროლოგების მტკიცებით, წიწაკის ხშირი მიღება სასარგებლოა სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ქვეყანას 21 და 22 ოქტომბერს მოევლინა.
ყველაზე კარგად ეს შესანიშნავი მცენარე თავს სამხრეთ-აღმოსავლეთში გრძნობს.
ცოტა ხნის წინ, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, თუ რა არის წიწაკის სიცხარის მიზეზი.
აღმოჩდა, რომ წიწაკა თავის სიცხარეს უნდა უმადლოდეს კაპრაიცინის ალკალოიდს. იგი მოქმედებს ენის ლორწოვანი გარსის იმავე რეცეპტორებზე, რომელიც აღიგზნება ენის წვერზე ცხელი საჭმლის მოხვედრის დროს.
მკვლევარები ასევე მიიჩნევენ, რომ ეს საოცარი მცენარე ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის ამოცნობილი და მისი კვლევა გრძელდება.
ჟურნალი "ბომონდი"