საქართველოში ვისაც არ უნდა ჰკითხო, ეს სახელი ყველასთვის ცნობილია - ნიკო გომელაური. ამბობენ, რომ ქართულ თანამედროვე პოეზიას ჯერ არ ჰყოლია მასსავით არაორდინალური და გულწრფელი პოეტი. 39 წლის მანძილზე ქვეყანას ბევრი როლი და კიდევ უფრო ბევრი ლექსი დაუტოვა.
ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა.
“მამა 4 წლის ვიყავი პირველად რომ ვნახე, მიმაგრებაში გამოუშვეს, მანამდე ციმბირში იხდიდა “სროკს”. პოლიტიკურზე არ იჯდა, ასეთი ბედნიერება მე ვინ მომცა? აფერისტობის მუხლით დააპატიმრეს. აფერისტი იყო მართლაც, აბა ვინ? მაღალი, აზარტით სავსე თვალებით. უზარმაზარი ხელები იღლიაში ამომდო და ამიყვანა, მეგონა, ცას მიმარტყმევინებდა თავს. თავისუფლად ვყვები მისი ცხოვრების შესახებ, ბაქოსთან მის ურთიერთობებზე. რა არის ამაში დასამალი? ადამიანები მაშინ მალავენ რამეს, როცა რამის რცხვენიათ და მე არ მრცხვენია, მით უმეტეს, მამას მაგივრად საერთოდ არ მრცხვენია. მას იმდენი კარგი თვისება ჰქონდა და კარტს თუკი თამაშობდა, რა მოხდა? მაშინ არ შეიძლებოდა, თორემ ახლა ნახევარი თბილისი თამაშობს“ - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მსახიობობა ყოველთვის მისი სურვილი იყო, მაგრამ არ ახსოვდა, რომ 7-8 წლის ასაკშიც ამ პროფესიაზე ოცნებობდა: „ბოლო ზარზე დამრიგებელმა პირველ კლასში დაწერილი თემა „ვინ მინდა გამოვიდე“ დაგვირიგა, სადაც, ჩემდა გასაოცრად, მეწერა, მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი. უფრო სწორად, უბრალოდ მსახიობი კი არა, კინომსახიობი. ვერ გეტყვით, ეს სურვილი რით იყო განპირობებული. შეიძლება იმით, რომ ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველად ჩემმა დეიდაშვილმა ტატო კოტეტიშვილმა გადამიღო თავის საკურსო ფილმში „გმირი“. როგორც ჩანს, ჩემი მსახიობობისკენ სწრაფვა შეამჩნია და ფილმშიც ამიტომ მათამაშა. სხვათა შორის, ორ როლს ვთამაშობდი – მოსწავლეს და ჯუჯა სპარსელს დიდი ჩალმით, რომელსაც ჩემზე გრძელი ხმალი ჰქონდა. მახსოვს, წვერი მიმაწებეს, სახე საერთოდ არ მიჩანდა…"
გავიდა დრო და ნიკო თავისუფალი თეატრის მსახიობი გახდა, სადაც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა:
„ავთო ვარსიმაშვილი ჰამლეტს დგამდა „თეატრალურ სარდაფში“ რუსთაველზე და ლაერტის როლის შემსრულებელი არ ჰყავდა. მე ჩემს საქმეზე ვიყავი მისული თეატრში - მეგობარს ვეძებდი. ავთოს ნანახი ვყავდი სპექტაკლებში და რომ დამინახა, მითხრა, ხომ არ გინდა, ლაერტის როლი ითამაშოო? რა ვიცი, ვცადოთ - მეთქი, ვუთხარი... იმ დღიდან ერთად ვართ, მის თითქმის ყველა სპექტაკლში ვთამაშობ“ - ასე იხსენებდა მსახიობი „თავისუფალ თეატრში“ მოხვედრის ისტორიას, რომელიც შემდგომ მისი მეორე სახლი გახდა.
ნიკოს პირველი მეუღლე მსახიობი ეკა ნიჟარაძე იყო, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.
ეკა ნიჟარაძე - „ცხრამეტი წლის გავთხოვდი და ოცი წლის დედა გავხდი. ასე რომ, არც ისე პატარა ვიყავი – დედობრივი პასუხისმგებლობა არ მეგრძნო. მაშინ ისეთი დრო იყო, როცა ყველაზე მეტად მინდოდა, შუქი და გაზი ყოფილიყო და ელემენტარული მაინც გამეკეთებინა ჩემი შვილისთვის. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი, ჩვენს სახლში კი სულ სტუმრიანობა იყო. მე და ნიკო რომ სტუმრად დავდიოდით, ბავშვებიც სულ თან დაგვყავდა.“
მსახიობის მეორე მეუღლე ნინა ჩოდრიშვილი იყო. ნიკოსთან პირველი შეხვედრის დროს, ნინა ქმარს ათი თვის გაცილებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. ნიკოს გაცნობის ისტორიას შემდგომში ინტერვიუში იხსენებდა:
„ჩვენი გაცნობის ისტორია, რომელიც ძალიან სასაცილო და საინტერესოა, ჩემდაუნებურად შევიდა ფილმში. სცენარისტს, რომელიც რუსია, ნიკო რომ გამეცნო მისთვის, რასაც მეკითხებოდა, ცხადია, პასუხს ვცემდი. ერთ-ერთი კითხვა ისიც იყო, თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი და მოვუყევი, როგორ ძალიან არ მინდოდა კაფეში წასვლა, სადაც ჩემი მეგობარი მეპატიჟებოდა. უარი რომ ვუთხარი, სერიოზულად გამიბრაზდა, მე მჭირდება და რომ წამომყვე, ვითომ რა მოხდებაო?! ფეხები ძლივს მიმქონდა, იქ რომ მივედი. „გირჩა“ იყო ეს კაფე. მერე დაწერა კიდეც ნიკომ: „იქ დავუგე ლექსის მახე, ის კი ვეღარ გადამირჩა“… მართლაც მახე დამიგო… ასე მგონია, უფალმა იმ დღეს სარკმელი გამოაღო და ნიკოს შემახვედრა“.
გაცნობიდან 1 წელიწადში ჯვარი დაიწერეს და 12 წლის განმავლობაში დიდი სიყვარულით იცხოვრეს.
„იყო შემთხვევები, როცა ქიმიის გაკვეთილზე ლექსი წამიკითხავს“ - ამბობდა ნიკო. ქართველი პოეტებიდან ყველაზე მეტად გალაკტიონი, მუხრან მაჭავარიანი და ვაჟა-ფშაველა უყვარდა. თვლიდა, რომ ლექსების წერა კითხვამ დააწყებინა: „როცა ბევრს კითხულობ, შენც გებადება სურვილი, რომ რაღაც დაწერო, თუ, რა თქმა უნდა, ამის მონაცემები გაქვს. მერე ყველაფერი თანდათან იხვეწება და აუცილებლად შენი ფორმა უნდა მიიღოს. ვფიქრობ, მე ჩემი სტილი ვიპოვე პოეზიაში“.
მისი ლექსების პირველი კრებული 2001 წელს გამოვიდა, ხოლო გარდაცვალებიდან მალევე გამოიცა დღეს უკვე ბესტსელერად ქცეული წიგნი „ოცნებები მცნებებივით ირღვევიან.“
2007 წელს ნიკოს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამ მძიმე დაავადების მიუხედავად, ბოლომდე სცენაზე იდგა და თავის ერთგულ მსმენელსა და მაყურებელს არასდროს ღალატობდა. 2010 წლის 12 აპრილს „იავნანას“ საქველმოქმედო კონცერტზე თავისი ლექსებით უნდა წარმდგარიყო, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა. მეორე დღეს, 13 აპრილს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ადამიანი მიდის, მისი შემოქმედება კი სამუდამოდ რჩება - ეს სიტყვები ალბათ ნიკო გომელაურის ცხოვრებას ყველაზე კარგად აღწერს.