თუ ჩვენ წელიწადში რამდენჯერმე ვათვალიერებთ მათ კოლექციებს და მათი პირადი ცხოვრების (მათ შორის, მათი ოთხფეხა მეგობრების) შესახებ ყველაფერი ვიცით, რატომ არ უნდა ვეწვიოთ მათ სახლშიც?
იხილეთ ფოტოგალერეა
ვის? რა თქმა უნდა, მაღალი მოდის შემქმნელებს! ალბათ, ძალიან საინტერესო სანახავი იქნება, როგორ სახლებში ცხოვრობენ გემოვნებით დაჯილდოებული ადამიანები.
აღმოჩნდა, რომ თითოეული დიზაინერის ინდივიდუალურობა მათი სახლის დიზაინზეც აისახება. მაგალითად, დიანა ფონ ფიურსტენბერგის აპარტამენტებს ეტყობა მფლობელის განსაკუთრებული მიდრეკილება მკვეთრი პრინტებისადმი; ხოლო მეთიუ უილიამსონის სახლში აღმოაჩენთ ნეონის ფერებსა და ფარშევანგის ბუმბულებს – დიზაინერის დეკორის ერთ-ერთ საყვარელ ელემენტს.
ალექსანდრ ვანგის სახლი კოლეგების აპარტამენტებისგან მონარქული ფერთა გამით განსხვავდება: Balenciaga-ს ახალი დიზაინერის სახლში ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს შავი და თეთრი და ამ შეხამებას არ არღვევს არცერთი ზედმეტი დეტალი.
როგორც აღმოჩნდა, მოსაწყენი დიზაინის სახლებში დიზაინერები არ ცხოვრობენ: თუნდაც ინტერიერი ძალიან კონსერვატორული სტილის იყოს, მნახველის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს უცნაური ელემენტები: ბრაიან ეტვუდთან ეს ხელის მტევნის ფორმის ოქროს სავარძელია, ნანეტ ლეპორთან – ცეცხლის ფორმის აბაჟურები, ხოლო ექსცენტრიულ მარკ ჯეიკობსს შუა ოთახში ცხვრის სტატუა უდგას (სხვათა შორის, საკუთარი დიზაინით შექმნილი).
ზოგიერთი დიზაინერის სახლის ნახვის შემდეგ შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ მუზეუმი დაათვალიერეთ, ან ძვირფას სასტუმროში იყავით, მაგალითად, მარგარეტ მისონის აპარტამენტებში მილანში ან ოსკარ დე ლა რენტას სახლში კონექტიკუტში.
ხოლო კრისტიან ლუბუტენთან სტუმრობისას თავი მაროკოსა თუ ცენტრალურ აფრიკაში გეგონებათ, არადა, შუაგული პარიზია. ფეხსაცმლის დიზაინერის აპარტამენტების მოწყობას დიდი დრო დასჭირდა: მაგალითად, გარდერობის ოთახისთვის სხვადასხვა დეტალი სპეციალურად ეგვიპტეში ხელით დაამზადებინეს. თავად ლუბუტენი საკუთარი სახლით ძალიან ამაყობს, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ სტუმრები დიდად არ უყვარს.
აი, ყველაზე ძვირად ღირებული დიზაინერული სახლის წოდება კი ვერა ვანგის სახლს ერგო – სახლიდან, რომელიც ბევერლი ჰილსზე მდებარეობს, საოცარი ხედი იშლება. ვარსკვლავების საქორწინო კაბების ცნობილი დიზაინერის სახლის დეკორი გადაწყვეტილია თანამედროვე და მინიმალისტურ სტილში, თუმცა ამ "ბუდეში" ვონგმა მაქსიმალური თანხა – 9 მილიონი დოლარი გადაიხადა.
იხილეთ ფოტოგალერეა