100 წლის წინ, 1922 წლის 19 იანვარს, თბილისში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოში მოღვაწე სომეხი ბიზნესმენი და ქველმოქმედი მიქაელ არამიანცი. ქვემოთ გაეცნობით მისი დრამატიზმით აღსავსე ცხოვრების დეტალებს.
დაიბადა 1843 წლის 4 მაისს მთიანი ყარაბაღის სოფელ კეატუკში, სოფლის თემის უფროსის ოჯახში.
მიქაელის პირველი სამუშაო იყო ხალიჩების საქსოვი მანუფაქტურა შუშში, სადაც ვაჭრის დამხმარედ მუშაობდა. საქმიანობიდან გამომდინარე, მას ხშირად უწევდა მოგზაურობა თავრიზში (სპარსეთი). ერთ-ერთ ასეთ მოგზაურობაში იგი შეხვდა ალექსანდრე მანთაშევს. მომავალში მათი მეგობრობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამიერკავკასიაში ნავთობის მრეწველობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მალე, შუშში დაბრუნებისთანავე, არამიანცი გახდა ოვანეს ხუბლარიანის მანუფაქტურის მმართველი და მას შემდეგ, რაც 3000 მანეთი იშოვა, 1871 წელს გადავიდა ტფილისში და ქსოვილებით (შალით, აბრეშუმით) და შაქრით ვაჭრობა დაიწყო, პარალელურად კი, ჩართული იყო შაქრის ტრანზიტულ აღებ-მიცემობაში სპარსეთსა და ევროპის ქალაქებში.საქმეები ისე კარგად მიდიოდა, რომ უკვე 1876 წელს 33 წლის ასაკში მისი კაპიტალი მილიონ მანეთს აღემატებოდა.
თუმცა წარმატება მალე ჩაანაცვლა წარუმატებლობების სერიამ: მიქაელ არამიანცი გაკოტრების პირას მივიდა. რუსეთ-თურქეთის ომის (1877) დაწყებისთანავე პარტნიორებმა უღალატეს და ძალიან მოკლე დროში მილიონიანი ქონებიდან მხოლოდ 7000 მანეთი გადარჩა. არამიანცმა გადაწყვიტა, არ დანებებულიყო. რისკზე წავიდა და ბიზნესში ბოლო სახსრები ჩადო.
1984 წელს იგი ბაქოში სანავთობო კომპანიას აფუძნებს ზემოთ ნახსენებ ალექსანდრე მანთაშევთან ერთად, საწყისი კაპიტალით - 200 000 მანეთით.
XX საუკუნის დასაწყისისათვის „მანთაშევი და კომპანია" ნავთობის მოპოვებაში მხოლოდ „ძმები ნობელების კომპანიასა“ და „ძმები როტშილდების კასპია-შავი ზღვის საზოგადოებას“ ჩამორჩებოდა. წარმომადგენლობები გახსნილი ჰქონდა სმირნაში, თესალონიკეში, კონსტანტინოპოლში, კაიროში, მარსელში, ლონდონში, ბომბეისა და სხვა ქალაქებში. კომპანიის 1/3 წილის მფლობელი არამიანცი იყო.1898 წლისთვის არამიანცს უკვე ჰქონდა 9 მილიონი მანეთი.
1902 წელს არამიანცი იწყებს საკუთარი სახსრებით საავადმყოფოს აშენებას, 75 საწოლზე გათვლილის, რომლის აშენებისთვისაც 100 000 მანეთი გაიღო. 1909 წელს საავადმყოფო არამიანცმა ქალაქს გადასცა, თუმცა საკუთარი სახსრებით ინახავდა.ის თავად იხდიდა როგორც სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, ასევე ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯებს .საავადმყოფოში იდგა კავკასიაში პირველ რენტგენის აპარატი, რომელიც ევროპიდან არამიანცმა პირადად ჩამოიტანა. ამის გარდა, არამიანცს კიდევ მრავალი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული როგორც საქართველოში ასევე, მის მშობლიურ ყარაბაღსა და სომხეთში, მათ შორის, 50 ათასი მანეთის შეწირვა თბილისის მეორე გიმნაზიისათვის და სვეტიცხოვლის რესტავრაციაზე გაღებული თანხა.
ცალკე თემაა არამიანცის მიერ თბილისში აგებული შენობები, მათ შორის: სასტუმროები „მაჟესტიკი"(ახლანდელი "თბილისი მარიოტი") და "პალას-ოტელი"(ახლანდელი თეატრის და კინოს უნივერსიტეტი, რუსთაველის გამზ. #19- ში), ცნობილი ოლგას სახლი „ვერის ბაზრის“ მიმდებარე (დღეს მერაბ კოსტავას) ქუჩაზე და სერგიევის ქუჩაზე (დღეს მაჩაბლის #6) მდებარე ლამაზი შენობა. სწორედ ამ შენობის სარდაფში გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები სრულ სიღატაკეში, ბოლშევიკებმა მას ყველაფერი წაართვეს.
"მაჟესტიკი" 1918 წელს გაიხსნა. ეს იყო პირველი 5-სართულიანი სასტუმრო თბილისში, პირველ სართულზე რესტორნით და ვრცელი ვესტიბიულით, რომელსაც თბილისის სასტუმროთა შორის ანალოგი არ ჰქონდა – ევროპული და ამერიკული სასტუმროების მსგავსად, ვესტიბიული ჩაფიქრებული იყო, როგორც საზოგადოებრივი სივრცე – შეხვედრების ადგილი და არა მხოლოდ სასტუმროს მობინადრეთათვის. იატაკისთვის და კიბეებისთვის მარმარილო იტალიიდან ჩამოიტანეს, პილასტრები და სვეტები ხელოვნური მარმარილოთი მოაპირკეთეს, ინტერიერის გაფორმება პეტროგრადიდან ჩამოყვანილ მხატვარ-დეკორატორებს შეუკვეთეს. სასტუმროს სარდაფში მოწყობილი კინოთეატრი 1930 წლამდე ფუნქციონირებდა. გასაბჭოების შემდეგ შენობა პროფკავშირებს გადასცეს.