ნიკოლოზ წულუკიძე იუბილარია. ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი და თეატრმცდონე სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. ნიკოლოზი კი თავის განვლილ წლებსა და ბავშვობას ასე იხსენებდა:
"ბავშვობაზე მახსენდება აღმაშენებლის გამზირი, ძველებურად, პლეხანოვი, რომელიც, დიდი გაჭირვების მიუხედავად, საოცარი იყო. მახსენდება „ფეჩი", რომლითაც მთელი ქუჩა ვთბებოდით. მოგეხსენებათ, პლეხანოვზე შეშას ვერ ნახავდით და მახსოვს, ერთ-ერთმა მეზობელმა საკუთარი “პარკეტიც” კი დაწვა, ისე ციოდა და უჭირდათ.
მიუხედავად ამისა, როცა ბავშვი ხარ, ყველა დრო კარგად გახსენდება. მახსოვს შუქის წასვლის დროს გზის გადაკეტვა... გადამკეტველთა სიაში იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი და გურამ საღარაძე. ამ პერიოდში სკოლაში თბილი ტანსაცმელი, კომპოტები და ჯემები მიგვქონდა, რომ აფხაზეთის ომის მონაწილეებისათვის გაეგზავნათ. პლეხანოვი ჩემთვის არის განსაკუთრებული სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ აღარ ვცხოვრობ."
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება საკუთარ თავს უსურვო, ალბათ, არის ის, რომ არასდროს დაკარგო შენი თავის გარედან ყურების უნარი; შეძლო თვითშეფასება კონტექსტში, რათა ზუსტად იცოდე, რა ადგილი გაქვს იმ დროსა და სივრცეში, სადაც იმ წუთას ხარ. არ გაექცე და არ გაგაბოროტოს საკუთარმა ტრაგედიამ. სულ გახსოვდეს, როცა შენი წილი ბედნიერება მთავრდება, უნდა იზრუნო სხვის წილ ბედნიერებაზე. და მთავარი – იცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ და ადამიანის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორი გულწრფელობა და ღირსება იქნება...“ - ეს სიტყვები ნიკოლოზ წულუკიძეს ეკუთვნის, რომელიც მან საკუთარ თავს მომავალში გაუგზავნა. ეს სიტყვები განსაკუთრებით ემოციური მოსასმენი აღმოჩნდა მკითხველისთვის იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც ნიკოლოზის ოჯახში 2022 წელს დატრიალდა, მისი მცირეწლოვანი შვილი მე-10 სართულიდან გადმოვარდა და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თეატრმცოდნემ, ყველასთვის საყვარელმა ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ, 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული თეკლა კოსტავაა.
"საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მეორე ნახევრებიც ყოველთვის ჩანან, თუმცა ჩემს ცოლს არ უყვარს პოპულარობა. ის ფიქრობს, რომ ოჯახიდან ერთი ცნობილი ადამიანიც საკმარისია. ეს თვისება მასში მომწონს, ვაბალანსებთ ერთმანეთს. რასაკვირველია, ოჯახის ფუძე არის ქალი. კაცი თუ არ ეხმარება, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს, თუმცა მე ვცდილობ, მაქსიმალურად გავინაწილო ოჯახის პასუხისმგებლობები. მაგრამ ოჯახში უმეტესი წილი ქალისაა", - ამბობდა ნიკა.
წყვილს ქორწინებაში ორი შვილი, სესილია და კიტა შეეძინა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ნიკოლოზისა და თეკლას ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა, როცა მათი უმცროსი ვაჟი მაღალი სართულიდან გადმოვარდა და, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოჯახზე, კარიერასა და ცხოვრებაზე ნიკოლოზ წულუკიძემ გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" ისაუბრა:
„ჩემს ცხოვრებაში ცალმხრივი სერიოზული სიყვარული არ ყოფილა და რაღაც მოწონება შეიძლება იყო. თუ ვიგრძნობდი, რომ ცალმხრივობისთვის იყო განწირული, იმას შევეშვებოდი ხოლმე. სანამ დავოჯახდებოდი, არ მგონია, სერიოზულად მყვარებოდა ვინმე. იმ მომენტში, ყოველთვის გგონია, რომ ეს ნამდვილია, მაგრამ დრო რომ გადის და აფასებ, მერე ხვდები, რომ ასე არ არის. სიყვარული სითამამეა. მთავარია, შენს თავში მიხვდე, რომ მის გარეშე არ შეგიძლია სიცოცხლე და მერე ყველაფერს აკეთებ...
სულ ვცდილობ, ოჯახთან ერთად ვიყო, საზღვარგარეთაც მათთან ერთად დავდივარ. სესილია ყველგან დამყავს, მთელი საქართველო აქვს მოვლილი. სიმკაცრისთვის დედა არსებობს. სესილიასთან პირველი 10 წამის მანძილზე შემიძლია გავბრაზდე, მეთერთმეტე წამს მეც მეცინება და მასაც, ვერ ვარ მკაცრი...
სესილიამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მიიღო მონაწილეობა. მე არ მინდა, მსახიობი იყოს. ერთხელ ვკითხე, ვინ გინდა გამოხვიდე-მეთქი. მსახიობი არაო", - ამბობდა ნიკოლოზ წულუკიძე.