რა თქმა უნდა, ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ არც ის ივარგებს, თუ ქალი მთელ დღეს უმოძრაოდ გაატარებს. ორსულებს კატეგორიულად ეკრძალებათ სიმძიმეების აწევა, მაგრამ სექსი აკრძალვების ნუსხაში არ მოხვდა. თანაც, ამ პერიოდში სექსის მოთხოვნილება ძლიერდება.
დავიწყოთ იმით, რომ აუცილებელია უსაფუძვლო შიშისგან გათავისუფლება! ნაყოფი საკმაო მანძილითაა დაშორებული გენიტალიებისგან. ამიტომ გამორიცხულია, რაიმე სახის საფრთხე დაემუქროს.
თუ თქვენი მკურნალი ექიმი მიიჩნევს, რომ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, სექსი არაფერს გავნებთ, პირიქით, სარგებლობის მოტანაც კი შეუძლია. ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და აღძრავს თქვენში უამრავ დადებით ემოციას. თუმცა, ორსულობის გარკვეულ ეტაპებზე (პირველი და ბოლო თვე) მეტი სიფრთხილე გმართებთ.
მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ ფეხმძიმე ქალთა უმეტესობას არათუ უქრებათ, არამედ უძლიერდებათ კიდეც სექსის მოთხოვნილება. ამასთან, მოთხოვნილების ინტენსივობა დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე. ჩვეულებრივ, სექსის სურვილი შედარებით სუსტია პირველ და მესამე ტრიმესტრში, ხოლო საგრძნობლად ძლიერდება და პიკს აღწევს მეორე ტრიმესტრში.
იდეალური ვარიანტია, როდესაც მამაკაცისა და ქალის აქტივობის პიკი ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ არცთუ იშვიათად თანხვედრა არ ხდება და ეს გაუგებრობის და უთანხმოების მიზეზია ხოლმე. ამ შემთხვევაში მამაკაცი ვალდებულია, დათმოს...
სქესობრივი ურთიერთობისთვის ოპტიმალური პოზები თქვენს გინეკოლოგთან კონსულტაციის შედეგად შეარჩიეთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, მამაკაცმა გაითვალისწინოს თქვენი მდგომარეობა და განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოს.
რა სარგებლობა მოაქვს სექსს ორსულობის დროს
• ორგაზმის დროს გამომუშავდება ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც დადებითად აისახება ორსულობის მიმდინარეობაზე.
• ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ორგაზმის დროს იკუმშება საშვილოსნოს კუნთები, რომლებიც თითქოს "მშობიარობისთვის მოსამზადებელ ვარჯიშებს აკეთებენო". მეტიც, ამ ტიპის შეკუმშვები ნაყოფისთვისაც სასარგებლოა, რადგან მუცლად მყოფ ბავშვს ერთგვარი "პირობითი რეფლექსი" გამოუმუშავდება.
• ერთი ნიუანსიც: ვინაიდან ამ პერიოდში თავის დაცვა არ გჭირდებათ, მეტ სიამოვნებას მიიღებთ სექსისგან!