• პორტუგალიაში დიდად აფასებენ მზარეულის შრომას. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი, ადამიანმა მარილი და პილპილი მოითხოვოს, თუ რომელიმე მათგანი არ დევს სუფრაზე. ითვლება, რომ ეს მზარეულის შეურაცხყოფაა.
• საფრანგეთში მიუღებელია სადილის დროს ფინანსურ საკითხებზე და ზოგადად, ფულზე საუბარი. ცუდ ტონად ითვლება ხელების დაწყობა მაგიდის ქვეშ. ფრანგებს კიდევ ერთი უცნაური წესი აქვთ: არ შეიძლება პურის ნაჭრის მოკბეჩა, ის აუცილებლად პატარ-პატარა ნაჭრებად უნდა დაანაწევრონ და ისე მიირთვან.
• გერმანიაში რამდენიმე ძირითადი წესი მოქმედებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვან სტუმრად მიწვეულმა ადამიანებმა, რათა მასპინძელი არ გაანაწყენონ: მასპინძლის ნებართვის გარეშე სტუმარი არ უნდა დაჯდეს მაგიდასთან, თანაც მასპინძელმა თავად უნდა მიუთითოს კუთვნილი ადგილი. სანამ ოჯახის თავი თავად არ შეუდგება ტრაპეზს, სტუმარმა კერძი არ უნდა გადაიღოს. უხეშობად და ცუდ ტონად ითვლება მაგიდაზე იდაყვების დალაგება.
• იაპონიაში სადილი დიდ ტრადიციებთანაა დაკავშირებული. იქ საკვების მირთმევის ერთგვარი კულტურაც კია ჩამოყალიბებული. მაგალითად, სადილის წინ მოაქვთ ნამიანი ხელსახოცი, რომელიც განკუთვნილია ხელების გასაწმენდად. ცუდ ტონად ითვლება ამ ხელსახოცით პირის მოწმენდა. ხელების გაწმენდის შემდეგ ხელსახოცი ზუსტად იქ უნდა დააბრუნონ, საიდანაც აიღეს.
იაპონიაში სუფრა აუცილებლად ხმაურიანი უნდა იყოს. სხვადასხვა შეძახილი და ხმამაღალი ბგერები სტუმრების კმაყოფილებას გამოხატავს. მშვიდად და ჩუმად სადილობა ნიშნავს, რომ სტუმარი უკმაყოფილოა კერძებით და სიტუაციით და ამით მასპინძელს შეურცხყოფას აყენებს. არ არის მიღებული ალკოჰოლური სასმლის დალევა წინასწარი საზეიმო სიტყვის ან სადღეგრძელოს გარეშე.
• სადილის ეტიკეტი საუდის არაბეთსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში მჭიდრო კავშირშია ისლამის პრინციპებთან. აქ უმეტესად იატაკზე შლიან სუფრას, სადაც ბევრი კერძია წარმოდგენილი. ხშირ შემთხვევაში ჭურჭელსაც არ იყენებენ, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა ხელით უნდა მიირთვან. უცხო ქვეყნიდან ჩასული სტუმრის მხრიდანაც კი უპატივცემულობა იქნება თეფშის და ჩანგლის მოთხოვნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კერძები მხოლოდ მარჯვენა ხელით უნდა მიირთვან, რადგან აქ ითვლება, რომ მარცხენა ხელი "ჭუჭყიანია".
• ეთიოპიაში მიღებულია, რომ ყველა სტუმარმა ერთი თეფშიდან მიირთვას კერძი. სტუმრებისთვის თეფშებისა და დანა-ჩანგლის დარიგება ამ ქვეყანაში მფლანგველობად ითვლება.
• შვედეთში ცუდ ტონად ითვლება ჭიქების მიჭახუნება.
• ამერიკაში კერძის ხელიდან ხელში მიწოდება უკულტურობად მიიჩნევა. თუ სუფრის ერთმა წევრმა მეორეს პილპილის მიწოდება სთხოვა, ამ უკანასკნელმა პილპილთან ერთად მარილიც უნდა მიაწოდოს.
• ჩინეთში, განსაკუთრებით, სამხრეთ-ჩინეთსა და ჰონკონგში, არ შეიძლება თევზის თეფშზე გადაბრუნება, რადგან ჩინელების აზრით, თუ თევზს გადააბრუნებენ, წარუმატებლობა ელით. ყველაზე ცრუმორწმუნე ჩინელები მას შემდეგ, რაც თევზის ზედა ნაწილს მიირთმევენ, საერთოდ აღარ ეკარებიან დარჩენილ თევზს. შედარებით "გაბედულნი" ხერხემალს აცლიან, რომ თევზის თეფშზე გადაბრუნების გარეშე შეძლონ მისი მირთმევა.
• მექსიკაში სადილის დროს "ჯადოსნური" ძალა აქვს სიტყვას "პროვეჩე". ის დამსწრე საზოგადოებისა და მასპინძლის მიმართ დიდ პატივისცემას და მოწონებას გამოხატავს.
ჟურნალი "...და ქალი" (აპრილის ნომერი)