ცნობილი რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე უმძიმეს მდგომარეობაშია. ის სამკურნალოდ გერმანიაში გადააფრინეს.
ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, როცა მომღერალი შერემეტიევოს აეროპორტის სამედიცინო პუნქტში შენიშნეს. ერთ-ერთ რუსულ პორტალს თვითმხილველმა მიაწოდა ვიდეოჩანაწერი, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მომღერალი საკუთარ თავს არ ჰგავდა. ფრისკეს თან ახლდა მისი მეუღლე, დიმიტრი შეპელოვი. წყვილი გერმანიისკენ მიმავალ ავიარეისზე დარეგისტრირდა.
მომღერლის გარემოცვის ინფორმაციით, ჟანა ფრისკე გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ. აქ მსოფლიოს წამყვანი ექიმი-ონკოლოგები მუშაობენ.
ჟანა ფრისკე 1974 წლის 8 ივლისს მოსკოვში დაიბადა. მაყურებელმა ის რუსული ჯგუფით, "ბლესტიაშიეთი" გაიცნო. ასევე, ის გადაღებულია ფილმებში: "ღამის გუშაგი" და "დღის გუშაგი" და უამრავ სატელევიზიო შოუში.
გასული წლის აპრილში რუსული შოუ-ბიზნესის სექს-სიმბოლომ მაიამიში იმშობიარა და ვაჟი გააჩინა, რის შემდეგაც ჟანა თვალსაწიერიდან გაქრა. ზაფხულში ვარსკვლავის სცენაზე დაბრუნება იურმალას კონკურსის, "ახალი ტალღის" ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მომღერალმა სცენაზე გამოსვლა ვერ შეძლო.
მასალის წყარო: http://lifenews.ru