43 წლის ტორონტოელმა კომედიანტმა ერინ კინიმ, რომელიც ორი შვილის დედაა, გადაწყვიტა, იმ პრობლემაზე გაემახვილებინა გარშემომყოფების ყურადღება, რომელიც მისი თანატოლი ქალების უმეტესობას აწუხებს - ჭარბ მასებზე მუცლის არეში, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ღიპზე.
ერინმა ორიგინალურ ხერხს მიმართა და ჰიპ-ჰოპის ჟანრში პაროდიული სიმღერა ჩაწერა, ვიდეოში კი საკუთარი ნაცნობ-მეგობრები გამოიყვანა. ერინის თქმით, იგი მოდურ ჟურნალებში ხშირად აწყდება ცნობილი ქალბატონების ფოტოსურათებს, რომლებიც მშობიარობის შემდეგ მარტივად იბრუნებენ სასურველ ფორმას, მაგრამ ახალგამომცხვარი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის თქმით, ეს ყველაფერი სინამდვილეს არ შეესაბამება და მისი სხეული ამის კარგი მაგალითია.
"მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ მე მიყვარს ჩემი სხეული. მნიშვნელობა არ აქვს იმას, გამხდარი ხარ თუ მსუქანი" - აღნიშნავს ერინი.
ერინის მეუღლე, ბრეტ ჰარდი, რომელმაც ცოლის სიმღერაზე ვიდეო გადაიღო, სრულიად უჭერს მას მხარს, მეუღლის მოწოდებებს იზიარებს და ამბობს, რომ ადამიანი მაშინაა ბედნიერი, როცა საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად გრძნობს.