ზამთრის შემდეგ თვალს განსაკუთრებით ახარებს ბაზარში გამოტანილი მწვანილის სიმრავლე. მწვანილების სასარგებლო თვისებების შესახებ, ალბათ, არაერთხელ გსმენიათ, მაგრამ ზოგიერთის თვისებამ შეიძლება გაგაოცოთ კიდეც.
რეჰანი - საუკეთესო ანტივირუსული საშუალებაა. გამოიყენება ხველის დროს; სასარგებლოა ასთმიანებისთვის. აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. რეჰანში შემავალი ეთერზეთების წყალობით, იგი ადვილად ხსნის ანთებით პროცესებს და ანტიბიოტიკის ეფექტიც აქვს. ძველად, მწვანე რეჰანის (შაშკვლავი) ნაყენს პირში ივლებდნენ უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად და პირის ღრუში ბაქტერიების მოსასპობად. რეჰანს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი აქვს. იგი, აგრეთვე, ასუფთავებს თირკმელებს.
ოხრახუში - ვიტამინების საბადოა. მას იყენებენ როგორც წნევის დასარეგულირებლად, აგრეთვე, ნაღველმდენ და შარდმდენ საშუალებად. ოხრახუში აუმჯობესებს გლუკოზის ნორმას ორგანიზმში; იგი აგრეთვე აუცილებელია ძვლებისა და კბილების სიჯანსაღისთვის.
გახსოვდეთ, ოხრახუშის ხშირი, ზომაზე მეტი გამოყენება სახიფათოა ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში. მან შეიძლება მუცლის მოშლა გამოიწვიოს.
კამა - ოხრახუშის მსგავსად, იგიც მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით. კამას დეზინფექციის ფუნქცია აქვს. იგი აუმჯობესებს ღვიძლის, კუჭ-ნაწლავისა და შარდ-სასქესო სისტემის მუშაობას. ამშვიდებს ნერვულ სისტემას. სასარგებლოა მათთვის, ვინც უძილობით იტანჯება. წნევას დაბლა სწევს და გაგათავისუფლებთ შეშუპებისგან.
ქინძი - აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას და მოგიხსნით საკვების მიღებით გამოწვეულ სიმძიმეს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა მუშაობისთვის.
თუმცა მამაკაცებისთვის ქინძის დიდი რაოდენობით მიღება დაუშვებელია, იგი პოტენციას აქვეითებს. ქალებში შეუძლია მენსტრუალური ციკლი დაარღვიოს. იწვევს უძილობას. ქინძი უმჯობესია უმი სახით მიიღოთ, მას თერმული დამუშავება არ უხდება.
ღანძილი - აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას, ნივთიერებათა ცვლის პროცესს, მოგაშორებთ ზედმეტ ქოლესტერინს, არეგულირებს წნევას. თუმცა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მისი ჭამა აკრძალულია.
მჟაუნა - ასუფთავებს ღვიძლს, ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას, აუმჯობესებს საკვების მონელებას.
ისპანახი - აუმჯობესებს კუჭქვეშა და ფარისებრი ჯირკვლების მუშაობას. ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ ისპანახი სასარგებლოა თვალებისთვის. მისი მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კომპიუტერთან დიდხანს უწევს მუშაობა.
ჭარხლის ფოთოლი - აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ანემიით, გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებით დაავადებულთა რაციონში. იგი აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას. დადგენილია, რომ ჭარხლის ფოთოლიცა და თავად ჭარხალიც იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადებებისგან.
ჭინჭარი - მისი ჭამა აუცილებელია დაბალი ჰემოგლობინის დროს. იგი დაბლა სწევს შაქრის დონეს სისხლში. აქვს შარდმდენი ეფექტი. ჭინჭარი სასარგებლოა ანემიისა და ათეროსკლეროზის დროს, აგრეთვე, თირკმლის, ღვიძლის დაავადების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. გაფრთხილდით, ყველა სიკეთესთან ერთად, ჭინჭარი სისხლის შედედებას იწვევს.
ნიახური - ორგანიზმიდან გამოჰყავს წიდები. აქვს შარდმდენი ეფექტი. ნაკლებკალორიულია, რის გამოც დიეტაზე მყოფებმა უნდა ჩართონ რაციონში.
სალათის ფურცელი - ვიტამინებისა და მიკროელემენტების საბადოა. ორგანიზმიდან გამოჰყავს ზედმეტი ქოლესტერინი, წიდები და შხამები. სასარგებლოა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისას.
იგი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული გულით, დიაბეტით დაავადებულთა და დიეტაზე მყოფთა რაციონში. სალათის ფურცლები იცავს ადამიანს ათეროსკლეროზისგან. იგი სასარგებლოა მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს.
პიტნა - აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. აქვს დამამშვიდებელი, ნაღველმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური ეფექტი. აგრეთვე, ეფექტურია გულძმარვისა და ხველების დროს. ქალებისთვის პიტნის ნაყენის (ჩაი) სმა მიზანშეწონილია "პემეესის" დროს.
პიტნის ხშირი მიღება არასასურველია მამაკაცებისთვის, აქვეითებს პოტენციას. აგრეთვე, მისი ხშირი მიღება ეკრძალებათ ფეხმძიმეებს.