თუკი ცნების - "ყველა დროის ბესტსელერი" ასახსნელად მაგალითის მოშველიება დაგვჭირდება, თამამად შეიძლება მარგარეტ მიტჩელის "ქარწაღებულნი" ვახსენოთ.
პოპულარობა გამოსვლისთანავე ერგო ამ რომანს და დღემდე ასეა, მაგრამ უნდა დავაზუსტოთ: თვით სიტყვები - "ბესტსელერი" და "პოპულარული" - კლასიკაზე პრეტენზიის მქონე ლიტერატურასთან მიმართებაში, ცოტა არ იყოს, "არასერიოზულად" აღიქმება.
"ბულვარული რომანი", "სამზარეულოში წასაკითხი წიგნი"... რა არ უწოდებიათ მისთვის?! ამას ისიც დაუმატეთ, რომ ზოგისთვის (მათ შორის - ლიტერატურის ბევრი კრიტიკოსისთვისაც) ის ფაქტიც კი, რომ ავტორი ქალია, კიდევ ერთი "არგუმენტია" წიგნის "ქარაფშუტულობის" დასამტკიცებლად.
ცხადია, ყოველივე ზემოთქმული ჰაერიდან მოტანილი არ არის და ლიტერატურაში ხშირია მაგალითი, რომელიც ამას ადასტურებს, მაგრამ "ქარწაღებულნის" შემთხვევაში, უამრავი კონტრარგუმენტის მოტანა შეიძლება: გარდა იმისა, რომ რომანს გამოსვლისთანავე პულიცერის პრემია მიენიჭა (ბევრი კრიტიკოსი ამას ნობელის პრემიაზე მეტ აღიარებად თვლის მწერლისთვის), ორ წელიწადში მის საფუძველზე გადაღებული ფილმი კი - ცხრა(!) "ოსკარით" აღინიშნა.
ყველაზე მთავარი "საბუთი" თვითონ ეს წიგნია! და კიდევ ერთი: წიგნის დაწერის ამბავი - წინაისტორია და ის ათწლიანი პერიოდი, როდესაც ყველამ იცოდა, რომ მარგარეტ მიტჩელი რაღაცას აკეთებდა, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს ახედებდა "სამზარეულოში".
არც ერთი გვერდი, არც ერთი სტრიქონი არ დაუწერია ისე, რომ რომანში აღწერილ არათუ ეპოქას, არამედ კონკრეტული ეპიზოდის შესაძლო გარემოს, იმ დროს მომხდარ დიდ თუ მცირე მოვლენებს არ გასცნობოდა ძველი პრესისა თუ სხვა წყაროების საშუალებით. ამიტომაც იქმნება "ქარწაღებულნის" კითხვისას მძაფრი შთაბეჭდილება, რომ იმ ეპოქის თანამედროვე ავტორის, იმ საქმეთა თანამონაწილის მოგონებას კითხულობ, თითქმის პირადი დღიურის სიზუსტით ჩაწერილს...
ტრადიციულ სამხრეთულ ოჯახში დაბადებული (ჯორჯიაში, ქალაქ ატლანტაში) გოგონა მუდმივად ისმენდა სამოქალაქო ომის დროინდელ ამბებს, მით უმეტეს, რომ მისი ორივე პაპა იმ ომის მონაწილე იყო. და არა მხოლოდ ისმენდა, არამედ წერდა კიდეც დღიურებსა და პატარ-პატარა მოთხრობებს; პიესებსაც, რომლებსაც საოჯახო და "სამეზობლო" დასები დგამდნენ კიდეც.
სწორედ ეს ჩანაწერები და მოგონებები გახდა "ქარწაღებულნის" საფუძველი, მაგრამ - არა მხოლოდ ეს. რედაქციიდან წამოსვლისთანავე, ახალ "სამსახურში" დაიწყო ყოველდღე სიარული - არასოდეს ჰყოლია ატლანტის საკმაოდ მდიდარ მუნიციპალურ ბიბლიოთეკას ისეთი ერთგული მკითხველი, როგორიც ახალგაზრდა მისის მარში იყო (ეს გვარი მიიღო ჯონ მარშთან ქორწინების შემდეგ, თუმცა რომანი მაინც ქალიშვილობის გვარით გამოაქვეყნა).
მიტჩელს ეფექტური ფინალები უყვარდა და ჯერ იმ ფინალს წერდა და მერე - დასაწყისს.
"ქარწაღებულნის" შემთხვევაშიც ასე იყო: რომანის ბოლო თავი მის დასრულებამდე 10 წლით ადრე დაიწერა, ხოლო მერე იმას ქმნიდა, რაც იმ მომენტში გაახსენდებოდა ან რასაც წიგნებიდან თუ ძველი გაზეთებიდან ამოკითხული ამბები უკარნახებდა.
როგორც მისი მეგობრები იხსენებდნენ, პატარა ოთახში ჩაკეტილი მიტჩელი საათობით აკაკუნებდა საბეჭდ მანქანაზე. ამაზე ყველა ლაპარაკობდა, მაგრამ ზოგი ამბობდა, სამზარეულოს წიგნს წერსო, ზოგი - რას და ზოგი - რას). და 10 წლის შემდეგ, უბრალო ყუმბარასავით კი არა, არამედ მძლავრი ბომბივით დაასკდა ინგლისურენოვან მკითხველს "ქარწაღებულნი"!
ქართველ მკითხველს კი პირველად ეძლევა შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე წაიკითხოს ეს შესანიშნავი ნაწარმოები და ამას გამომცემლობა "პალიტრა L" გვთავაზობს. მარგარეტ მიტჩელის "ქარწაღებულნი" პროექტის - "კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში გამოიცემა ორ ტომად და გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. პირველი ტომი 21 ივლისს გამოდის და მკითხველს ერთი კვირის განმავლობაში ექნება საშუალება, სპეციალურ, აქციის ფასად, 7 ლარად შეიძინოს.
სერია "50+ ბიბლია + კიდევ 49 წიგნი" სახალხოა და შესაბამისად, ამა თუ იმ ნაწარმოების შერჩევისას ვითვალისწინებთ სწორედ ხალხის არჩევანს. რომანს ჩვენს გამოკითხვებში უდიდესი წარმატება ხვდა წილად. აღსანიშნავია თვით ის ფაქტი, რომ არც ერთ სხვა ნაწარმოებში არ არის გადმოცემული ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომი, აღწერილი ასე რეალისტურად. და სწორედ რეალიზმია ალბათ ის მთავარი ჟანრული მახასიათებელი, რომელიც კონტრასტს ქმნის სკარლეტის შინაგან ბუნებასთან, ეწინააღმდეგება მას, თუმცა სკარლეტი მაინც იმ დროის ტიპური წარმომადგენელია.
ამიტომ არის საინტერესო და შეუდარებელი ეს წიგნი - დოკუმენტური სიზუსტით აღწერილი მთელი ეპოქა და თითოეული პერსონაჟი, ამ ეპოქის შვილი. დრამატიზმი-სიყვარული-სიძულვილი: "ქარწაღებულნი" ბრძოლაა და სამოქალაქო ომი, "ქარწაღებულნი" სიყვარულის ამბავია და საკუთარ თავთან ბრძოლა და ომიც", - აღნიშნავს გამომცემლობა "პალიტრა L "-ის მთავარი რედაქტორი ნინო დეკანოსიძე.
ზვიად დოლიძე