პერიოდი ბავშვის დაბადებიდან 3 წლამდე მისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის ყველაზე პროდუქტიული პერიოდია
- ამ დასკვნამდე მივიდა იაპონელი ინჟინერი და კომპანია Sony-ს დამფუძნებელი მასარუ იბუკა, რომელმაც ბავშვის ადრეული განვითარების თემას არაერთი ნაშრომი მიუძღვნა.
მისი შეხედულებით, სწორედ 3 წლამდე პერიოდში ბავშვი საოცარი ტემპით ვითარდება: ტვინის უჯრედების 80%-ს შორის, რომლებიც ინტელექტზე არიან პასუხისმგებელნი, ნეირონული კავშირი მყარდება. ამ დროს ბავშვს ყველაფრის შესწავლა შეუძლია. იბუკას წიგნიდან "სამი წლის შემდეგ გვიანია" რამდენიმე საინტერესო თეზისს გთავაზობთ, რომლებიც მისი თქმით, გენიოსის აღზრდას ჩაუყრის საფუძველს.
1. ოთახი, სადაც ახალშობილი გყავთ, არც ცარიელი უნდა იყოს და არც სტერილური. კვლევამ დაადასტურა, რომ ბავშვები, რომლებიც ჭრელშპალერიან ოთახებსა და ხატულა ნივთებით სავსე ოთახებში დაიზარდნენ, სადაც მუსიკაც ხშირად ისმოდა, მინიმუმ, სამი თვით უსწრებდნენ ინტელექტის დონით მათი ასაკის პატარებს.
2. ბავშვი ხშირად ატარეთ ხელით და საწოლშიც ხშირად ჩაიწვინეთ - ასეთი სიახლოვე ინტელექტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს.
3. იზრუნეთ, რომ ბავშვის ირგვლივ კარგი მუსიკა ჟღერდეს; დაათვალიერებინეთ დიდი მხატვრების ნამუშევრები, უკითხეთ კლასიკოსთა ლექსები (სხვათა შორის, ლექსები მეხსიერებას ავარჯიშებს). ადრეული ბავშვობის ყველა შთაბეჭდილება მის ტვინზე "აღიბეჭდება". გემოვნებაც სიცოცხლის პირველი დღეებიდან ყალიბდება.
4. რაც შეიძლება ბევრი ელაპარაკეთ აღუას, თუნდაც სულ უბრალო მოვლენების ამსახველი წინადადებები წარმოთქვით.
5. ენას ნუ მოუჩლიქავთ. რაც უფრო ხშირად გაიგონებს გამართულ საუბარს, მით უფრო სწორად იმეტყველებს ისიც.
6. ოჯახში ფსიქოლოგიურად მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო შექმენით. ახალშობილებიც კი გრძნობენ მშობლებს შორის დაძაბულობას. მშობლების ქცევა ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს.
7. ნუ "მიაყრით" ბევრ სათამაშოს: ეს ყურადღებას ფანტავს. ცოტა რაოდენობა კი ფანტაზიასა და კრეატიულობას ავითარებს.
8. მათთვის ძალიან სასარგებლოა თანატოლებთან ურთიერთობა. ეს მათ გონებას სტიმულს აძლევს, კომუნიკაბელურობას ავითარებს და პაექრობის ჯანსაღ სურვილს უღვიძებს. ბავშვებს შორის ჩხუბსა და კამათს გაგებით უნდა მოეკიდოთ - ეს მათი პირველი ცხოვრებისეული გაკვეთილებია.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge