მალაიზიაში ხანგრძლივი ფრენის შემდეგ, ყატარის ავიახაზებით ჩავფრინდით. აეროპორტიდან გამოსულები მალევე მივხვდით, რომ საოცარ ქვეყანაში მოვხვდით და წინ დაუვიწყარი მოგზაურობა გველოდა.
ჩვენი მოგზაურობა მუდმივი ზაფხულის ქვეყანაში ყატარის ავიახაზებისა და მალაიზიის ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივი ტურის შედეგად განხორციელდა, რომელიც მალაიზიის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
ყატარის ავიახაზებმა საქართველოში ოპერირება 2012 წლის 1-ლი თებერვლიდან დაიწყო. ყატარის სახელმწიფოს ნაციონალური ავიაკომპანია რეისებს ყოველდღიურად თბილისიდან დოჰას გავლით ასრულებს და გაკავშირებთ მსოფლიოს 140-ზე მეტ მიმართულებასთან.
ყატარის ავიახაზები ყველა რეისს მსოფლიო დონის ულტრათანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ჰამადის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს. მგზავრებსა და ტრანზიტულ მოგზაურებს ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ 600 000 კვ.მ ფართზე გაშენებულ ხელოვნების ნიმუშს, რომლის მაღალჭერიანი და დიდი დარბაზები ქმნის სიდიადის შეგრძნებას.
ამასთან, დიზაინერული შტრიხები და არტ-ინსტალაციები ქმნის გარემოს, რომელიც სცდება წარმოსახვას. მრავალფეროვანი მაღაზიები და რესტორნები, გასართობი ცენტრები, საბავშვო სათამაშო მოედნები, თანამედროვე კომპიუტერები განთავსებულია მთელი აეროპორტის მასშტაბით.
მგზავრთა კავშირისა და გართობისათვის ტერმინალი აღჭურვილია უფასო უკაბელო ინტერნეტით. აეროპორტში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი "Duty Free" სავაჭრო ფართია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ელეგანტურ ბუტიკსა და დიზაინერების ბრენდების სახელებს.
ყატარის ავიახაზები სწრაფად ზრდადი კომპანიაა. 17 წლის მუშაობის განმავლობაში, ავიაკომპანია წარმოადგენს თანამედროვე ფლოტს 137 საჰაერო ხომალდით, რომლებიც დაფრინავენ 144 საკვანძო ბიზნეს და დასასვენებელი მიმართულებით მთელ ევროპაში, შუა აღმოსავლეთში, აფრიკაში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.
მალაიზია - სამხრეთ-აზიური ქვეყანა, რომელიც ორი მდინარის შესართავთან დაარსდა, წელს დამოუკიდებლობის 57 წლისთავს აღნიშნავს. მიუხედავად დამოუკიდებლობის "მცირე ასაკისა", დამოუკიდებლობის შემდეგ მალაიზიაში უამრავი რამ გაკეთდა, მისი განუმეორებელი დედაქალაქი კი აზიურ ქალაქებს შორის პირველობას არავის უთმობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფიქრობს, ზაფხულში მალაიზიაში გაუსაძლისი სიცხეა, მაღალ ტემპერატურას ტურის მონაწილეები არ "შევუშინებივართ", რამდენიმე დაუვიწყარი დღე გაგვეტარებინა ამ მართლაც საინტერესო და მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანაში. მალაიზიის ტროპიკული და წარმოუდგენლად ლამაზი ბუნება კი ყველა ტურისტს გასაოცარ სანახაობას ჰპირდება.
ტურის პირველი დღე მალაიზიის დედაქალაქის - კუალა ლუმპურის გაცნობით დაიწყო. თანამედროვე, ტექნიკურად განვითარებულ, ცათამბჯენების ქალაქში ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ "ტყუპები" ითვლება. ქალაქში ასევე უამრავი სასტუმრო და სავაჭრო ცენტრია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებს იზიდავს.
ქალაქში განთავსებულ უზარმაზარ სავაჭრო მოლებში კი უამრავი სხვადასხვა ბრენდის მაღაზიებია წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ მალაიზიაში მოგზაურობის ერთ-ერთი დიდი სიამოვნება სწორედ კუალა ლუმპურის სავაჭრო მოლებში შოპინგია.
როგორც მალაიზიაში გვითხრეს, კუალა ლუმპური შოპინგით მსოფლიო ქალაქებს შორის მეოთხე ადგილზეა და ამას ნამდვილად მოწმობს დედაქალაქში განთავსებული ბრენდული და ძვირფასი მაღაზიები, ხოლო მრავალსართულიანი მოლები იმდენად შთამბეჭდავია, რომ ამ ყველაფრის დასათვალიერებლად მინიმუმ სამი დღე მაინც არის საჭირო.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კუალა ლუმპური ძალიან სტუმართმოყვარე და ტურისტებისთვის გახსნილი ქვეყანაა - ეს არის აზიური სამყარო ევროპული სერვისით და ქალაქის ევროპული იერსახით.
მალაიზია ასევე მდიდარია საკურორტო კუნძულებით, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. სასტუმროების და დასასვენებელი კურორტების ინფრასტრუქტურა ნამდვილად უმაღლეს დონეზეა მოწყობილი და ყველა სტუმარს სიამოვნებისა და დასვენებისთვის კომფორტს უქმნის.
მალაიზიას ანდამანის ზღვა აქვს გარშემორტყმული და ზღვის ქვიშიანი ნაპირები სამოთხის პატარა ნაწილს ჰგავს. რაც მთავარია, აქ მუდმივად კარგი ამინდია - ტემპერატურა 32-35 გრადუსს აღწევს. სასიამოვნო და სუფთა ზღვა, მზე და ნოტიო ჰავა დასვენებისთვის არაჩვეულებრივი პირობაა.
სტუმართმოყვარე, ეგზოტიკური სამზარეულოს, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აზიური კულტურის მქონე მალაიზია ის ქვეყანაა, რომელიც თითოეულ იქ ჩასულს დაუვიწყარ მოგონებებს დაუტოვებს.
R