იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ხანგრძლივი კვლევის საფუძველზე დაასკვნა, რომ ნარინჯისფერი ბოსტნეული - გოგრა, სტაფილო, ტკბილი ბულგარული წიწაკა - ზრდაში ჩამორჩენილ ბავშვებს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 3-დან 16 წლამდე ასაკის 300-მა ბავშვმა, რომლებიც თანატოლებს სიმაღლით ჩამორჩებოდნენ. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფის ყოველდღიურ რაციონში ჩართეს ნარინჯისფერი ბოსტნეული, ხოლო მეორე ჯგუფი ჩვეულებრივ იკვებებოდა. პირველი ჯგუფის ბავშვებმა თანატოლებზე ინტენსიურად დაიწყეს ზრდა და წელიწადში საშუალოდ 8 სმ მოიმატეს, მეორე ჯგუფში კი იმავე მაჩვენებელმა 4 სმ შეადგინა.
ცნობილია, რომ A ვიტამინის, რკინისა და თუთიის ნაკლებობა ზრდის შეფერხებას იწვევს. დოქტორ ტალი სინაის თქმით, სიმაღლეში ჩამორჩენილი ბავშვების უმრავლესობა ჯანმრთელია, მაგრამ ვიტამინების ფარული ნაკლებობა აღენიშნება.
უნდა ითქვას, რომ მეცნიერები იოლი გზით არ წასულან - ბავშვები სინთეზური ვიტამინებით კი არ გაუჭყეპიათ, არამედ უპირატესობა ნატურალურ ბეტა-კაროტინს მიანიჭეს. ეს "ერთ კაფსულაში მოთავსებული" ნარინჯისფერი საღებავი და ანტიოქსიდანტი A ვიტამინის წინამორბედია.
ქიმიისგან განსხვავებით, მის ვიტამინად გადაქცევას ორგანიზმი მოთხოვნილებისამებრ თავად არეგულირებს, რის გამოც მისი ზედოზირება, პრაქტიკულად, გამორიცხულია.
A ვიტამინი მონაწილეობს ძვლების ზრდაში, იცავს თვალებს, სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსსა და სისხლძარღვებს. მისი დეფიციტის შემთხვევაში ბავშვები მხოლოდ ნელა კი არ იზრდებიან, არამედ ხშირად ცივდებიან, ადვილად იღლებიან, ემართებათ კარიესი, უგვიანდებათ სქესობრივი მომწიფება.
იხილეთ სრულად