– ჰო, გავიგე, სოფიმ მომწერა უბრალოდ... გავალ, დავურეკავ...
– ვაიმე, სულ შეიძლება რაღაცაზე კამათობდეთ და საქმეს არჩევდეთ? შეყვარებულებივით ხართ, რა უბედურებაა, კატო! გამაგებინე, რა გაქვთ ამდენი საჩხუბარი? მოდი აქ!
მრავლისმეტყველად შემომხედა და გავიდა. რა დაემართა? კატო?.. არა... არ არსებობს! ნუთუ?.. არა, არა, ვაფრენ... არა კი არა, კი! ფაქტებით რომ დამეკავშირებინა, მაშინვე მივხვდებოდი... არა, რა სისულელეა... კი! ჩვენი საუბარი... მაშინ... მერეც... ლანჩზე! ღმერთო! კატომ რამდენჯერ სცადა ეთქვა! ეტყობა, სახე მქონდა იმდენად მეტყველი, რომ უკან შემობრუნებულმა კატომ გამიღიმა, თვალები დახარა და მითხრა:
– ჰო, ტეო, მართალი ხარ! მე სოფი მიყვარს! რას იზამ ახლა? რას იტყვი? ვხვდები და არ გამიკვირდება... ვიცი, რასაც გრძნობ. მე მზად ვარ ამისთვის. შოკი სახეზე გახატია. ცუდია, რომ მაინცდამაინც დღევანდელ დღეს მოაღწია შენამდე იმან, რის თქმასაც ამდენი ხანი ვცდილობდი. გისმენ...
– არა, მე გისმენ! მე ვარ მზად, მოგისმინო...
– რა გითხრა? ყველაფერი ნათელია. არაფერი მაქვს სათქმელი...
– როგორ? რანაირად? რატომ?
– აი, ასე.. ერთ მშვენიერ დღეს გვერდი ვერ ავუარე სინამდვილეს და ვერც თვალი დავხუჭე, ვერც მე და ვერც სოფიმ. აზრი არ აქვს, რა... მარტო მასთან ერთად ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ...
– რამდენი ხანია, რაც?
– დიდი ხანი არაა, რაც ვაღიარე. არ გეგონოს, რომ უცებ გავიღვიძე და... არ იფიქრო, რომ არ მიბრძოლია, ან გამიხარდა! წლები ვეწინააღმდეგებოდი თავს, ვებრძოდი სოფის ლამის მტრობამდე! არაერთხელ დავამცირე და გავანადგურე, ჩემს თავში ამის აღმოფხვრის მცდელობის გამო. არაფერმა არ გაჭრა...
გადიოდა რაღაც ხანი და სუნთქვაც მიჭირდა და თვალის გახელაც. არ ვიცი, როდის... ეს ალბათ არავინ იცის... ზოგი ბუნებრივად ეგუება, ზოგი არა... ეს რეალობაა და იგნორი არაფერს შეცვლის. ვიცი, მეტყვი უამრავ მიზეზს, მეცნიერულ დასკვნას და სხვა, რომლითაც ჩემს სიმცდარეში დარწმუნებას ეცდები, მაგრამ აზრი არ აქვს...
– და სოფიც?
– ერთ დღეს ვიგრძენი, რომ მისი თვალები სხვაგვარად მიყურებდნენ და სინამდვილეში მხოლოდ გვერქვა "შეზრდილი მეგობრები"... არადა პარადოქსია, არა? ჩვენ ხომ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ...
– კატო, მოიცა... ზუსტად მაგაშია პრობლემა... თავიდანვე შეეჩვიე ამას, გაუცნობიერებლად, პატარობიდან, ასეთ მამაკაცურ სოფის... შენ ქვეცნობიერად შეიძლება მასში იპოვე ის, რასაც მამაკაცებში ეძებდი... ყველაფერი შენი ფსიქოლოგიური პრობლემიდან მოდის, რომ...
– არა, მოიცა... არ გინდა, გთხოვ! ეს ყველაფერი დიდი ხანია გავიარე... იქნებ ჩემშიც იმალებოდა მიდრეკილება და სოფისგან მოხდა პროვოცირება, მაგრამ ეს ახლა უმნიშვნელოა... რაც შემეძლო გავაკეთე...
– არაფერიც არ გაგიკეთებია... პრობლემას კი არ უნდა ეწინააღმდეგებოდე, მის წარმომშობ მიზეზებამდე უნდა ჩახვიდე და გაშალო, აღმოფხვრა... რომანტიკული, მგრძნობიარე ტიპი ხარ... არაერთხელ გაგიცრუვდა იმედი და სოფის შეეკედლე ქვეცნობიერად...
– აქ დაამთავრე შენი ჭკუის სწავლება, კარგი? იმედი ნუ გექნება, რომ "განვიკურნები"... მე მაუბედურებდა ფიქრი იმაზე, რა მოხდებოდა, თუ ამას ახლობლები გაიგებდნენ და ახლა აქ ვარ... ვცდილობ, სიყვარული შევირგო, - (ლამის გული ამერია. რა სასტიკი ვარ, არა? ვერავინ დამაჯერებდა, რომ მართალი არ ვიყავი. კატო, უბრალოდ, "დაიკარგა", დაიბნა... ერთადერთი, რაც უშველიდა, ნამდვილი სიყვარულის პოვნა იყო და ამას ყველა უჯრედით ვგრძნობდი...) –რამდენჯერ მივიყვანე თავი ფიზიკურ და სულიერ სიკვდილამდე, იცი?
– ოოო, აზრი არ აქვს-მეთქი... შენ ფაქტს გაურბოდი, მაგრამ ამით ის არ გამქრალა... მიზეზებზე არ გიფიქრია სწორი მიმართულებით... ხომ გაგიგია, ყველა ქალი რადიკალი ფემინისტია, სასურველი მამაკაცის გამოჩენამდეო...
– როგორ გიჭირს სიმართლესთან შეგუება, არა? არადა, კაცმა რომ თქვას, ფართოდ აზროვნებ...
– სიმართლე რომ იყოს, შევეგუებოდი. სოფიში, უბრალოდ, ზედმეტი მამაკაცური ჰორმონია... იცინე, ჰო... და მოსწონს ასე ბიჭივით მოქცევა. ჩაგითრია შენც... მასთან ყველაზე ახლოს იყავი...
– სოფიმ თავიდანვე მიიღო თავი ისეთი, როგორიცაა.
– შენ არ ხარ! ისე ლაპარაკობ, ვერც იქნები ბისექსუალი... კონკრეტულად სოფიშია საქმე და არა ზოგადად ქალებისადმი შენს ინტერესში.
– არ ვიცი... ამაზეც ვფიქრობ... შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ამას ვეტყოდი. ადამიანი, რომელსაც ისე ვენდობი, ჯოჯოხეთშიც გავყვები და ვიცი, რომ ხელს მაინც არ მკრავ!
– გკრავ! და ტყუილად მენდობი! გკრავ იმიტომ კი არა, რომ... მოკლედ... შენგან მეტს ველი... ის მაინც უნდა შეგეძლოს, საკუთარ თავს ჩაწვდე და ხარვეზები მოაგვარო... შენმა "მეგობარმა" დაგიმახინჯა ცნობიერება. მისი მანერები... საქციელი! ზოგჯერ მეც მავიწყდება, რომ გოგოა! ბევრი იფიქრე და დაელოდე მას, ვინც...
– ვაიმე, კარგი! წავედი! შენ და შენი ტექსტები...
– იფიქრე! დრო გიჩვენებს, რომ ცდები!
– იმ თვეში გავხსნით საკონდიტრო–კაფეს მე და სოფი, დოკუმენტები თითქმის მზადაა. მთელი ჩვენი ფული და ბინა საქართველოში ამ იდეას მოხმარდა. უკან დასაბრუნებელი გზა არ დავიტოვეთ. მე მჯერა ხვალიდნელი დღის და აქ კარგად ვარ!
– ო, კარგი რა... ვაღიარებ, შეიძლება სოფი გიყვარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადად, ქალებისადმი გაქვს მიდრეკილება...
– ტეო! არაფერს არ ცვლის ჩვენ შორის ის, რომ მე ცხოვრების თანამგზავრად ქალი ავირჩიე!
– შენი დეგრადირების ფართო ნაბიჯები ცვლის ბევრ რამეს... წავალ, კიდევ ორ ბოკალს მოვიტან, ფსიქოლოგიურ ინტოქსიკაციას განვიცდი! მაპატიე! ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, სიმშვიდე და საღი აზროვნება შევინარჩუნო...
– მესმის...
*
ჩემთვის ყველაფერი უმარტივესი და გასაგები, მაგრამ უინტერესო გახდა, კატოსთან დაკავშირებით... მისი ყოველი ნაბიჯი, გადაწყვეტილება ტრივიალური და უსუსური მეჩვენა, მე კი მეგონა... მაგრამ სადღაც გულის კუნჭულში ვაფასებდი მის სწრაფვას ბედნიერებისაკენ...ის ხომ ცდილობდა, ხელი არავისთვის შეეშალა... განწყობა დიდი ხანია ალტრუისტული მქონდა და რეაქციაც შესაბამისი...
ბევრი არ მიფიქრია და უბრალოდ, დამკვირვებლური თვალი გავახილე. ვიცოდი, ბევრ რამეს აღმოვაჩენდი, რაც ჩემს შეხედულებას განამტკიცებდა, მთავარი იყო, შეემჩნია კატოსაც და ამაში დროის გარდა, ვერავინ შეიტანდა წვლილს...
მე უკვე ორ თვეზე მეტია ტომაშის ნათელ და კომფორტულ სტუდიაში ვმუშაობ ასისტენტად. ნუთუ, ეს მაქსიმუმია, რასაც აქ მივაღწევ, მარკისთანა ეგოცენტრიკული, ამბიციური, მაგრამ ხელოვნების მოყვარე ადამიანის ხელში... თომას გარეშე ყოფნას მივეჩვიე... მ ი ვეჩვიე... (ყოველთვის დააკლდება ვარსკვლავი საახალწლო ნაძვის ხეს. სხვა მხრივ, ის ძალიან ლამაზია...)
ვიქირავე ერთოთახიანი თეთრი ბინა... მაქვს საწოლი, გარდერობი; მაგიდა, სკამები, კარადა სამზარეულოში და დიდი რაფები გრძელ ფანჯრებთან, ანუ ის, რის გამოც ეს ბინა ავირჩიე... კაფე "cup with Kate"-ში ვსაუზმობ და მიხარია, რომ ჩეხებს მოსწონთ მინიატურული ხაჭაპურები საუზმეზე...
მართალია, კატოს და სოფის ჯერ ცოტა უჭირთ ფართის ქირის გადახდა, მაგრამ ყველაფერი წინაა... ხშირად მეხმარება ცხოვრებაში "ყურება თომას თვალებით" და ბლოკნოტი, რომელშიც ვწერ... თვის ბოლოს გამოფენა მაქვს ტომაშის საგამოფენო დარბაზში...
– კატო, მე გვერდში დაგიდექი?
– კი, რა თქმა უნდა, ტეო!
– შენ დამიდგებოდი?
– ეჭვი გეპარება?
– ვნახოთ... გაიხდი ობიექტივის წინ?
– არა!
– როგორც ჩანს, ჩვენ ორში მხოლოდ მე შემიძლია გვერდში დგომა... არადა, როგორ მჭირდებოდი...
– არა, ტეო! ჩემ გარდა ბევრი გაიხდის აქ... არ აქვთ პრობლემა. სულელურად აკავშირებ.
– ჩემ გარდა ბევრი დაგიდგებოდა გვერდში აქ, არ აქვთ პრობლეემა... თავისუფალი ხალხია...
– კარგი, გეყოფა...
– ხო, მართლა... ...მაგრამ შენ მე გჭირდებოდი, როგორც მე შენ... რა აზრი აქვს ჩემ აქ ყოფნას? იმავეს ვაკეთებ, რასაც საქართველოში, უბრალოდ, ხელფასია მეტი...
– რას ადარებ, კარგი რა...
– მასშტაბურად თუ შევხედავთ, იგივეა.... წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ის, რაშიც დახმარება გთხოვე, მაგრამ იმდენად დამწყდა ახლა გული, რომ გავრცობასაც აღარ ვაპირებ...
– კარგი, რა... რა გასახდელი ტანი მე მაქვს... ან ვის გააკვირვებ ტიტლიკანა ქალებით...
– საქმეც მაგაშია, სხვაგვარი ხაზგასმა მაქვს იდეაში... სხეულიც კარგი გაქვს... შენც და სოფისაც... – შეცბა, გაოცებულმა შემომხედა... – უცნობებთან ვერ ვიმუშავებ... ჯერ არ დავხვეწილვარ ასე... აი, გამომართვი და გადახედე ამ ნაწერს, ესაა ჩემი იდეა...
– ლამაზია...
– ვიცი.
– აუ, არ მინდა, რომ გაწყენინო...
– ზოგჯერ ძალიან ჩვეულებრივი რამე გგონია გენიალური, იმდენად სავსე ხარ ენთუზიაზმით, მაგრამ არა უშავს... შევეჩვიე...
– კარგი, ხო... კარგი! პოზიორობა არ ვიცი ოღონდ...
– არცაა საჭირო... მაგრამ სოფიც დამჭირდება. ამიტომ ჯერ არ მიხარია...
– ლამაზი იდეაა, ისე... ვერაფერს იტყვი... შეიძლება ბევრს გაუკეთებია, მაგრამ მჯერა, რომ თავს გამოხატავ...
გუშინ აღვადგინე "ფეისბუქი" ათი წუთით, ზაფხულიდან გაუქმებული მაქვს... მაინტერესებდა, მარა დაბლოკილი ვყავდი თომას... მეგის ველაპარაკე... პროფილი ჩაკეტილი აქვსო, მასთანაც და სალომესთანაც აღარ კონტაქტობს... სასურველ ფაკულტეტზე სწავლობს, რა თქმა უნდა, ქულების თითქმის მაქსიმალური რაოდენობით და ეს ერთადერთია, რაც მასზე ვიციო...
ერთხელ შემხვდა, მისი განუყრელი ფოტოაპარატით, მიდიოდა სადღაც, დასერიოზულებული და გამხდარი მეჩვენაო. ვიღაც გოგო ახლდა თან, რომლის დაქალმაც მანქანით გამოუარა, სანამ მოვიკითხე; მერე ჩასხდნენ და წავიდნენ.
– ნუ ფიქრობ მაგაზე...
– არა, არ ვფიქრობ... ყველაზე ნაკლებად იმაზე ვფიქრობ, რას აკეთებს და როგორაა... კანონზომიერების მჯერა, არ ვფიქრობ წარსულზე... არც მაქვს მიზეზი, ასეთი დასასრულის მერე უკან ვიხედებოდე... ცუდია, როცა ადამიანს გულს გაუხსნი და ასე გიპასუხებს, მაგრამ არ იყო მოულოდნელი...
სახლში გატარებული ყოველი საღამო ერთმანეთს ჰგავდა: დაბალ ხმაზე ჩართული ბლუზი, განათებული ოთახი, წიგნის კითხვა, გემრიელი ვახშმის მომზადება, დედასთან "სკაიპით" ლაპარაკი. შაბათ-კვირას ძირითადად ბარებში ვატარებდი, რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. ისევ იგივე სახეები... თუ სადმე სასეირნოდ გავიდოდი, კატოსთან ერთად ან მარტო...
სამი თვეა პრაღაში ვარ და მგონია, გუშინ ჩამოვედი... ადამიანს, რომელიც სახლს და ოჯახის წევრებსაა მიჯაჭვული, ყოველთვის უჭირს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და რომ არა თომა, ადგილის საძიებლად აქ არ აღმოვჩნდებოდი...
*
"სხეულის ენა მეტყველებს იმაზე, რასაც ადამიანი მალავს ან ვერ ხვდება... სხეული ამხელს ყველაფერს, რაზეც პირი დუმს... ნაკვთები ყოველთვის გამოხატავენ ჩვენს ხასიათს.... ჩვენი ყველა გარეგნული შტრიხი, ფორმები, მკერდი, სასქესო ორგანოები, ხელის მტევნები თუ ტერფი, ჩვენ გვგავს...
პატარობისას დედაჩემი თითებით აღვიქვი, ხელები ზუსტად შეეფერებოდა მის ნატიფ, დახვეწილ და ჰაეროვან ბუნებას... ჩემთან ერთად გაიზარდნენ ჩემი ასოციაციებიც... თუ თქვენ შეგიძლიათ ვულგარულობის გარეშე აღიქვათ სხეული და ადამიანის ჰაბიტუსში დაინახოთ ყველაზე მთავარი, მაშინ ეს კარი შეაღეთ...
მე სწორედ თქვენთვის ვეცადე ამ ვარიაციებით მეჩვენებინა, რომ ადამიანი კი არ ბერდება, ის უფრო მეტად იდუმალი ხდება..." – ჩემს გამოფენაზე ეს წარწერა ეკიდა კარებზე... ოცი ფოტო, მათ შორის იყო ხუთი ხანშიშესული ადამიანის ხელები, თვალები და თმა (სურათები თავშესაფარში გადავიღე), სამი ახალშობილის სურათი (სამშობიაროში), კატოს და სოფის რამდენიმე შავ-თეთრი ფოტო და ყველაზე მთავარი – სხვადასხვა ადამიანის სხეულის შიშველი ნაწილებისგან აწყობილი ერთი მთლიანი ტანი დარბაზის ერთ მთლიან კედელზე...
ამ სამმეტრიან არსებას ფეხის ერთი ტერფი მამაკაცის ჰქონდა, მეორე ქალის, თვალები - ხანშიშესული, მკერდი - ნორჩი... თმა - ჩემი, და სხვა... სასქესო ორგანოს ადგილას ცოცხალი ყურძნის დიდი მტევანი დავკიდე და ამ სიმბოლისტურ ჟესტს მხოლოდ ერთი (გენეტიკური) დატვირთვა ჰქონდა...
ნამუშევარი თხუთმეტი ფოტოსგან შედგებოდა (ანუ თხუთმეტი სხვადასხვა ადამიანისგან). ორი ღამე ვქსოვდი დეტალებს, რომლითაც ფოტოები გავაფორმე, სხვადასხვა ფერის მაქმანები სხეულის სხვადასხვა ადგილას მივამაგრე, ისე, რომ ფოტოების იდეა არ დარღვეულიყო.
ყველა სურათი ფირით იყო გადაღებული და თუ არ ჩავთვლით მარკის ერთ-ორ კორექტივას, თვითონ გავამჟღავნე. დარბაზი თეთრი ოლეანდრებით იყო გაწყობილი და ხალხმა დაიცვა "დრესკოდი" – უმაკიაჟოდ და ნატურალურები მოვიდნენ... დამთვალიერებელი არ მაკლდა, ტომაშის სახელის გამო...
და იმ ჭკვიანური რეკლამისა, რომელიც მან გააკეთა... გამოდის, მის ცნობადობას ამოვეფარე... ლანგარზე ეყარა გასაყიდად ფორმატისხელა სურათები, ღია ბარათები ჩემი გადაღებული ფოტოებისგან, რომლებზეც ძირითადად თბილისის ქუჩის კადრები იყო აღბეჭდილი. ფასს მყიდველი თვითონ აწესებდა და იხდიდა იმდენს. რამდენიც ემეტებოდა...
ბარათებიც მარკის სტუდიაში დამზადდა და რომ არა ის, ვერც ვერაფერს გავხდებოდი... ასეა... ყველგან ასე... ძალიან ძნელი და ბევრად უფრო შრომატევადია, მიიტანო სათქმელი საზოგადოებამდე, თუ არ გყავს ვინმე, ვინც ამაში (ფინანსურადაც) დაგეხმარება. რამდენი დრო, ფული, ენერგია და ნერვები დამჭირდებოდა საქართველოში პერსონალური გამოფენისთვის, რომელსაც რეზონანსიც კი არ მოჰყვებოდა...
გამაოცა ამ ხალხის დამოკიდებულებამ ხელოვნებისადმი. ღონისძიების განმავლობაში ორი ცოცხალი ნატურა გახსნისას ჯერ პედასტალზე იდგა, მერე კი შამპანური ჩამოარიგეს. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, თბილისში რომ მსგავსი რამ მომხდარიყო? მაგრამ ხალხმაც და მედიამაც აღიქვა ეს გამოფენა ისე, როგორც უნდა აღექვათ... გაიყიდა რამდენიმე ფოტო.
მეორე დღეს დამირეკა მარკიმ: "ალბათ არაპრესტიჟული იქნება, თუ ისევ ასისტენტად გამუშავებ. რას ფიქრობ ამაზე?" – იმ დღიდან სამუშაო ოთახი მის სტუდიაში, სადაც ვაკეთებდი სხვადასხვა პორტფოლიოს და პარალელურად გავდიოდი ფოტოგრაფის კურსებს... დრო გადიოდა...
ბევრჯერ მიმტყუნა ნებისყოფამ და ბევრჯერ დავაპირე სახლში დაბრუნება, მაგრამ მახსენდებოდა თომას სიტყვები: "არშემდგარი ხელოვანი ხარ, ერთ ადგილს ტკეპნი..." – არ იყო იოლი მარკი ტომაშის კაპრიზების, ცინიკური ტონის და ზოგადად, იმ დაუნდობლობის ატანა, რაც იქ ხდებოდა. ერთზე გაოცებას ვერ ვასწრებდი, რომ მეორე "საოცრებას" ვიგებდი და ვაწყდებოდი და დავრწმუნდი ერთ რამეში: ყველგან მოგიწევს გაიარო "სიბინძურის კორიდორი", რომ რამეს მიაღწიო და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, სუფთა გახვალ თუ დასვრილი ბოლოში.
სურვილი, რწმენა და პრინციპულობა ჩემი ნაბიჯების მთავარი თვისებები იყო და ალბათ ამიტომ მოვახერხე ამეცილებინა ბევრი უწმაწური რამ... შეგნებულად არ აღმინიშნავს მანამდე, რომ ძალიან დიდი ხანი უხელფასოდ ვმუშაობდი სააგენტოში, ბევრი უხეშობის და ქედმაღლობის მიუხედავად... უბრალოდ, არ მქონდა უფლება, დამეხია უკან...
*
ახალი წელი მოახლოვდა, რომელსაც საქართველოში გავატარებ. ვიჯექი თვითმფრინავში და მახსენდებოდა დღე, როდესაც პრაღაში გამოვფრინდი... ბედს მინდობილი ენთუზიასტი... ექვსი თვე გავატარე ჩეხეთში და რვა თვე გავიდა, რაც თომა არ მინახავს. ახლა კი აქ ვარ, ისევ სახლში...
მეგობრების შეხვედრა აეროპორტში, ხმაური, ბუშტები, ბავშვური სახეები და წლის ბოლო დილა, ნამცხვრის სუნი მაღვიძებს – დედა... ნეტა როდის ჩამოვშორდი ამ გარემოს, მეგობრებს, რომლებიც ასე მომენატრა და ყველაზე მეტად მიყვარს – დრო, რომელიც არ იკარგება.
– მეგობრებთან გატარებული დღეებია... ის. რასაც ვერაფერი ჩაანაცვლებს და ყველაფერს მირჩევნია... რა გამოდის? ისევ აქ ვარ, საწყის წერტილთან – სახლი, მეგობრები, საქართველო და პო... დღეს 31 დეკემბერია, მთელი დღე ქუჩებში დავდიოდით მე, ილია, ლილი და ალექსა, მისი სასაცილო და მულატი პატარათი, რომელიც მე უნდა მომენათლა... ხელოვნური თოვლით, ასაფეთქებლებით, შუშხუნებით და მანდარინებითურთ...
ქუჩაში დილიდან კონცერტებია, ყოველ ნაბიჯზე სცენაა... საღამოს ალტერნატიული როკის კონცერტს მივაგენით, სადაც "სოციუმის" მუსიკოსები უკრავდნენ. არ ვიცი, სასმლის ბრალი იყო თუ მონატრების, ამაზე მხიარული ახალი წელი არ მახსენდება...
– ლილი, სიმართლე გითხრა, შენ გარდა ყველასგან ველოდი ასეთ იდიოტურ რამეს...
– არასოდეს თქვა არასოდესო – ჩემისთანებმა ვერ შეიგნეს ეს...
– ჩუმად... ილია მოდის...
– აქ ხართ? რამდენი ხანია გეძებდით მე და ალექსა...
– თქვენ ბავშვს არ ეძებდით?..
– ეგ ვიპოვეთ, კაცო, საპირფარეშოში დარჩენია...
– ვაიმე, კიდევ კარგი, არავინ წაიღო.
– ადექით რაა, გაცივდებით აქ...
– ოოო, მოიცა.... მოდი, ცას უყურე, სავსე მთვარეა...
– მადლობა, ბალახებში წოლის არანაირი სურვილი არ მაქვს...
– რა ბალახები, ნახე, რა ნოხივითაა გაკრეჭილი. მომე ეგ ბოთლი და წადი მაშინ, მოვალთ ჩვენ...
– ოხ, მოიწყვეს ამათაც მყუდრო სორო. ადექით რა, წამო, სხვა ჯგუფებიც გამოდიან...
– მესმის აქაც, მაცადე, სიმშვიდეში უნდა შევაჯამო ჩემი წელი...
– ლილის დაეძინა?
– აქ დავტოვოთ. მიუდგი შენი არყის ბოთლი და პატრული წაიყვანს... მართლა... ორიგინალური ახალი წელი ექნება...
– ტეო, როგორ იყავი ჩეხეთში? გულწრფელად მითხარი... კატო როგორაა?
– კატო ძალიან, ძალიან კარგადაა... ჩამოვა ზაფხულში, ცოტა ხნით... მეც ასევე... რა ვიცი, რა გითხრა? კედებიდან პლატფორმებზე გადავედი და უბრალო ფოტოგრაფიასა და გლამურულ პორტფოლიოებშორის ვბალანსდები.... ამაში ფულს და გამოცდილებას ვიღებ.... როგორც შენ, შენს ნახატებში... ნუ მიყურებ ასეთი ეჭვის თვალით... რა გინდა?
– დასალევი... წავალ, მაღაზიას მოვძებნი...
ვუყურებდი ან მიყურებდა სავსე მთვარე, მასობრივი მხიარულება იდგა ჰაერში, შინაგანი პანიკის განცდა მქონდა, ვფიქრობდი ამ წელზე, წინა წლებზე... იმ ყველაფერზე, რაც გვეხმარება ჩამოყალიბებაში. რა ძნელია, არ ასცდე საკუთარ თავს და შეუმჩნევლად არ გადაუხვიო სულ სხვა მხარეს... რაც დრო გადის, მეტად ვრწმუნდები, რომ ჩემი პლატფორმა უფრო გონებრივია და თვითრეალიზებას გულისხმობს.
IQ-ს ამაღლებას და მნიშვნელობა არ აქვს, რა მაცვია ფეხზე... დღეს ისევ კედებით ვარ, პრაღაში კლასიკური ფეხსაცმელების გარდა სხვა თითქმის არაფერი მცმია და ეს განაგებდა ჩემს მანერას, მოძრაობებს, სტილს... აქაც ყოველთვის, როცა ემოციურ ჩიხში ვექცეოდი, ვცდილობდი, რაც შეიძლება კარგად ჩამეცვა. ეს კომპენსაციაა, ბრძოლისუნარიანობა და ჭეშმარიტი ქალის საქციელი...
ახლა კი ვფიქრობ, მაქვს უფლება, ვიარო ისე, როგორც მსიამოვნებს და გარეგნობას შიგნიდან შევუქმნა განწყობა და არა პირიქით... ახალ წელს სახლებში შევხვდით... მე ჩემს მშობლებთან, ძმასთან და პოსთან, ტრადიციულად, მეზობლების გარემოცვაში... მერე კი ისევ შევიკრიბეთ და ყველგან ვიყავით, სადაც მოვასწარით. ბოლო გაჩერება იყო ალექსას ყოფილი მეუღლის კარაოკე–ბარი:
– მე ვიმღერებ ამის მერე...
– კარგი რა, ლილი, ნუ ჩაგვამწარე ახალი წელი... რამდენი შეიძლება?
– ეს გოგო რაც საზღვარს გასცდა, სულ "გაგვისწერვდა", ხო? იმღერე, მიდი, მოიზიდე კლიენტები...
– კარგით ჰო, დუეტი არ არის რამე? ორივე იმღერებთ... – კამათში ერთვება ილია და ცდილობს, ლილის მიკროფონი წაართვას...
– მომე, მე ვიმღერებ... – ვიწყებ სიმღერას... კარგად მახსოვს, 4 non blondes –“what’s up!”". გახარებული ალექსა ვიდეოს მიღებს. კისერზე ჩამოკიდებული კენგურუთი, რომელშიც ვერავინ ამჩნევს, რომ ბავშვი არ ზის (იმიტომ, რომ მანქანის საბავშვო სავარძელში ჩაწვენილი მარი ბართან დარჩა). შუა სიმღერის დროს ჩემი ტელეფონის ეკრანი ინთება, როგორც მერე ვიდეოში აღმოვაჩინე – ტელეფონს რეფლექსურად ვიღებ მაგიდიდან, ისე, რომ სიმღერა არ შემიწყვეტია, ვუყურებ ციფერბლატს (ასევე მექანიკურად) და უკანვე ვდებ... ერთი წამიც კი ამ ეპიზოდიდან არ მახსოვს...
გათენდა. ნამთვრალევი და ჩუმი დილა, პირველი იანვარი. გამძღარ ქალაქს სძინავს, "ფართუკიან" დიასახლისებს უფრო ღრმად. წესით, ყველაფერი ახლა უნდა იწყებოდეს, მაგრამ არავის არაფრის თავი არ აქვს... ღორები დაიკლა, საცივი შეიჭამა, ბოცა გაიხსნა, პრეზიდენტმა მოგვილოცა, მისია შესრულებულია...
აწი შეგიძლია ურიგოდ მიხვიდე სალონში პედიკიურის გასაკეთებლად... ვზივარ ტაქსიში და მივდივარ სახლში. მიხარია, რომ დედაჩემს აღმოაჩნდა უნარი, ყველაფერს სადად, უნაკლოდ და მშვიდად მოაბას თავი და ვიცი, რომ ოთახში არ იქნება საჭმლის სუნი, მაგრამ იქნება დახვეწილად გაშლილი მინიმალისტური სუფრა ტკბილეულით...
მასთან ფინჯან ყავასთან ერთად შემოსკუპებული, გამოძინებული და ელეგანტური დედა და საახალწლო მუსიკა დაბალ ხმაზე, რომ სხვებს არ გაეღვიძოთ... მანქანის ფანჯრიდან ვუყურებ პოროხითა და ნაგვით სავსე ქუჩებს, მგონი, თოვა დაიწყო... ჯერ ადრეა... რომელი საათია საერთოდ? ვიღებ ტელეფონს, წაუკითხავი მესიჯი... ვისია ეს ნომერი?
მეცნობა... თომა! – "რაც შენ წახვედი, სიზმრებს ვეღარ ვიტან... კარგია, რომ არ მეკუთვნი... ე.ი. ვერ დაგკარგავ... გილოცავ ახალ წელს, ჩემო მხიარულო ფანტომო...!"
გაგრძელება იხილეთ ორშაბათს
თეკლა ლაზი