…რამდენი დრო გასულა იმ დღიდან... მაშინ მეგონა, რომ ყოველი ერთად გატარებული დღე შესაძლოა ბოლო ყოფილიყო.
ყოველდღე ვფიქრობდი, რომ ის წავიდოდა. ანალოგიურ დაუძლეველ შიშს ვერ უმკლავდებოდა თომაც და ცდილობდა, ჩემთვის დაესწრო... რამდენჯერ უმიზეზოდ დამემშვიდობა "სამუდამოდ"... თუმცა პირველმა მძიმე და ყველაზე მტკივნეულმა განშორებამ იმუნიტეტი გამიძლიერა.
უკვე ფსიქოლოგიურად ურყევი ვიყავი. ამიტომ ჩვენ ორში უფრო ის ეწირებოდა საკუთარ შიშებით განპირობებულ სადო-მაზოხისტურ მანევრებს. თუმცა, ჩვენ გარდა, განშორება უჭირდათ სხვებთან...
მარტის ერთ-ერთ ქარიან დღეს, როცა კატოსგან მოვდიოდი, არ მითქვამს, რომ კატომ საკუთარ კურსელ ბიჭთან გააბა ფლირტი პრაღაში და დარწმუნდა რა საკუთარ შეცდომაში სოფისთან დაკავშირებით, საქართველოში დაბრუნება და საკუთარი კულინარიული ცოდნის აქ გამოყენება გადაწყვიტა...
მივსეირნობდით მე, მეგი და თომა. მაგ დროისთვის მე და მეგი გაცილებით უფრო კარგი მეგობრები ვიყავით, ვიდრე ის და თომა და პრინციპში, მასთან მეტი სულიერი სიახლოვე და ურთიერთგაგება მაკავშირებდა, ვიდრე რომელიმე ჩემს მეგობართან... ჰო, თომას დახმარებით ძალიან ძვირფასი მეგობარიც შევიძინე... მეგის მეგობარი ბიჭის დიაგნოსტიკაში ვიყავით გართულები და მივსეირნობდით ღამის ქუჩებში...
- ტეო, მე ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთ, - მითხრა თომამ...
- რამე ხდება?
- არა. ერთი უმნიშვნელო საქმე მაქვს...
- რა ხდება?
- არაფერი. უბრალოდ, ცოტა ხნით გავალ და დავბრუნდები. ან ჯობია, სახლთან შეგხვდები ახლოს სადმე და მიგაცილებ... ოლეანდრებთან, მაგალითად...
- და რა ხდება, არ იტყვი?
- არაფერი-მეთქი. შენთვის არ აქვს მნიშვნელობა.
- მალავ?
- არ ვმალავ. შენ ვერ გაიგებ...
- რა არის ასეთი?
- ვერ გაიგებ რა...
- კარგი...
- ოლეანდრების ბაღში მოვალ...
- კარგი. - მაზრს ვერ ვხედავდი წინააღმდეგობის გაწევაში და საერთოდ, მგონია, ადამიანების უმრავლესობა ადრე თუ გვიან მაინც მისი მიდრეკილებების მიხედვით მოქმედებს და ქვეცნობიერიც ყოველთვის შესაბამისად აპროგრამებს პიროვნებას შესაბამისი მიმართულებით. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. ამიტომ უაზრობაა რამის დაჟინებული აკრძალვა და ბრმა შეზღუდვები. მიდგომა უნდა შეიცვალოს... ერთადერთი გზა დეფექტის აღმოსაფხვრელად, თუ მანკიერებებზეა საუბარი, აღიარებაა, "ამოქექვა", "გაყუჩების" სანაცვლოდ.
როცა თომასთან ურთიერთობა გავწყვიტე და პრაღაში წავედით, არცერთი წუთით არ მიცდია გრძნობების წინაშე ვყოფილიყავი ბრმა, თავი ამერიდებინა მასზე ფიქრისთვის. პირიქით, ყველაფერი გამოვამზეურე საკუთარი ეგოს წინაშე, ქრონოლოგიურად დავალაგე ფაქტები, შესაბამისი ახსნა მოვუძებნე და ვცდილობდი, მათთვის დამერქმია სახელები, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი მთავარი რამის გათვალისწინებით - მოვლენის ტრანსფორმაცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩემთვის საჭირო (სასურველი არა, საჭირო) ფორმით, ე.ი. ისეთი სახით, რომ გავთავისუფლებულიყავი...
...წარსულზე ფიქრისა თუ ზედმეტი, უსარგებლო კითხვებისა და მკითხაობისგან. მე ეს მოვახერხე. ცივი, რაციონალური და თამამი მიდგომით, მოვახდინე მისი კანონზომიერ, მაგრამ დამთავრებულ მოვლენად გარდაქმნა. ფიქრი მიმყავდა მიზანმიმართულად. ერთადერთი, რაც სრულყოფილებაში ხელს მიშლიდა, იყო ჩემი გრძნობა. შეიძლება გონებაში დაამყარო წესრიგი, მაგრამ ამას რა საერთო აქვს გულთან?.. მე, უბრალოდ, შევეჩვიე... ...მაგრამ აზრებიც რომ სწორი კუთხით არ მიმემართა და თავში ყოფილიყო ქაოსი, კითხვები, მკითხაობა, მე ვიცხოვრებდი ჯოჯოხეთში...
გრძნობას კი... იყოს... სტკიოდეს... ალბათ, გამიჭირდებოდა ამ მოვლენის გარეშე საკუთარი თავის პოვნა; ალბათ, უნდა გავბრაზებულიყავი, მქონოდა ძლიერი გავლენა, რომ უდარდელი, კედებიანი ალტრუისტი ასულიყო გარკვეულ გონებრივ პლატფორმაზე - დაფიქრებულიყო... ვფიქრობ ამაზე და მივუყვები ტროტუარს ოლეანდრებისკენ. ამ ბაღს ორი სხვადასხვა შესასვლელი აქვს.
მე იმ შესასვლელისკენ წავედი, რომლიდანაც ლოგიკურად არ უნდა შევსულიყავი. მივაბიჯებ ჩაბნელებულ, ჩემს სახლთან ახლოს ბაღში და ვხედავ ჩახუტებულ წყვილს. არასოდეს მიყვარდა ბაღები აი, ზუსტად ამიტომ და მით უმეტეს, ღამით. არ მიყვარდა კი არა, ლამის მძულდა. საერთოდ, გაპაპსებული ურთიერთობა და გრძნობებია ამაზრზენი ჩემთვის... სცენა ცოტა დრამატული მეჩვენება, ეს ბიჭი კი (გოგოს რომ ეხვევა), მეცნობა... თომა...
რამდენჯერ წარმომიდგენია, რას ვიზამდი ასეთ დროს... ვიღიმი, ოღონდ არა ხელოვნურად... მართლა მეღიმება... ჩავუარე... მშვიდად. არადა, სულ სხვაგვარად წარმომედგინა. წიხლები! გინება! თმებში წვდომა! სკანდალი! სად არის? არ არის... ძალიან დამეზარა...
- მოიცა, ტეო! - მშვიდად და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი... ვჩერდები. რატომ უნდა გავიქცე, ანდა? არ იმსახურებს ამხელა ემოციას, ისტერიკულ გარბენს, - ხომ ვთქვი, ვერ გაიგებ-მეთქი! აი, მარი, შენ წინაშეა მიზეზი, რის გამოც ვეღარ ვიკონტაქტებთ. ეს არის ტეო... - მარი ტრიალდება და გარბის... - ასე უნდა გაუშვა? გაეკიდე! დაამშვიდე! რამე უთხარი. დროზე! - იმდენად ვუთანაგრძნობდი და ვიყავი ისეთი მშვიდი, ბუნებრივი და მტკიცე, რომ დამემორჩილა. ნერვიც არ მიტოკდება.... როლები გავცვალეთ...
მერე იყო მთელი მელოდრამა, ახსნა-განმარტებები, პათეტიკა და თავისმართლება, რომ ცდილობს, სუფთა იყოს ჩემ წინაშე, გაწყვიტოს ყველა არასასურველი კავშირი, რომ უნდა მხოლოდ ჩემთან, მე ერთადერთი ვარ და ა.შ... ეტყობოდა, რომ არ ტყუოდა. ეტყობოდა, რომ მაღმერთებდა და მე ეს დავიმსახურე... საკმაოდ მატკინა გული, რომ სიხარულით ფრთები გამეშალა, არაფერს ვიმჩნევდი, მხოლოდ მამშვიდებდა მისი შეყვარებული თვალები და აღიარება...
...მერეც, როცა მორიგ ჯერზე განმიცხადა, ჩვენ შორის ყველაფერი მოკვდაო (ღმერთო რა ტრივიალურია), მეორე დღეს კი დილიდან მელოდა სამსახურის კიბეზე, რომ ეთქვა, უჩემოდ არ არსებობს. ვერაფერს იტყვი, ყოველთვის მხიბლავს მოულოდნელობები. ყველაფერს ცვლის სიურპრიზები და სპონტანურობა... ყველაფერი კარგი ჩემს ცხოვრებაში ხომ სპონტანურობის დამსახურებაა...
რამდენი მცდელობა იყო ჩემგან თავის დაღწევისა... მერე მოულოდნელი გამოჩენები, დაბრუნებები, ცრემლები (ჩემი არა!), ჩემი სხვა დროს... ბოლოს რეაქცია აღარ მქონდა, ლამის ვერთობოდი... რამდენი იყო რთული ეტაპი ჩვენს ურთიერთობაში.. ასაკი! მშობლები! სკანდალები! ჭორები! თითზე დახვეული ჩვენი არასტანდარტული ურთიერთობა...
დამსხვრეული სტერეოტიპები. გარე შემოტევების მთელი ციკლი, შეურაცხყოფების, ჩვენი ერთობის დამახინჯების არაერთი მცდელობა, ყველაზე ახლო ადამიანების უეცრად მტრებად გარდასახვა, დაკარგული მეგობრები, სიბილწე... ის იდგა ჩემთან ზუსტად ისე, როგორც იმ ღამით, როცა თოვლში ბევრჯერ დავეცი და მე ვიჯექი მის გვერდზე, ჩემი შავი და დამტვრეული ფრთებით ზუსტად ისე, როგორც მის ზმანებაში...
იყო ხარვეზები და იყო სიგიჟე, ჩვენ ირგვლივ დატრიალებულ ჭუჭყს შორის აფეთქებები, მაგრამ ყოველთვის, ყველაფრის მიუხედავად, ზუსტად ვიცოდით, ჩვენი განცალკევება შეუძლებელია. ამ ქარტეხილებში არცერთი წამით ეჭვი არ შეგვპარვია ამაში, არც მე და არც - მას. ქარი ქროდა და ჩვენ უფრო მაგრად ჩავჭიდეთ ხელები ერთმანეთს...
იცით, რომ შეყვარებული ადამიანი ყოვლისშემძლეა და თუ ყოვლისშემძლე არ არის, ე.ი. არც შეყვარებული არაა... სიყვარული შემოქმედია და იტევს იმ ყველაფერს, რასაც პავლე მოციქული მის მეცამეტე ეპისტოლეში წერს... მაგრამ ერთხელ თუ დაგვავიწყდა, რომ ყვავილისთვის მიწაა გასაფხვიერებელი, ქოთანი გამოსაცვლელი, მზისკენ გვერდი შესაცვლელი, ბოლოს და ბოლოს, მას სჭირდება წყალი და სინათლე...
გასაგებია, რომ ულამაზესია, მაგრამ ის შეიძლება გახმეს... ადამიანებს ხშირად გვავიწყდება, მოუცლელობასა და უდროობაში მთავარი და ჩვენ გვიან ვხვდებით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დავკარგეთ. დანარჩენი კი ფაფხურია...
ერთხელ, როდესაც თომა სახლში ძალიან დაღლილი მოვიდა და ჩემმა იმ დღის ფოტოებმაც არ ივარგეს (მე ხომ პრაღაში არ დავბრუნდი და დანაზოგი თანხით თბილისში სტუდია გავხსენი), თომას ვუთხარი: "დიდი ხანია წერილებს აღარ მწერ". მან მიპასუხა, რომ ძალიან იღლება სამსახურში და ამ დღეებში აუცილებლად დამიწერს წერილს ძველებურად... მე კი გულში ყველა სიმი ჩამწყდა, რადგან მისთვის ამის შეხსენება გახდა საჭირო და რადგან აღარ მახსოვდა, ბოლოს როდის წამიკითხა რაიმე ძილის წინ...
...და, რომ ყველაფერი ასეთ ბრტყელ ფორმას იღებდა. ამიტომ ქურთუკი ავიღე და კარი გამოვიხურე... ყველაფერი ნათელი იყო... მან თვალებში ამოიკითხა... მთელი ღამე ქუჩაში დავდიოდი და ვფიქრობდი, ეს კრიზისი იყო თუ დასასრული!.. დილას დაქანცული დავბრუნდი სახლში და ერთადერთი, რაც მსურდა, თომას თვალების ხილვა იყო.
მაგიდაზე წერილი დამხვდა: "მე წავედი...". ეს ფრაზა თითქოს ყველასთვის იყო. დავიწყე მის ტელეფონზე რეკვა და ვრეკავდი მთელი დღე გამორთულ მობილურზე. ვიცოდი, რომ ისევ ლაშქრობას გულისხმობდა, მაგრამ ახლა და ასე? ძალიან მეწყინა... იქნებ სჯობდეს კიდეც, დაფიქრდეს, განიტვირთოს, მაგრამ ასე? და მე? ეს ხომ ეგოიზმია! ის, რისთვისაც ჩვენი ერთად ყოფნისას არასდროს გავუმეტებივარ...
ეს თომას არ ჰგავდა! მიჭირს წერა და აზრების ისე დალაგება, რომ დავიცვა ზღვარი იაფფასიან და ნამდვილ დრამას შორის. ყველაზე სწრაფად მინდა ამ მონაკვეთის მოყოლა. ორი დღე მესიზმრებოდა, რომ თომასთან დავრეკე, რომ ზარი გავიდა. ორი დღე ვჩურჩულებდი ჩემს თავთან, როგორ უნდა მეთქვა, რომ ბედნიერი ვარ მასთან, ჩემს ერთადერთ და ჭეშმარიტ სიყვარულთან. ანუ სიტყვები, რომლებსაც ხშირად მიმეორებდა...
მე აბსტრაქტულად ვცდილობდი, ხმა მიმეწვდინა, მისი მშობლები კი - რეალური გზით... ეძებდა ყველა... მატულობდა თოვლი... როგორც მაშინ... საერთოდ არ ვნერვიულობდი. ჯერ ერთი, ის ხომ თომაა და მეორეც - მერე მე? მას რომ რამე შემთხვეოდა, მერე მე? ასეთი რამე ბუნებაში არ დაიშვებოდა!
მშვიდად ველოდი დროს, როცა ყველაფერს ვეტყოდი, რაც გონებაში მიტრიალებდა... ვფიქრობდი და ვიხსენებდი იმას, რაც ერთად გამოვიარეთ... როგორ გავზრდილვართ... მიხარია, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ერთად და გულით... მესამე დღეს ტელეფონმა დარეკა: თომა იპოვეს! რა თქმა უნდა, იპოვეს... იმასაც რა თქმა უნდა, რომ ასეთ ამინდში აფექტში მთაში გაქცევა არ იყო სწორი და მით უფრო, არ ეპატიებოდა თომას. ამასაც ვეტყვი-მეთქი, რომ ვნახავ...
ვრეკავ მასთან, რომ გავიგო, სად არის ახლა და ნერვები მეშლება, ისევ გამორთულია. ყოველთვის პანიკა მეწყებოდა ასეთ დროს... ვჯდები ტაქსიში და მისი მშობლების სახლში მივდივარ... ეზოში ქაოსია!.. თომა იპოვეს... ის თოვლში გაყინულ სხეულში ამოიცნეს...
...ამაზე არ წერენ! ამაზე წერა არ შეიძლება! ამას არც გრძნობენ! ვერ გრძნობენ ამას! ვერც ამას და ვერც ვერაფერს! თომამ მითხრა, რომ... თომამ მითხრა, როცა ადამიანი იწვის... როცა ადამიანი იწვის ის... ის გარკვეულ ცელსიუსზე... ჰო, გარკვეულ ტემპერატურაზე კარგავს მგრძნობელობას! ...და იწვის! უბრალოდ, იწვის! მორჩა!
*
ფენიქსი! ფენიქსი იწვის და აღსდგება! ღმერთო! რა ბედნიერებაა, რომ არსებობს რაღაც, რაც დაწვის შემდეგ ცოცხლდება და უფრო ლამაზია! თომაც ასე დაიბადა... ...და შეიძინა სიცოცხლე არსებობამ... ჩვენ შევხვდით ერთმანეთს თოვლში და ასე დაიბადა ახალი სუნთქვა... ძველი კი იქ დარჩა...
*
- რატომ ამთავრებ ნოველას ასე? - ფინჯანს მაწვდის, ფურცლებს ხელში იღებს და ჩვეული ინტერესით კითხულობს.
- უბრალოდ, მინდა, სიმართლე ასეთი ფორმით ვთქვა და შევეხო სისათუთეს... ჩვენ ხომ თოვლში ვიშვით. ჩვენი ძველი და უღიმღამო, უსიყვარულო არსებობისგან შევიქმენით. ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმეჯერ კვდება და ცოცხლდება... ასე არაა? ეს ვიგულისხმე...
- მერჩივნა, დაგეწერა, სინამდვილეში როგორც იყო...
- კარგი, დავწერ, უფრო სწორად, უკვე დავწერე... - ამ დიალოგს ვკრეფ, ე.ი. არც ნოველა დამიმთავრებია ჯერ...
- დაწერე!
- აი, სიტყვასიტყვით ვწერ: სინამდვილეში იმ დღეს ორ საათში დავბრუნდი სახლში, მერე კი დილამდე მშვიდად გვეძინა...
კარგი, რა... ნუ გემძიმება... სინამდვილეში სასიამოვნო და პოზიტიურია იმის გააზრება, რომ შენ ცოცხალი ხარ და არ მოკვდი პირდაპირი გაგებით. უბრალოდ, ახლებურად დაიბადე... სიყვარული გეწვია, რა...
- ხო, ჩვილი ვარ და ძუძუ მინდა... - ეცინება და გამჟღავნებულ ფირს შუქზე უყურებს, ყველა... ერთი ხარვეზიც არაა...
- ეს იმიტომ, რომ ახალი წელი ჯადოსნური დღეა და მე მინდოდა, რომ განწყობა გადმოეცათ ფაქტებს...
- ბოლო მართალია, ეს იმიტომ, რომ შენ გინდოდა, - სკამზე მიჯდება, სახეს ჩემს თმებში რგავს და ხარბად ყნოსავს, -დილას რომ წერილი დაგიწერე, ნახე?
- არა. სად?
- წიგნზე.
- ვაიმე, რომელზე? ჩემსაზე თუ შენსაზე?
- "ვაიმე" შენსაზე...
- თუ შენზე?
- ჩემს წიგნზე, რომელსაც ახლა კითხულობ...
- ...და რომელიც პოს აქვს თავის ლოგინში შეთრეული.
ძაღლი გაოცებულია ფაქტით, თუ რატომ ულაგებს ორივე პატრონი საწოლს ასე გულდასმით.
-აი, ვიპოვე: "ისე მშვიდად გძინავს, აღარ გაგაღვიძე იმის სათქმელად, რომ ძაღლს გავასეირნებ და მოვალ...". დაიცა, ამ წერილზე მეუბნებოდი?
- წაიკითხე ბოლომდე.
- "...ჩემი არსებობის მთავარო მიზეზო, მიყვარხარ!..". მააადლობა, მეეც... მაგრამ მეგონა, რამე "ისეთი" მომწერე... აი, ყოველდღე რომ არ ამბობ...
- ბოლომდე წაიკითხავ?
- "...მიყვარხარ და ყველაზე დიდი კრეტინი ხარ. კრაბის სალათა შაქრიანია! კრეტინო! რამდენჯერ შეიძლება შეგეშალოს მარილი შაქარში?" პრინციპში, ეს არის სიახლე...
- ბოლოში, ბოლოში...
- "ხო და შაბათის სპექტაკლზე მარტო მე მივდივარ. შენ რჩები სახლში და მეცადინეობ. სწავლობ შაქრისა და მარილის ერთმანეთისგან გარჩევას; ხახვის უსისხლოდ დაჭრას; ქვაბის ხელის დაწვის გარეშე გადმოდგმას და სხვა...". რა კრეტინი ხარ. მომე ბილეთები!
- არა!
- დროზე!
-არა! - ოთახიდან გარბის, ფეხი უსრიალდება, ეცემა (არადა, არ მივდევ), ფორთხვით დგება და სხვა ოთახში შერბის, აქოშინებული და ლოდინით სავსე, დარწმუნებულია, რომ გავეკიდები... მე კი, სანამ არ მხედავს, ვიღებ მის ქურთუკს, ჯიბეში ვპოულობ ორ ბილეთს, ჩემი შარვლის ჯიბისკენ ვამისამართებ, არ ვიმჩნევ და მასთან მივდივარ. შევდივარ ოთახში, ჩემი ბავშვობის საწოლზე ვჯდები. ზღვიდან ნოტიო ჰაერი უბერავს. ჩემკენ ტრიალდება და ამბობს:
- ის ეპიზოდი გამახსენდა შენი ნოველიდან, თომა რომ ტეოს აჩვენებს მის სახლში დაკიდებულ შენს სურათს, რომელშიც თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ ისევ შენი ბავშვობის ლოგინზე ზიხარ...
...სამშობლოში დაბრუნებული! კარგი ფოტო გამომივიდა, არა?!
გახსოვს ეს მონაკვეთი?
-კი. "მე რომ წერა მიყვარს, ჩემი გენების ბრალია... მე რომ ვწერ - შენი..."
ვუყურებთ ერთმანეთს... ვუყურებ მას... ვხედავ, როგორ ხტება სკამზე მხიარულად, სკამიდან სავარძელზე, მაგიდაზე, ამდენი ხნის მერე სრულიად უცვლელი ჩემი სიყვარული... ვუყურებ და ვიცი, რომ სულ ეს არის!
სულ ის არის ჩემი სრულყოფილება...
ჰო... ასეა... ...და სულ ეს არის...
*
დასასრული