სექტემბერი მთლიანობაში დაძაბული პერიოდი იქნება. ამ თვის პირველივე დეკადიდან საგრძნობი იქნება ცვლილებების აუცილებლობა, რადგან ცვლილებებისა და აქტიური მოქმედების გარეშე სათუო გახდება ჩანაფიქრის რეალიზება.
მზე-იუპიტერის სასიკეთო ასპექტის გავლენით სექტემბრის პირველ დეკადაში გაიზრდება სასიკეთო ცვლილებები. ადამიანებს მიეცემათ თავიანთი ნიჭისა და უნარის "გახსნისა" და გამოვლენის შესაძლებლობა. ეს ტენდენციები, თავის მხრივ, სასიკეთოდ აისახება პროფესიულ საქმიანობასა და ფინანსურ შემოსავლებზე.
ურანი-თეთრი მთვარის ასპექტი, რომელიც თითქმის სექტემბრის განმავლობაში გაგრძელდება, ადამიანებში გაააქტიურებს ალტრუიზმს, ახალი კავშირების დამყარებისა და პრობლემების ორიგინალურად გადაწყვეტის შესაძლებლობებს.
ურანი - პლუტონის უარყოფითი ასპექტი მიანიშნებს, რომ გაზაფხულ-ზაფხულში მსოფლიოში დაწყებული პროცესები სექტემბერშიც გაგრძელდება და სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებს, თავისუფლებისა თუ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას კვლავ ძალადობრივი ფორმა ექნება.
სექტემბრის პირველი დეკადიდან გაიზრდება კონფლიქტებისა და ავარიების ალბათობა. სიფრთხილის გამოჩენა მართებთ სპორტსმენებსა და სამხედო პირებს, რადგან მნიშვნელოვნად მოიმატებს ტრავმებისა და უბედური შემთხვევების რიცხვი (განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ ვერძის - მესამე, ლომის - მეორე და სასწორის მეორე დეკადაში დაბადებულები).
12 სექტემბერს (სავსემთვარეობა) და 27 სექტემბერს (ახალმთვარეობა) მოიმატებს შეცდომების დაშვების და სიტუაციის გართულების ალბათობა. ამ დღეებში არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება, საბუთების გაფორმება და ქირურგიული ოპერაციები.
9 სექტემბერს პლანეტა მერკური ქალწულის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და ადამიანების აზროვნება უფრო ანალიტიკური, თუმცა კრიტიკული გახდება. ეს კარგი პერიოდია წარსულის ანალიზისა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
15 სექტემბერს პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს სასწორის ზოდიაქოში და შედარებით გაიზრდება საქმიანი თუ სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობების დაწყების, აგრეთვე, ფლირტისა და ქორწინების ალბათობა.
19 სექტემბერს პლანეტა მარსი ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რაც სასიკეთოდ იმოქმედებს შემოქმედებით და კრეატიულ ადამიანებზე. ამ პერიოდში გაადვილდება ლიდერის თვისებების გამოვლენა.
23 სექტემბერს შემოდგომის დღეღამტოლობაა (ბუნიაობა). ამ დღეს მზე ზეცის სამხრეთ ნახევარსფეროში გადაინაცვლებს.
ასტროლოგი რამაზ გიგაური
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ხუთშაბათობით)