– ელე, რა მოხდა?! – გიორგი კი, აღელვებული რომ შევიდა შიგნით და მისი სახე ხელებში მოიქცია, ელენემ მეტს ვეღარ გაუძლო. ნიკაპაკანკალებულმა ძლიერად იკბინა ტუჩზე, როგორმე თავი რომ შეეკავებინა, თუმცა მაინც არ გამოუვიდა და საბოლოოდ ისე ატირდა, ვერც გაიაზრა, როგორ აღმოჩნდა უფროსის მხარზე თავჩამოდებული.
საკმაოდ დიდხანს იყო ძლიერი, ახლა ასეთი სისუსტის მომენტი რომ ჰქონოდა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. ვერც ცრემლებს, ასე თავხედურად რომ უსველებდნენ სახეს და ისე ტიროდა, აშკარა იყო, კარგახანს ვერც გაჩერდებოდა. გული ამოუჯდა და ხმამაღალ სლუკუნზე გადავიდა, დარასელმა კი, დივანზე რომ ჩამოსვა და თვითონაც, გამოცდილი ფსიქოლოგის პოზაში მიუჯდა გვერდით, სანამ დამშვიდებას დაუწყებდა, თვითონვე დაასწრო.
– აღარ შემიძლია მეტი... დავიღალე, მეტს მართლა ვეღარ ვუძლებ! – სახეზე აიფარა ხელები, როგორმე რომ დამშვიდებულიყო. არაფერი გამოსდიოდა, ვერაფრით წყნარდებოდა. სულ არ უნდოდა სამსახურისა და პირადის ერთმანეთში არევა, მით უმეტეს, ასეთი დოზით, მაგრამ თავის ხელში აყვანას ვერ ახერხებდა და ამაზე გაბრაზებულს, კიდევ უფრო ეტირებოდა.
– ელე, რამე ისეთი მოხდა, მე რომ დაგეხმარო? მითხარი, გთხოვ, მაშინებ უკვე!
– იცი, რამდენ ხანს ვცდილობდი მის დავიწყებას?! არ იცი! არც ის იცი, როგორ ვწვალობდი, როგორ მიჭირდა უმისოდ ყოფნა! არავინ იცის! ყველას ჰგონია, რომ მე ვარ ცუდი, ეგოისტი და დამნაშავე! – ბოლთის ცემას მოჰყვა ოთახში. თითქოს, სივრცეც კი აღარ ჰყოფნიდა უკვე. – ყველა მე მადანაშაულებს! თურმე, ბავშვი არ გავითვალისწინე და მამას დავაშორე!
– შენ და დემნამ იჩხუბეთ? – სახე შეეცვალა დარასელს.
– მის გარდა, მგონი, უკვე ყველასთან ვიჩხუბე! ყველას გულს ვტკენ, თავსაც კი ვეღარ ვაკონტროლებ, ისე მოქმედებს ჩემზე. მაგრამ მართლა არ შემიძლია. არ შემიძლია ვუყურებდე და ვაცნობიერებდე, რომ ეს ჩვენ დაგვემართა! არ შემიძლია ვაღიარო, რომ მორჩა, დამთავრდა! და თან, მე დავამთავრე!
– შერიგება გინდა, ელე?
– არა! ახლა სულ არაა მნიშვნელოვანი, მე რა მინდა. სურვილებს რომ ავყვე, ამქვეყნად ყველაზე სუსტი ქალი ვიქნები, ეს კი არ შეიძლება. შვილი მყავს, გიორგი, გესმის?! ვალდებული ვარ, ლილუზე ვიფიქრო, ვალდებული ვარ, რომ ის გავითვალისწინო! ვერ მოვიქცევი ისე, როგორც მე მინდა, თუ ეს ჩემს შვილს ზიანს მოუტანს.
– ელენე, მართლა ვერ ვხვდები, რას ლაპარაკობ... მე როგორც შევატყვე, მამა-შვილს კარგი ურთიერთობა აქვს. ვცდები?
– არა, რა სისულელეა, მართლა სიცოცხლეზე მეტად უყვართ ერთმანეთი, მაგრამ... ჯანდაბა, ნეტავ შემეძლოს ყველაფრის მოყოლა... – ამოიოხრა და ძალაგამოცლილი დაენარცხა დივანზე. საკუთარი მშობლებისა და ნინასთვისაც კი არ უთქვამს სიმართლე, ამ კაცს როგორ უთხრას?!
– არ მენდობი? – გიორგიმ კი, ისე ჩამოადო მხარზე ხელი, აშკარა იყო, ყველაფერში დაეხმარებოდა, რაც უნდა დასჭირვებოდა...
– ეგ არაფერ შუაშია... უბრალოდ...
– ელე, მომისმინე... – ყოყმანი რომ შეატყო, დიდხანს აღარ აცადა, სრულიად მოულოდნელად მოიქცია ქალის სახე ხელებს შორის და ისე ჩახედა თვალებში, თითქოს ასე ცდილობდა მის დარწმუნებას. – ჩემი იმედი ყველაფერში გქონდეს, გასაგებია? არ მაინტერესებს, რა მოხდა ან რა შეგეშალა. არ მაინტერესებს, შენი ბრალია თუ არა. მე ყველაფერში დაგეხმარები და იცი, ეს მხოლოდ სიტყვები რომ არ არის. ისიც იცი, რამდენი რამის გაკეთება შემიძლია, თუ მოვინდომე. ამიტომ გთხოვ, მითხარი, რა არ გაძლევს მოსვენებას, მე შენ გვერდით ვარ და შეგიძლია, მენდო...
– მე... მე და დემნას... – დაიწყო არეულად. ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დარწმუნებული, შეძლებდა თუ არა ამ ამბის გაჟღერებას. – ორი წლის წინ, ჩვენ... – და საბოლოოდ, მაინც არ აცადეს იმის თქმა, ძლივს რომ გადაწყვიტა, გულიდან ამოეღო და ვინმესთვის მაინც გაეზიარებინა. და როგორი ირონიულიც უნდა იყოს, საუბარი სწორედ დემნას ზარმა გააწყვეტინა.
მოულოდნელობისგან ისე შეკრთა, ვერც ის მოიფიქრა, გიორგისთვის მოებოდიშებინა, სანამ უპასუხებდა და არც სხვა ოთახში გასვლა მოსვლია თავში აზრად. უფრო მეტიც, ის მირეკავსო, ისე საწყლად ამოიტირა, თითქოს, ბავშვობის დაქალს ეჭორავებოდა და შემდეგ მაქსიმალურად ეცადა, ხმა ოდნავ მაინც დაემშვიდებინა, სანამ სენსორს თითს გადაუსვამდა.
– დემნა? რა ხდება?!
– ნუ ღელავ, მშვიდობა გვაქვს. – მოესმა ნაცნობი ჩაცინება და სუნთქვაც კი შეეკრა მომენტალურად. – ლილუს დედიკო მოენატრა და ვიცოდით, ამ დროს რომ მაინც არ ეძინებოდა...
– ახლა გაეღვიძა? თუ საერთოდ არ დაუძინია? იტირა? – ისე აღელდა, ფეხზეც კი წამოდგა. საერთოდ დაავიწყდა, ოთახში მარტო რომ არ იყო.
– ქალი პანიკა ხარ რა, ლენა! – და კვლავ ეს ჩაცინება... ჯანდაბა, უკვე მეტისმეტია! ასეც არ შეიძლება!
– მუცელი ხომ არ ასტკივდა? აბა, რატომ არ სძინავს ამ დროს ბავშვს?
– ყველაფერი კარგად აქვს, მუცელიც, თავიც, ხელ-ფეხიც, მთელი, ჯანმრთელი და საღსალამათია. არც ტირის, დედამისისგან განსხვავებით!
– არც მე არ ვტირი! – გააპროტესტა სასწრაფოდ.
– და არც იტყუება...
– გეყოფა!
– ყოველთვის ცუდი მატყუარა იყავი, ლენ... – ამოიოხრა შეცვლილი ხმით, შემდეგ კი, ისღა დაამატა, დაელაპარაკე, თორემ არ იძინებსო და მობილური ლილუს მიაწოდა...
* * *
მთელი საღამო ეკლებზე იჯდა ელენე. ჯვრისწერისას თუ არაფერს იმჩნევდა და ისე იქცეოდა, თითქოს არც ადარდებდა, რესტორანში რომ მივიდნენ, იგრძნო, ნელ-ნელა როგორ ეხუთებოდა სული. პირდაპირ ტვინში ურტყამდა ყველა მილოცვა, ყველა სადღეგრძელო, პატარძლის ნაზი ღიმილი და სიძის გამოცლილი ყანწი. კბილებს აჭერდა ერთმანეთს, სიბრაზე რომ როგორმე ჩაეხშო და ის კიდევ უფრო აწუხებდა, რომ ხვდებოდა, ცოტაც და ბრაზი უკვე წყენაში გადაუვიდოდა. ლუკას მეგობრებიც ნახა. მანამდეც იცნობდა, თუმცა ეს შეხვედრა ზედმეტად ფორმალური გამოდგა და უნდა ითქვას, ამ სიტუაციიდანაც დემნამ გამოაძვრინა. მთელი საღამო არ მოშორებია. ისე ექცეოდა, უცხო თვალი ეჭვსაც კი ვერ შეიტანდა მათი ურთიერთობის რეალურობაში.
– ლენა, ნუ იტანჯავ თავს, საკმარისია!
– ცოტაც... – ძლივს უპასუხა, იმდენად აიტანა ემოციებმა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რაღატომ ჩერდებოდა ამდენ ხანს, მით უმეტეს, თანდათან უფრო და უფრო ცუდად რომ გრძნობდა თავს. თუმცა, იმ მომენტში ვერც კი წარმოედგინა, მთავარი ჯერ კიდევ წინ თუ ჰქონდა...
– სიძეს ერთ ცეკვას არ აჩუქებთ? – ჩაესმა მოულოდნელად უკნიდან და დემნამ რომ შენიშნა, როგორ აუკანკალდა ნიკაპი, სანამ რამეს უპასუხებდა, წამოიწია კიდეც, თუმცა ისევ ელენეს ხელმა შეაჩერა, მკლავზე რომ მოეჭიდა.
– წინააღმდეგი ხომ არ იქნები? – შემდეგ კი, ისე გახედა „შეყვარებულს“, აშკარა იყო, მხოლოდ ლუკასთვის საჩვენებლად დადგა ეს მასკარადი.
მუხლებაკანკალებული გავიდა საცეკვაოდ. მართლა მაზოხიზმის ტოლფასი იყო ეს საქციელი, თუმცა, თითქოს უნდოდა, ბოლომდე დარწმუნებულიყო... ვერაფრით პოულობდა მიზეზს, რატომ უნდა გაეკეთებინა ლუკას ეს მისთვის. ერთად მართლა კარგად გრძნობდნენ თავს. ჩხუბითაც კი არ დაშორებულან, უბრალოდ, ბოლოს ბიჭს ზედმეტად შეტოპვა მოუნდა, ელენე კი, სათანადოდ არ იყო საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი რომ გადაედგა... მშვიდად აუხსნა ყველაფერი და ეგონა, გააგებინა კიდეც. თუმცა ახლა... ახლა იდგა და თავის ყოფილ შეყვარებულს, აწ უკვე სხვა ქალის ქმრად წოდებულს ისე ეცეკვებოდა, აშკარად გრძნობდა, სრულიად სხვა ადამიანი ჰყავდა წინ.
– გატყობ, მალე იპოვე ახალი... – ჩაილაპარაკა ბიჭმა და წელზე შემოხვეული ხელი საგრძნობლად შეამჭიდროვა. ზედმეტად შემთვრალი იყო საიმისოდ, ისიც რომ გაეთვალისწინებინა, მარტონი რომ არ იყვნენ. აი, ლენამ კი, მისი სიმთვრალე ვერც შეამჩნია, თვითონაც იმდენად იყო ემოციებისგან გაბრუებული.
– შენს ქორწილში მაინც არ ვიყოთ, ლუკა... – ჩაეცინა ისე, ატყობდა, სულ ცოტაც და ცრემლების შეკავებას ვეღარ შეძლებდა.
– შენ უარი მითხარი იმაზე, რაზეც ეს დამთანხმდა...
– ჩემთვის ქორწინება არც შემოგითავაზებია! – გააპროტესტა გაკვირვებულმა.
– მერე, ქორწინებას ვინ გულისხმობს?! – ცალი წარბი აუწია და სწრაფად დაატრიალა, უკან დაბრუნებულს კი, კიდევ დაუმატა. – უნდა გეცადა, გამოცდილებას მაინც მიიღებდი და ახალთან გამოგადგებოდა.
– ნაძირალა ხარ! – მიახალა გამწარებულმა და თვალის კუთხით რომ შენიშნა, როგორ დაიძრა ხერგიანი მათკენ, ვეღარაფრით მოახერხა მოწოლილი ცრემლების უკან ჩაბრუნება.
– პატარძლის დიდხანს მარტო დატოვება არ შეიძლება. – ისე მოუჭრა დემნამ, ზედაც არ შეუხედავს და შემდეგ აცრემლებული ელენე ისე მიიკრა, სხვებს რომ ვერ მოეხერხებინათ ამ მცირედი ინციდენტის დანახვა...
გრძნობდა, როგორ კრთოდა მის მკლავებში მოქცეული გოგონა და ნერვები ეშლებოდა, აქამდე რომ არ ჩაერია. არადა, თავიდანვე ხომ შეატყო, რითაც დასრულდებოდა ყველაფერი?! არ უნდა მიეცა უფლება, თავი ასე დაეტანჯა, მაგრამ არც წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო. როგორ ჩარეულიყო, როცა არაფერს წარმოადგენდა?! თვითონ უკეთ იცოდა ელენემ, რა უნდოდა და არც ისეთი პატარა იყო, გადაწყვეტილების მიღება რომ გასჭირვებოდა.
– მორჩა, ნუ ტირი... – უჩურჩულა და მოშიშვლებულ ზურგზე დამამშვიდებლად დაუსვა თითები, თუმცა აშკარაა, სხვა ეფექტი უფრო ჰქონდა, რადგან გოგონამ, სრულიად შეცვლილი მზერით ახედა. ისეთი თვალებით უყურებდა... როგორ მდგომარეობაში აღარ ენახა ამ ბოლო დროს, თუმცა ასეთი აქამდე არ ყოფილა...
– რაღაც უნდა გთხოვო და უარი არ მითხრა! – მოულოდნელად შეეცვალა ხმაც და ხერგიანი იმასაც მიხვდა, ეს რომ კარგს არაფერს ნიშნავდა.
– წავიდეთ?
– შემისრულებ?
– ნუ, თუ ის უნდა მთხოვო, ლენა აღარ დამიძახოო, უარის თქმა მომიწევს... – ჩაეცინა და ეცადა, როგორმე ამით მაინც მოეყვანა ხასიათზე, თუმცა ელენე არაფრის დიდებით წყვეტდა მზერით კონტაქტს.
– დემნა, შემისრულებ?
– მითხარი... – ამოიოხრა ბოლოს.
– მაკოცე! – თუმცა მოსმენილმა ლამის აიძულა, შოკირებულს შეეშვა ხელი და თვალებგაფართოებული გასცლოდა. ყველაფერს ელოდა, ამის გარდა! ვერც კი წარმოიდგენდა, მით უმეტეს, ასეთ სიტუაციაში. ძლივს მოახერხა თავის ხელში აყვანა და საბოლოოდ, ელენეს ნათქვამი მის გონებამდე რომ დავიდა, მხოლოდ უცნაური ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეებში...
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება პარასკევს